მარიამ ნატროშვილი
ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
მარიამ ნატროშვილი, სულხან-საბა ორბელიანის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია, რომელმაც 2019-2020 გაზაფხულის სემესტრი პოლონეთში, ლუბლინის იოანე პავლე მეორის სახელობის კათოლიკური უნივერსიტეტში გაიარა უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებაზე დაფუძნებული გაცვლითი პროგრამით. პანდემიის გამო, მარიამს დროზე ადრე მოუწია საქართველოში დაბრუნება და სემესტრის ონლაინ რეჟიმში დასრულება. მარიამი გვიზიარებს შთაბეჭდილებას გაცვლითი პროგრამის შესახებ.
„პოლონეთში გატარებული პერიოდი ჩემთვის ასოცირდება დამოუკიდებლობათან, სირთულეების გადალახვასთან, პიროვნულ განვითარებასთან, უნივერსიტეტთან, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და საზოაგადოებას და უამრავ არაჩვეულებრივ მომენტთან. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იოანე-პავლე მეორის სახელობის ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, პანდემიის გამო სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმში გადავიდა და სემესტრის დასრულებაც, ასე, ონლაინ მოგვიწია. გაცვლითი პროგრამა ჩემთვის განსაკუთრებული იმითაცაა, რომ იქ სწავლა პანდემიის პირობებში მომიხდა. ყველასა და ყველაფრისგან შორს, სრულიად უცხო გარემოში ცხოვრება, მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გამო, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. გავხდი უფრო მეტად თავდაჯერებული და დამოუკიდებელი, შევიძინე ახალი მეგობრები, გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი. მართალია, ცოტა ხნით, თუმცა მაინც მქონდა საშუალება, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო, ასწლოვან უნივერსიტეტში მომესმინა როგორც პოლონელი, ისე - ამერიკელი პროფესორების ლექციები, გამეცნო სხვა ქვეყნების კულტურა.
ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი გამოირჩევა მრავალფეროვანი საგნებით, რამაც საშუალება მომცა, სამართლის სხვადასხვა სფეროს გავცნობოდი, როგორც ევროპულ, ასევე, ამერიკული სამართლის გამოცდილებას. თითოეული საგნის ფორმატი განსხვავებული იყო, რაც უფრო მეტად საინტერესოსა და სახალისოს ხდის სწავლის პროცესს“.