მარი დოღონაძე
ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
საბაუნის თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა, მარი დოღონაძემ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი ლიონის კათოლიკურ უნივერსიტეტში ისწავლა.
1. რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინები ამ პროგრამასთან დაკავშირებით (რა გამართლდა და რა არა)?
ჩემი მოლოდინები ამ პროგრამასთან დაკავშირებით იმაზე მეტად გამართლდა ვიდრე წარმოვიდგენდი, რადგან პირველ რიგში, დიდი შრომისა და გარჯის შედეგად შევძელი სწავლის პარალელურად ფრანგული ენის შესწავლა, სრულიად მოკლე დროში, 4 თვეში.
შესაბამისად, სწავლაც წარმატებით დავასრულე ფრანგულ ენაზე. თუმცა დღეს როდესაც ამ ყველაფერს ვაკვირდები, კიდევ ერთხელ ვრწუნდები რომ შეუძლებელი ნამდვილად არაფერია. მთავარია ძლიერი სურვილი, შრომა და საკუთარი თავის რწმენა.
2. რა იყო ყველაზე მთავარი ბენეფიტი თქვენთვის ამ პროგრამიდან?
ძალიან ბევრი ბენეფიტის ჩამოთვლა შემიძლია, რომელთაგან ვერცერთს ვერ გამოვყოფდი, რადგან ყველას თავისებური დატვირთვა აქვს. თუმცა რადგან ერთზეა საუბარი მაინც განვმეორდები და ვიტყვი ფრანგული ენის შესწავლას, რომელმაც შემდეგ გზა გამიხსნა ყველა სხვა დანარჩენისკენ.
3. რომელი პერსონალური უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ ეს პროგრამა?
პირველ რიგში, ვისწავლე როგორ უნდა იცხოვრო მარტომ სრულიად უცხო ქვაყანასა და კულტურაში, სადაც ახალი საფეხურიდან იწყებ არსებობას და ვალდებულებაც გაქვს საკუთარი თავი დაიმკვიდრო. აგრეთვე ვისწავლე ცხოვრებისეულ პრაქტიკულ პრობლემებზე ფიქრი და მისი მოგვარების გზების ძიება, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩნდებოდა და რომელზეც მანამდე ვერც ვიფიქრებდი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი შევიძინე თავდაჯერებულობა და მეტად პასუხისმგებელი გავხდი ყველა წვრილმანი რამის მიმართ, რაც კი ჩემს ცხოვრებას უკავშირდება. ამას გარდა უცხოენოვან ხალხთან კომუნიკაციის ბარიერი გადავლახე და გავხდი მეტად კომუნიკაბელური.
4. რომელი პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ ეს მობილობა?
პირველ რიგში, აღვნიშნავ რომ ამ მობილობას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის იმაში რომ დღეს მე ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორებს, ჩემი ფაკულტეტის მიმართულებით და გარკვეულწილად ადმინისტრაციას ვიცნობ, რომელთან ურთიერთობა ჩემთვის სასიხარულოა. აგრეთვე საინტერესო იყო მათი სწავლის გამოცდილების გაზიარება, რომელსაც ყველაზე მეტად გამოვარჩევდი, რადგან აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდებით მომიწია მუშაობა, რაც ჩემთვის უაღრესად საინტერესო და აგრეთვე ძალიან დიდი შენაძენი იყო.
5. იქ ნასწავლი საგნებიდან რომელ სასწავლო კურსებს გამოყოფდით ყველაზე მეტად? და რატომ?
ყველაზე მეტად გამოვყოფდი საგანს echo biblique dans la literaturue (ბიბლიური გამოძახილი ფრანგულ ლიტერატურაში) რადგან მსგავსი საგანი ჩვენთან საქართველოში არ ისწავლება, როგორც ხედავთ მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ რომ საქმე გვაქვს ფრანგულ ლიტერატურასთან. მოგეხსენებათ იყვნენ ფრანგული ლიტერატურის ავტორები, რომლებიც ბიბლიასა და მის პერსონაჟებს იყენებდნენ თავიანთ წიგნებში, ანუ მათი შთაგონების წყარო იყო ბიბლია და სწორედ ამიტომ მათ წიგნებზე მუშაობა და ამ ავტორების განხილვა ჩემთვის უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა.
6. თუ იყო ისეთი სასწავლო კურსი, რომელიც უცხოეთში გაიარეთ და რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, ვერ გაივლიდით საქართველოში.
დიახ, ეს გახლავთ echo biblique dans la literaturue (ბიბლიური გამოძახილი ფრანგულ ლიტერატურაში), რომელსაც თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ ვისწავლიდი საქართველოში.
7. რა მოგენატრებათ ყველაზე მეტად?
