15დეკ,2016
კარდინალ კურტ კოხის საჯარო ლექცია ჩვენს უნივერსიტეტში
15 დეკემბერს, ორშაბათს, სულხან–საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვევა წმ. საყდრის ქრისტიანთა ერთიანობის ხელმშემწყობი კომისიის პრეზიდენტი, ბაზელის ემერიტუსი ეპისკოპოსი, მისი აღმატებულება კარდინალი კურტ კოხი (Kurt Koch), რომელიც ისაუბრებს თემაზე: „ეკუმენური გზა მსოფლიოში, პრობლემები და პერსპექტივები“.
შეხვედრა დაიწყება 16.00 საათზე, დასწრება თავისუფალია.
კარდინალი კოხი დაიბადა 1950 წლის 15 მარტს, ემენბრუკეში, შვეიცარიაში. სწავლობდა მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე, 1975 წელს მიიღო თეოლოგიის დოქტორის წოდება. 1982 წლის 20 ივნისს ხელდასხმულ იქნა მღვდლად. 1997 წელს პაპმა იოანე–პავლე მეორემ აკურთხა ეპისკოპოსად. კოხს ყოველთვის კარგი დამოკიდებულება ჰქონდა სხვა რელიგიების წარმომადგენლებთან; 2006 წელს, შვეიცარიული გაზეთისათვის Neue Zürcher Zeitung მიცემულ ინტერვიუში, მან მხარი დაუჭირა შვეიცარიაში მინარეთის აშენებას და, ამასთანავე, მოითხოვა ქრისტიანთა თავისუფლება მუსლიმანურ ქვეყნებში. 2010 წლის პირველ ივლისს პაპი ბენედიქტე XVI მას ასახელებს კარდინალ ვალტერ კასპერის (Walter Kasper) შემცვლელად (ამ უკანასკნელმა ასაკის გამო დატოვა თანამდებობა), ქრისტიანთა ერთიანობის ხელშემწყობი პაპის კომისიის პრეზიდენტად.
იგი არის წმ. საყდრის სხვადასხვა საბჭოსა და გაერთიანების წევრი, 2013 წლის 30 ნოემბერს პაპმა ფრანცისკემ ის დაასახელა კათოლიკური განათლების კონგრეგაციის წევრად, კურტ კოხი ასევე არის ეპისკოპოსთა კონგრეგაციის წევრიც.