მარიამ გაგოშიძე
სალამანკას პონტიფიკური უნივერისტეტეტი (ესპანეთი)
მარიამ გაგოშიძე, საბაუნის სადოქტორო სკოლის დოქტორანტი ერასმუს+ სტუდენტების მობილობის პროგრამით ესპანეთში, სალამანკას პონტიფიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა. როგორც მარიამი აღნიშნავს, მისთვის ეს ერთი სემესტრი იყო სასიამოვნო გამოწვევებით სავსე, რომელმაც მოლოდინებს გადააჭარბა „ჩემი უპირველესი სურვილი იყო როგორც დოქტორანტი, ვყოფილიყავი მშვიდ, მყუდრო გარემოში სადაც შესაძლებლობა მექნებოდა აქტიურად მემუშავა ჩემს სადისერტაციო თემაზე. მოლოდინებსაც რა თქმა უნდა ამ მიმართულებით ვამყარებდი. გულწრფელად რომ ვთქვა, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სალამანკას უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებამ მოლოდინს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ესპანეთში თითქმის არავინ საუბრობდა ინგლისურად, მაინც არ მქონდა ის მოლოდინი, რომ საკომუნიკაციო დონეზეც ვერავინ შეძლებდა ინგლისურ ენაზე საუბარს, თუნდაც სახელმწიფო დაწესებულებებში, თუმცა შემიძლია ამ ფაქტსაც დადებითად შევხედო. მომიწია ესპანური ენის საბაზისო დონეზე სწავლა და სურვილი მაქვს მომავალშიც გავაგრძელო“. უცხოეთში გატარებული ერთი სემესტრი მარიამისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა პიროვნული უნარების განვითარების მხრივაც, როგორც იგი აღნიშნავს, მან ისწავლა დროის სწორად გადანაწილება, საკუთარი რესურსების სწორად გამოყენება და ასევე, ეს პერიოდი მას დაეხმარება ღირებულებების გადაფასებაში.
სტუდენტური ცხოვრების შედარებისას, მარიამი ცალსხად გამოყოფს საზოგადოების სწავლისადმი დამოკიდებულებას. „როგორც დოქტორანტი ვერ შევადარებ. საზოგადოების აღქმაც კი განსხვავდებოდა, როდესაც იგებდნენ, რომ სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ვიყავი, მითუმეტეს სამართლის ფილოსოფიაში. საქართველოში ყოველთვის ის განცდა მაქვს, რომ გაუფასურებულია სტატუსი და ამ მიზეზით, საზოგადოების დამოკიდებულებაც ესეთია, თითქმის არავის ესმის დრო რატომ არ მაქვს ან რამდენი მაქვს სამუშაო“.
გაცვლითი პროგრამები უამრავ შესაძლებლობებს რომ სთავაზობს სტუდენტებს ეს ფაქტია, თუმცა მარიამისთვის ეს პერიოდი უფრო მეტად განსხვავებული გამოცდილების გამო იყო მნიშვნელოვანი: „რა თქმა უნდა გაცვლითი პროგრამების მიზანი უპირველესად განათლების მიღებაა, თუმცა ვფიქრობ რაც ყოველთვის დასამახსოვრებელია, ეს არის გამოცდილება რასაც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვიღებთ. თითქოს ადგილზე ჩასვლის მომენტიდან იცვლები და სხვა ადამიანი ხდები. მითუმეტეს ესპანეთში. რთულია ხალხის ცხოვრების რიტმს არ აჰყვე. ყველა სტუდენტს ვურჩევდი მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში და რაც შეიძლება მეტი დრო და შესაძლებლობა გამოიყენონ მასპინძელი ქვეყნის კულტურის შესწავლაში“.
საქართველოში დაბრუნებულ მარიას ყველაფერი მოენატრება „რაც ესპანეთს და ესპანურ კულტურას უკავშირდება. ხმამაღალი ხალხი და სრული სიჩუმე კვირა დღეს; გარემო; უნივერსიტეტის ძველი კედლები; ღიმილი უცხო ადამიანების სახეზე; თავისუფალი ცხოვრება; ცხოვრება პატარა მშვიდ ქალაქში, სადაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ყველა გიცნობს, ქუჩაში, მაღაზიაში, სადაც არ უნდა წახვიდე; ... და რაც მთავარია „ნაპოლიტანა“.