ლია გელაშვილი
ლუმსას უნივერსიტეტი, რომი (იტალია)
ლია გელაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია, რომელმაც Erasmus+ ICM პროგრამით 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი რომში, ლუმსას უნივერსიტეტში ისწავლა. საბაუნიში დაბრუნებული ლია თავის გამოცდილებას გვიზიარებს.
1. ლია, რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინები ამ პროგრამასთან დაკავშირებით
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის განსაკუთრებულ ძლიერ მხარეს ინტერნაციონალიზაცია წარმოადგენს, რომლის ფარგლებში ყველა საფეხურის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს სასწავლო მობილობით სხვადასხვა სახელმწიფოს პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლის ან/და კვლევის შესაძლებლობას აძლევს. მე, როგორც საბაუნის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა, არჩევანი იტალიის რესპუბლიკის დედაქალაქში, რომში მდებარე ლუმსას უნივერსიტეტზე შევაჩერე. აღნიშნული განპირობებული იყო რამდენიმე მიზეზით. კერძოდ, რომის მრავალსაუკუნოვან უნიკალურ ისტორიას უშუალოდ ვეზიარებოდი. ასევე, საზღვარგარეთ სწავლით შევიძენდი ახალ ცოდნასა და საერთაშორისო გამოცდილებას ჩემი მიმართულებით, დავესწრებოდი კვალიფიციური პროფესორების სასწავლო კურსებს, შევიძენდი ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში დამკვიდრებულ კვლევით უნარებს, გავიფართოვებდი კონტაქტების ქსელს და დავხვეწდი პერსონალურ და პროფესიულ უნარ-ჩვევებს. შესაბამისად, ლუმსას უნივერსიტეტში ერაზმუსის გაცვლითმა პროგრამამ ზემოაღნიშნული ყველა მოლოდინი, რომელიც საწყის ეტაპზე გამაჩნდა, გამიმართლა და დადებითი ზეგავლენა მოახდინა ჩემს პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე.
2. რა იყო მთავარი ბენეფიტი თქვენთვის ამ პროგრამიდან?
ერაზმუსის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობით ბევრი ბენეფიტი/სარგებელი მივიღე როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული განვითარების მხრივ. ლუმსას უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად შესაძლებლობა მქონდა საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორის ასისტენტი ვყოფილიყავი, რამაც ჩემთვის განსაკუთრებით მიმზიდველი და საინტერესო გახადა მობილობის პროცესი. გამოვარჩევდი ახალი ცოდნის მიღებას, საერთაშორისო კონტაქტების ქსელის შექმნასა და ლუმსას უნივერსიტეტის პროფესორის ასისტენტობის შესაძლებლობას. ლუმსას უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი პროფესორებისგან შესაძლებელი გახდა მიმეღო თანამედროვე ცოდნა, გავცნობოდი დარგში უახლეს კვლევებს, სხვადასხვა ქვეყნისა და კორეპერების ელჩების, მრჩევლების, სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების შესაბამის სტრუქტურებში დასაქმებული პირებისგან მივიღე ინფორმაცია კონკრეტული პოლიტიკების შექმნისა და განხორციელების შესახებ, საერთაშორისო სისტემაში მიმდინარე პროცესებისა და მოვლენების უსაფრთხოებისა და სტატეგიული დაგეგმარების ჭრილში გაანალიზების შესახებ.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მაღალკვალიფიციური ლექტორებისგან მიღებულმა ცოდნამ და შეძენილმა უნარ-ჩვევებმა შესაძლებლობა მომცა საზღვარგარეთ სწავლისთვის დამახასიათებელი გამოწვევები და დაბრკოლებები შესაძლებლობებად მექცია, განმევითარებინა საკუთარი აზრის არგუმენტირებულად ჩამოყალიბების უნარები დიდი და განსხვავებული შესაძლებლობებისა თუ კულტურული მახასიათებლების მქონე აუდიტორიის წინაშე აზრის დაფიქსირებისას, საკუთარი მოსაზრების დამაჯერებლად და საჭიროების შემთხვევაში, არგუმენტირებული მსჯელობით განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანთან ან/და ადამიანების ჯგუფთან პოლემიკასა და დისკუსიაში შესვლისა და კვლევისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.
