ალბინა აღაპიშვილი
კარდინალ ვიშინსკის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
ალბინა აღაპიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა 2021-2022 წლის შემოდგომის სემესტრში, პოლონეთში ვიშინსკის სახელობის უნივერსიტეტში ისწავლა ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის FUCE სასწავლო გრანტით. მიუხედავად კოვიდ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა, სასწავლო პროცესი ფიზიკურად მიმდინარეობდა, რამაც მისცა საშუალება ალბინას სტუდენტური ცხოვრება საინტერესოდ და ნაყოფიერად გაეტარებინა. მობილობის დასრულების შემდეგ, ალბინა გვიზიარებს შთაბეჭდილებებს.
ალბინა, რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინები ამ პროგრამასთან დაკავშირებით (რა გამართლდა და რა არა?)
სიმართლე რომ გითხრათ, ამ პროგრამამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. რა თქმა უნდა, შინაგანი მოლოდინი მქონდა, რომ გაცვლითი პროგრამა ბევრ რამეს მასწავლიდა, გამზრდიდა პიროვნულად და დიდ სიახლეს შემოიტანდა ჩემს სტუდენტურ ცხოვრებაში. მართლაც, დაუვიწყარი სემესტრი გავატარე პოლონეთში, შევიძინე მეგობრები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, მივიღე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება, რასაც ჰქვია დამოუკიდებებლი ცხოვრება, ბედნიერებით და სიხარულით სავსე დღეები გავატარე, ვიმოგზაურე ევროპაში, მათ კულტურას უფრო ახლოს გავეცანი და საინტერესო კურსები შევისწავლე. ერთადერთი პრობლემა, რასაც გამოვყოფდი, ეს იყო ენის ბარიერი, რადგან პოლონელები დიდად ინგლისურენოვანი ერი არ აღმოჩნდა, მაგრამ, დროთა განმავლობაში მაინც გავუგეთ ერთმანეთს. ;)
რა იყო ყველაზე მთავარი ბენეფიტი თქვენთვის ამ პროგრამიდან?
ყველაზე დიდი ბენეფიტი ჩემთვის იყო ახალი გამოცდილება. ამაში ვგულისხმობ ახალ უნარებს, ახალ შეხედულებებს, ახალ იდეებს, ახალ ნაცნობებს, მეგობრებს, კულტურას, ცოდნას. დიდი საიხლე შემოიტანა ამ პროგრამამ ჩემს ცხოვრებაში.
რომელი პერსონალური უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ ეს პროგრამა?
გამოვყოფდი სამ ძირითად პერსონალურ უნარს, რომლის გაუმჯობესებაშიც დამეხმარა FUCE Mobility Programme. რასაკვირველია, გავხდი უფრო დამოუკიდებელი, თავდაჯერებული და მეტად მოტივირებული.
რომელი პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ ეს მობილობა?
რაც შეეხება პროფესიულ უნარებს, გავხდი უფრო გახსნილი და კომუნიკაბელური, შემიძლია უფრო გახსნილად და მკაფიოდ გამოვხატო ჩემი აზრი სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში.
იქ ნასწავლი საგნებიდან რომელ სასწავლო კურსებს გამოყოფდით ყველაზე მეტად? და რატომ?
კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტში ნასწავლი საგნებიდან ყველაზე მეტად გამოვყოფდი ამ ორს: Effective Leadership in the Organisation და Illusions of Memory and Cognition. მთავარ მიზეზად დავასახელებდი მათ სიახლოვეს ჩემს ინტერესებთან, საუკეთესო და დიდი გამოცდილებით აღსავსე ლექტორებს, ბატონ ოლაფს და ბატონ მარეკს, და მიმაჩნია, მათი მნიშვნელობა ჩემი პროფესიისთვის და პროფესიული ზრდისთის მეტად ხაზგასასმელია.
რა მოგენატრებათ ყველაზე მეტად?
ყველაზე მეტად ჩემს მეგობრებთან გატარებული ყოველი წამი და ჩემი იქაური სტუდენტური ცხოვრება მომენატრება, რომელიც ბედნიერებით იყო სავსე და ტკბილ მოგონებად დამრჩება მუდამ.
შეადარეთ სტუდენტის ცხოვრება საქართველოსა და უცხოეთში ...
ჩემს შემთხვევაში, ყველაზე დიდი განსხვავებაა, უცხოეთში სტუდენტობისას სწავლისა და გართობის სწორად შეთავსება, რასაც ვერ/არ ვაკეთებდი საქართველოში, დამოუკიდებებლი ცხოვრება, ევროპაში მოგზაურობა, უცხო ენაზე სწავლა და სხვა მრავალი ნიუანსები, რაც უცხოეთში სწავლა გვაძლევს.
რა უპირატესობა აქვს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას? რატომ უნდა მიიღოს სტუდენტმა მონაწილეობა მსგავს პროგრამაში?
ჩემი აზრით, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა უკვე დიდი უპირატესობაა, რადგან ეს პროგრამა ყოველთვის რაღაცას გასწავლის, გცვლის, გზრდის პიროვნულად, გხდის უფრო დამოუკიდებელს, გახსნილს, მეტად მოტივირებულს სწავლისადმი და ზოგადად სხვანაირად წარმოგისახავს ყველაფერს.
თქვენი რეკომენდაცია სხვა სტუდენტებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამაში
სტუდენტებო, თუ მოგეცათ ასეთი შანსი, არ გამოტოვოთ და მეტიც, თქვენით ეცადეთ შექმნათ ეს შესაძლებლობა, ყველაფერი გააკეთეთ ამისთვის და დამიჯერეთ ბოლოს არ ინანებთ. მინდა თითოეულ თქვენგანს გისურვოთ ის ემოციები, რაც მე მაჩუქა გაცვლითმა პროგრამამ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სტუდენტური ცხოვრების ულამაზესი და დაუვიწყარი ხუთი თვე გავატარე უცხოეთში.
დაასრულეთ წინადადება: რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, მე ...
ვერ შევიგრძნობდი იმ ხიბლს, ემოციას, უნარებს, ცოდნას და მეგობრებს, რაც თან სდევს გაცვლით პროგრამას.
რამეს ხომ არ დაამატებდით ....
ჩემი აზრით, გამოწვევებთან ერთად უდიდეს გამოცდილებას იღებს თითოეული სტუდენტი ამა თუ იმ გაცვლითი პროგრამით. არ ვიცი მადლობა როგორ გადავუხადო ჩემს საბაუნის ასეთი დაუვიწყარი გამოცდილებისთვის და ემოციებისთვის. მიყვარხარ საბაუნი და მზად ვარ უფრო დიდი მოტივაციით სწავლა განვაგრძო, რადგან მიმაჩნია განათლება ყველაფერი ლამაზის და კარგის საწყისია!