16ნოე,2020
სამართლებრივი განათლების ონლაინ პლატფორმა ამოქმედდა
ამოქმედდა სამართლებრივი განათლების ონლაინ პლატფორმა
ვებ გვერდი შეიქმნა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროექტის – „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) – ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
ეს პლატფორმა არის სამართლებრივი ლიტერატურის ცნობილი ელექტრონული ბაზების ქართული ანალოგი და შექმნილია სამართლით დაინტერესებული პირებისათვის. აქ განთავსებულია სასწავლო მასალები, ვიდეოლექციები, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის მიერ გამოცემული იურიდიული ლიტერატურა. გარდა ამისა, ონლაინ პლატფორმაზე ხელმისაწვდომი იქნება სხვა გამომცემლობებისა და ავტორების პუბლიკაციებიც საავტორო უფლებების სრული დაცვით. პლატფორმა მუდმივად განახლდება. მას დაემატება როგორც გაციფრებული სამართლებრივი ლიტერატურა, ისე ვიდეო ლექციები.
პლატფორმაზე განთავსებული ლიტერატურა და ვიდეო ლექციები სრულიად უფასოა და განკუთვნილია სამართლის სტუდენტებისა და ყველა იმ პირისათვის, ვინც დაინტერესებულია სამართლით.
კოვიდ-19 პანდემიის გამო სწავლების ონლაინ რეჟიმში გადასვლამ სასწავლო და სამეცნიერო მასალების ელექტრონულად გამოყენების საჭიროება უფრო მეტად აქტუალური გახადა. ამ პლატფორმით ხელმისაწვდომი იქნება ქართული სამართლის სფეროს სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის დიდი ნაწილი.