ყველაზე მეტად მომენატრება ის გარემო, სადაც მთელი ჩემი აქ ყოფნის პერიოდი გავატარე, რადგან ვთვლი რომ ჩემს აქ ცხოვრებას მეტად საინტერესოს ხდიდა ის ფაქტი, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცხოვრობდი წმ.იოსების მონასტრის გვერდით სადაც ცხოვრობდნენ ბერ-მონაზვნები და ჩართული ვიყავი მათი ცხოვრების რიტმშიც, რაც ჩემს აქ გატარებულ დროს ამრავალფეროვნებდა და მეტად საინტერესოს ხდიდა. ამიტომ მთელი დარწმუნებულიბით ვიტყვი, რომ მომენატრება თითოეულ ამ ადამიანებთან და ყველა იმ პიროვნებებთან ურთიერთობა, რომლებმაც ამ მცირედი ხნის განმავლობაშ დიდი შთაბეჭდილებები დამიტოვეს. აგრეთვე მომენატრება თავად ამ ქვეყანაში ცხოვრება და მათი ცხოვრების რიტმის გაზიარება.
8. შეადარეთ სტუდენტის ცხოვრება საქართველოსა და უცხოეთში
ვიტყოდი რომ სტუდენტების ცხოვრება და მათი სწავლებასთან დამოკიდებულება უცხოეთში მეტად დისციპლინირებული და გაცნობიერებულია. ამას მოწმობს აკადემიური დასწრების მაღალი ხარისხი და მათი განათლების მაღალი მაჩვენებელი. რაც შეეხება სხვადასხვა სტუდენტურ აქტივობებს, ამ შემთხვევაში, ვიტყოდი რომ ორივეგან არის შეთავაზებული სტუდენტებისთვის, თუმცაღა როგორც აღვნიშნე დაინტერესების თვალსაზრისით მეტი მოტივაცია უცხოელი სტუდენტებისგან მოდის.
9. რა უპირატესობა აქვს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას? რატომ უნდა მიიღოს სტუდენტმა მონაწილეობა მსგავს პროგრამაში?
ამ უპირატესობების ჩამონათვალი უამრავია, მაგრამ მე მაინც უმთავრეს გამოვყოფდი: უცხოეთში სწავლებისა და ინტერკულტურულ თუ ინტერნაციონალურ გარემოსთან კავშირი / ურთიერთობები ხელს უწყობს ზოგადად სტუდენტის მსოფმხედველური არეალის გაფართოებასა და იმ გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების მიღებას, რომელიც შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგყვეს. ასევე, დიდ როლს თამაშობს სტუდეტის ცხოვრების ახლებურად დაგეგმვასა და სურვილების გაფართოებაში.
10. თქვენი რეკომენდაცია სხვა სტუდენტებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამაში.
ვეტყოდი, რომ სტუდენტური ცხოვრება მიუხედავად თავისი დიდი პლიუსებისა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ არაფერი არ იქნება თუკი ერთხელ მაინც არგაქვს მონაწილეობა მიღებული მსგავს გაცვლით პროექტებში, რადგან ასეთ შემთხვევაში ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება, მთელი თავისი სირთულეებითა და დაუვიწყარი მოგონებებით და რაც მთავარია უზარმაზარი გამოცდილებით, რომელიც ასმაგად გზრდის და გიფართოებს ცხოვრებისეული ხედვის ჰორიზონტს და გაძლევს შესაძლებლობას მიიღო ახალი უნარ-ჩვევები და ფეხი აუწყო ისეთ ცხოვრების რიტმს, რომელსაც დღეს ვხედავთ, ტექნოლოგიებით სავსე განვითარებულ მსოფლიოში.
11. დაასრულეთ წინადადება: რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, მე ვერასოდეს ვიქნებოდი ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს ვარ, რაც ჩემი აქ სწავლისა და ცხოვრების უამრავმა დეტალმა განაპირობა, რამაც ასმაგად გამიზარდა მოტივაცია და მრავალი შიშის ფაქტორი დამაძლევინა.
12. იყო თუ არა რაიმე ტიპის ხარვეზი მობილობის რომელიმე ეტაპზე, რომელიც შეიძლება გაითვალისწინოს / გააუმჯობესოს უნივერსიტეტმა სამომავლოდ? გთხოვთ მიუთითოთ.
მობილობის პერიოდში არანაირი ტიპის ხარვეზი არ მახსენდება.
13. რამის დამატების სურვილი თუ გაქვთ?
დავამატებ იმას, რომ აქ ყოფნის პერიოდში შევიძინე ძალიან კარგი მეგობრები, რომლებიც უკვე ჩემი ძალიან კარგი ახლობლები არიან და რომლებთან ერთადაც აქ გატარებული თითოეული წამი ბედნიერებას მანიჭებს და თავს მაგრძნობინებს როგორც საკუთარ ქვეყანაში.