გარდა ამისა, საბაზისო დონეზე შევისწავლე იტალიური ენა, რომლის სრულფასოვნად შესწავლას ვგეგმავ.
3. რომელი პერსონალური უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ ეს პროგრამა?
Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განმივითარდა როგორც პერსონალური, ასევე პროფესიული უნარ-ჩვევები. პერსონალური უნარებიდან გამოვარჩევდი შემდეგს: გამძლეობა - ენობრივ ბარიერებთან, კულტურულ განსხვავებულობასთან და სხვა გამოწვევებთან გამკლავება. გავხდი მეტად ღია ცვლილებების მიმართ და განვივითარე ახალ გარემოსთან და მოთხოვნებთან, რომლებიც მუდმივად არასტატიკურია, სწრაფად ადაპტირების უნარები.
სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლებთან კომუნიკაციამ შესაძლებლობა მომცა მეტად ფართოდ მეაზროვნა რიგი საკითხების მიმართ, რამაც მრავალფეროვანი იდეების მიმართ მიმღებლობა გაზარდა. კულტურული ცნობიერების გაზრდა, რომლის ფარგლებში გამეზარდა პატივისცემა და მიმღებლობა სხვადასხვა კულტურული ფონისა და პერსპექტივის მიმართ, რამაც ხელი შეუწყო ჩემს ეფექტურ კომუნიკაციასა და ინკლუზიურობას სხვადასხვა გარემოში.
4. რომელი პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ ეს მობილობა?
პროფესიული უნარებიდან კი გამოვყოფ დროის მენეჯმენტის უნარების განვითარებასა და გაღრავებას, როდესაც თანამედროვე საზოგადოებაში და მითუმეტეს, რომში, სადაც პროცესები და მოვლენები ხასიათდება არასტატიკური მიმართულებით, მუდმივად ცვალებადია და საჭიროა დროის პულსის მართვა, პრიორიტეტიზაცია და ამოცანების ეფექტურად დალაგება დროის საუკეთესოდ გამოყენების მიზნით, ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, გავიცანი ჩემი კვლევის სფეროს მრავალი პროფესიონალი და გავიფართოვე პროფესიული ქსელი.
5. რა მოგენატრებათ ყველაზე მეტად?
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მომენატრება იტალია, როგორც უნიკალური ისტორიის მქონე სახელმწიფო, სადაც ყოველ ჯერზე განსხვავებულად აღიქვამ და განსხვავებული გრძნობა გეუფლება იმ ისტორიული ღირსშესანიშნაობების ხილვისას, რომლებიც განსაკუთრებული და უნიკალურია თავიანთი ისტორიითა და დიდებულებით. მუდამ მომღიმარი და ყურადღებიანი იტალიელები, შეძენილი მეგობრები სხვადასხვა ქვეყნიდან თავიანთი განსხვავებული მოსაზრებებითა და კულტურით, საუნივერსიტეტო გარემო, სტუდენტები, პროფესორები, პერსონალი, საცხოვრებელ კომპლექსში მცხოვრები ყველა ადამიანი, რომლებმაც საკუთარი ოჯახის წევრად მიმიღეს და სითბოს, ყურადღებასა და მზრუნველობას არ მაკლებდნენ.
6. შეადარეთ სტუდენტის ცხოვრება საქართველოსა და უცხოეთში...
