სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მისიაა, მოამზადოს კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, მაღალი სამართლებრივი კულტურისა და პროფესიული ეთიკის მქონე იურისტები.
სამართლის ფაკულტეტი დაკომპლექტებულია როგორც პრაქტიკოსი ლექტორებით, ისე მაღალკვალიფიციური მეცნიერი იურისტებით, რომელთა ლექციები მიმდინარეობს სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ამასთანავე, ყოველ სემესტრში ფაკულტეტს სტუმრობს არაერთი უცხოელი პროფესორი, რომლებიც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს მასტერკლასებს უტარებენ.
სამართლის ფაკულტეტზე მოქმედებს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რომლებიც სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე და ექსკლუზიურ სასწავლო კურსებს, როგორებიცაა, მაგალითად, ბლოკჩეინის სამართალი, სოციალური მედიის სამართალი, კერძო და საჯარო სამართლის თანამშრომლობის სამართალი, დანაშაული და მედია და სხვა. ამასთანავე პროგრამები მუდმივი განახლების პროცესშია, რათა სტუდენტებს შესთავაზოს ისეთი ახალი სასწავლო საგნები, რომლებიც მათ გამოადგებათ პრაქტიკაში და გახდის კონკურენტუნარიანს შრომის ბაზარზე.
მიმდინარეობს მუშაობა სამართლის სადოქტორო პროგრამაზე, რომელიც ფაკულტეტს, სავარაუდოდ, 2020 წლის ბოლომდე დაემატება.
სამართლის ფაკულტეტი დიდ ყურადღებას უთმობს სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ამ მიზნით. ფაკულტეტი სტუდენტებს ხელს უწყობს, რათა ისინი ჩაერთონ სხვადასხვა პროექტებში, იმიტირებულ პროცესებში, კონფერენციებსა თუ სხვა სახის აქტივობებში.
ფაკულტეტი თანამშრომლობს სხვადასხვა საჯარო თუ კერძო დაწესებულებებთან, სადაც სტუდენტები იგზავნებიან როგორ სასწავლო ვიზიტებზე, ისე პრაქტიკისა და სტაჟირების გასავლელად.
ფაკულტეტის ორგანიზებით წელიწადში ორჯერ ეწყობა სტუდენტური კონფერენციები. იგეგმება სტუდენტური ჟურნალის გამოცემა, რომლის რედაქტორებიც უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად საბაუნის სტუდენტებიც იქნებიან.
ფაკულტეტზე აქტიურად მიმდინარეობს სამეცნიერო საქმიანობა. გამოიცა არაერთი სახელმძღვანელო და სტატია. მათ შორის ზოგიერთი მათგანი შეტანილია არა მარტო საბაუნის, არამედ სხვა უნივერსიტეტების სამართლის სასწავლო კურსების სილაბუსებშიც.
ფაკულტეტზე მოქმედებს რამდენიმე კვლევითი ცენტრი და სამართლის ინსტიტუტი. ესენია:
- დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი
- მიშელ მუსხელის ევროპული კვლევების ცენტრი
- დანაშაულისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ცენტრი
კვლევით ინსტიტუტსა და ცენტრებში ლექტორებთან ერთად ჩართულები არიან დაინტერესებული სტუდენტებიც, რაც ხელს უწყობს სტუდენტებში სამეცნიერო და სოციალური კვლევების უნარების გამომუშავებას.
იგეგმება საერთაშორისო რეფერირებადი და მაღალი რეპუტაციის მქონე ორენოვანი ჟურნალის გამოცემა. ჟურნალის სარედაქციო კოლეგიაში იქნებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერები.
საბაუნის სამართლის ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს მრავალი ევროპული უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტებთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია ურთიერთობა ისეთ ცნობილ ევროპულ საგანმანათლებლო ცენტრებთან, როგორებიცაა დეუსტოს უნივერსიტეტი (ესპანეთი),ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი), ლუბლინის იოანე პავლე II-ის კათოლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი), კვიპროსის უნივერსიტეტი (კვიპროსი), ივან ფრანკოს ლვოვის ნაციონალური უნივერსიტეტი (უკრაინა) და სხვა.
სტუდენტებს ვთავაზობთ გაცვლით პროგრამებს უცხოურ უნივერსიტეტებში როგორც Erasmus + -ის, ისე ბილატერალური ხელშეკრულების ფარგლებში. შესაბამისად, ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში ყოველ სემესტრში იგზავნება სამართლის ფაკულტეტის რამდენიმე სტუდენტი.
საბაუნის სამართლის ფაკულტეტს აქვს მრავალი გეგმა და პროექტი, რომლებიც განხორციელდება ეტაპობრივად და სტუდენტებს მრავალ სიახლეს შესთავაზებს.