თორნიკე წიკლაური
პალაცკის უნივერსიტეტი ოლომოუსში (ჩეხეთი)
თორნიკე წიკლაური, საბაუნის პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია, რომელმაც Erasmus+ სასწავლო გრანტი მოიპოვა და ერთი სემესტრი ჩეხეთში, პალაცკის უნივერსიტეტში ისწავლა.
ჩეხეთში გატარებულმა ხუთმა თვემ ძალიან გამზარდა პიროვნულად და პროფესიული თვალსაზრისით, გავხდი უფრო მეტად თავდაჯერებული, ვისწავლე მეგობრების სწორად შერჩევა, გავიუმჯობესე დიპლომატიის და ემპათიის უნარი. რაც შეეხება პროფესიულ უნარებს, გავიუმჯობესე გადაწყვეტილებების მიღების, პრობლემების გადაჭრის უნარები და გავიუმჯობესე ემოციური ინტელექტი. ეს პროგრამა საინტერესო იყო, რამდენადაც გავდიოდი ჩემთვის საინტერესო საგნებს, გამოვყოფდი რელიგიის კვლევებს (Religious studies), ანთროპოლოგიას (Cultural and social anthropology) და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების პრობლემებს (Problems of post-soviet world). თითოეული ჩემი ინტერესის საგანია, რადგანაც პოლიტიკასთან თუ მასთან ახლომდებარე მეცნიერებებთან ასოცირდება. თითოეული საგანი განსაკუთრებულად შემიყვარდა, რასაც ლექტორების მაქსიმალურ მონდომებას უნდა ვუმადლოდე .
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ძალიან მომენატრება იქ შეძენილი მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტებიდან, ჩეხი მოსახლეობა და მათი სტუმართმოყვარეობა.
ეს ჩემთვის პირველი შემთხვევაა უცხოეთში წასვლის და მითუმეტეს ერთი სემესტრით სწავლის. ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, თუ გვსურს ნამდვილად ვიცოდეთ ვინ ვართ და რა გვსურს ამ ცხოვრებაში, მსგავს პროგრამაში ჩართვა ნამდვილად საუკეთესო საშუალებაა. შესაძლოა საქართველოს ფარგლებს გარეთაც იყოს სტუდენტი ნამყოფი და გარკვეული წარმოდგენა ჰქონდეს თუ რა ელოდება წინ, მაგრამ უცხოეთში პირველად წასვლა და სწავლა ერთი სემესტრით შეუდარებელი გარანტია ახალი “მეს” დასაბადებლად!
რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა მე ვერ ვიხილავდი სიტყვა “პროგრესის” არსს და მხოლოდ ერთ დროის მარყუჟში ვიქნებოდი გამოკეტილი. მაგრამ საბაუნიმ მაჩვენა, რომ პროგრესის საფუძველი სწორედ გულმოდგინე შრომა და საკუთარი თავის რწმენაა.