სტუდენტური ცხოვრება საქართველოსა და იტალიაში საგრძნობლად განსხვავებულია ისეთი გარემოებების გათვალისწინებით, როგორებიცაა: ცხოვრების სტილი, პირადი პრეფერენციები, საგანმანათლებლო სისტემა და სასწავლო გარემო. სასწავლო პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლექცია-სემინარებით, არამედ სხვადასხვა შინაარსის მქონე კურიკულუმსგარე აქტივობებითა და კულტურული ღონისძიებებით, რომელთა მრავალფეროვნება და რაოდენობა იძლევა შესაძლებლობას სხვადასხვა ინტერესის მქონე სტუდენტის ინტერესი დაკმაყოფილდეს.
7. რა უპირატესობა აქვს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას? რატომ უნდა მიიღოს სტუდენტმა მონაწილეობა მსგავს პროგრამაში?
ერაზმუსის გაცვლითი პროგრამა სტუდენტებს უამრავ შესაძლებლობას გვთავაზობს. შესაბამისად, უპირატესობაც ბევრია. კერძოდ, ახალი კულტურის, ენის, ცხოვრების წესის გაცნობა. საზღვარგარეთ სწავლა, სასწავლო კურსებზე, კვლევებსა და მრავალფეროვან ლიტერატურაზე წვდომა. საზღვარგარეთ ცხოვრება და სწავლა ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებას, დამოუკიდებლობას, ადაპტირებას და გამძლეობას. Erasmus+ აკავშირებს სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან, აფართოებს მათ გლობალურ ქსელს. ეს კავშირები შეიძლება იყოს ფასდაუდებელი მომავალი აკადემიური თანამშრომლობისთვის, კარიერული შესაძლებლობებისა და პირადი მეგობრობისთვის. საერთაშორისო გამოცდილება პოტენციური დამსაქმებლებისთვის, რაც კურსდამთავრებულებს უფრო კონკურენტუნარიანს ხდის სამუშაო ბაზარზე.
8. თქვენი რეკომენდაცია სხვა სტუდენტებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამაში.
თითოეულ სტუდენტს, ვისაც სურვილი აქვს ერაზმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ისწავლოს საზღვარგარეთ, ვურჩევ არ იორჭოფონ, ჰქონდეთ საკუთარი თავის იმედი, გამოწვევა მიიღონ როგორც შესაძლებლობა, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა კონკურსში და საკუთარ თავზე გამოცადონ ის შესაძლებლობები და სარგებელი, რასაც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში საზღვარგარეთ სწავლა იძლევა. არასდროს შეუშინდნენ დიდი და განსხვავებული შესაძლებლობებისა თუ კულტურული მახასიათებლების მქონე აუდიტორიის წინაშე საკუთარი აზრის დაფიქსირებას, გამოხატონ საკუთარი მოსაზრება დამაჯერებლად და საჭიროების შემთხვევაში, არგუმენტირებული მსჯელობით შევიდნენ განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანთან ან/და ადამიანების ჯგუფთან პოლემიკაში.
9. დაასრულეთ წინადადება: რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, მე ....
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა რომ არა, გონივრული ეჭვი მაქვს, მიმდინარე პერიოდში ვერ გავხდებოდი ლუმსას უნივერსიტეტის ერთ-ერთი წამყვანი პროფესორის ასისტენტი სასწავლო მიმართულებით, რომელმა გარემოებამაც ჩემთვის განსაკუთრებით მიმზიდველი და საინტერესო გახადა მობილობის პროცესი. აღნიშნული უნიკალური შესაძლებლობის ფარგლებში, ერთი სემესტრი ვიმუშავე ლუმსას პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორთან სალექციო და სასემინარო ფორმატში. გავეცანი ევროპული სწავლისა და სასწავლო პროცესს, სწავლების, სალექციო და სასემინარო პროცესის განსხვავებულად წარმართვის სპეციფიკას, შეფასების სისტემის მოქნილობასა და სტუდენტის ინტერესებზე მორგებულ გარემოს. მქონდა შესაძლებლობა აქტიურად მეთანამშრომლა ზემოაღნიშნული მიმართულების პროფესორებთან და ახალგაზრდა მკვლევრებთან და გამეზიარებინა მათი საუკეთესო გამოცდილება.