თამარ ნამგალაძე
ლუმსას უნივერსიტეტი (იტალია)
თამარ ნამგალაძე, სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია, რომელმაც ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ კრედიტების მობილობის პროგრამით 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი იტალიაში, რომში, ლუმსას უნივერსიტეტში ისწავლა.
თამარ, რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინები ამ პროგრამასთან დაკავშირებით?
პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო საბაუნის ჩემთვისა და სხვა სტუდენტებისთვის ასეთი ფასდაუდებელი შესაძლებლობის შექმნისთვის, რამდენადაც ეს გაცვლითი პროგრამა იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო გადაწყვეტილება და შეუცვლელი გამოცდილება, რომელიც არამხოლოდ გამართლდა, არამედ გაადაჭარბა კიდეც მოლოდინებს.
რა იყო ყველაზე მთავარი ბენეფიტი თქვენთვის ამ პროგრამიდან?
მეგობრები, რომლებიც გაცვლითი პროგრამის პირობებში შევიძინე და სხვაგვრად მათი გაცნობის შესაძლებლობა არ მექნებოდა.
რომელი პერსონალური უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ ეს პროგრამა?
ხასიათის სიმტკიცე, დამოუკიდებლობის გრძნობა, რომელიც ზურგს მუდამ გამიმაგრებს - არაფერია ისეთი რისი გადალახვაც შეუძლებელია
რომელი პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ ეს მობილობა?
საზღვარგარეთ ყოფნამ და უცხო ენის ყოველდღიურმა გამოყენებამ, როგორც აკადემიური ისე ყოფითი კუთხით, საკმაოდ დიდი პრაქტიკული გამოცდილება შემძინა. ვფიქრობ რომ ჩემთვის და ჩემი კარიერული წინსვლისთვის ეს აუცილებელი იყო.
იქ ნასწავლი საგნებიდან რომელ სასწავლო კურსებს გამოყოფდით ყველაზე მეტად? და რატომ?
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობა მქონდა ირლანდიელ პროფესორთან გამევლო საგანი - „მოლაპარაკებების ხელოვნება“. ეს საგანი იყო საკმაოდ განსხვავებული იმ საგნებისგან რაც აქამდე მისწავლია, რამდენადაც კონრეტულად სამართლებრივ ნაწილზე არ იყო ორინტირებული, არამედ თავად მოლაპარაკებების ფსიქოლოგიურ, ლინგვისტურ და პროცედურულ თავისებურებას გვასწავლიდა, რომლის ფარგლებში არაერთ საინტერესო თეორიასა და პრაქტიკულ ამოცანასთან მქონდა შეხება.
თუ იყო ისეთი სასწავლო კურსი, რომელიც უცხოეთში გაიარეთ და რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, ვერ გაივლიდით საქართველოში...
რაიმე ისეთი სასწავლო კურსი არ ყოფილა, რომლის შემოთავაზებაც სტუდენტებისთვის საბაუნის არ შეუძლია ან არ შემოუთავაზებია, თუმცა ნამდვილად განსხვავებულად საინტერესო იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნის პროფესორთა გამოცდილებისა და შეხედულებების საფუძველზე საერთაშორისო სამართლისა და სხვა პრაქტიკული საგნების გავლა. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვისა და სტუდენტისთვის, რომლის სამშობლოსაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი აქვს, ევროკავშირის ქვეყნის პროფესორთა იდეოლოგიისა და გამოცდილებათა გაცნობა უაღრესად მნიშვნელოვანი იყო.
რა მოგენატრებათ ყველაზე მეტად?
ალბათ, მომენატრება ის სიმსუბუქე, რასაც ევროპაში სტუდენტურ ცხოვრებას ახლავს თან - მთელ სამყაროში რჩებით თქვენ და საკუთარი განვითარების სურვილი. მომენატრებიან საზღვარგარეთ შეძენილი მეგობრებიც, რომლებმაც ჩემ გულში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს.
შეადარეთ სტუდენტის ცხოვრება საქართველოსა და უცხოეთში...
ცხოვრების ტემპი ევროპაში ისეთი ჩქარი არ არის როგორც აქ, საქართველოში, სადაც სტუდენტებს საკუთარი თავის ძიებისთვის დრო ნაკლებად რჩებათ, რამდენადაც ყოველდღიურ რუტინას უნდა აუწყონ ფეხი. ევროპაში ასე არ არის, იქ დრო შედარებით სხვაგვარად გადის, ბევრად უფრო მსუბუქად ვიდრე აქ...
თქვენი რეკომენდაცია სხვა სტუდენტებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამაში.
გაცვლითი პროგრამა არის საკუთარი თავის გამოწვევის უნიკალური შესაძლებლობა, როგორც პიროვნულად, ისე აკადემიური და კარიერული კუთხით. სტუდენტს, რომელსაც სურს ახალ და ისეთ გამოწვევებს შეეჭიდოს, რასაც აქ, საქართველოში ვერ შეძლებს, აუცილებლად ვურჩევ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღებას. მონაწილეობის მსურველებს კი ვურჩევდი რომ ირწმუნონ საკუთარი თავის, წესრიგში მოიყვანონ დოკუმენტები და არასდროს დედლაინამდე არ მიიყვანონ აპლიკაციის პროცესი.
დაასრულეთ წინადადება: რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, მე...
„არ ვიქნებოდი იმაზე უკეთესი ვიდრე ვიყავი გუშინ“.