02ოქტ,2019
გიორგი გორაძის ვიზიტი საფრანგეთსა და ესპანეთში
2019 წლის 24 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი გიორგი გორაძე პოს უნივერსიტეტის (University of Pau) მიწვევით იმყოფებოდა ქ. ბაიონასა (საფრანგეთი) და ბილბაოში (ესპანეთი). მან მონაწილეობა მიიღო პოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო სემინარში ქ. ბაიონაში, რომლის თემატიკაც იყო „ადამიანის უფლებები, ევროპული ინტეგრაცია და საქართველო: მთავარი გამოწვევები“. სემინარი მიმდინარეობდა 2019 წლის 25-26 სექტემბერს. სემინარის სამუშაო ენები იყო ინგლისური, ფრანგული და ესპანური.
გიორგი გორაძემ სემინარის პირველ დღეს გააკეთა მოხსენება თემაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის „მე-16 ოქმის რატიფიცირება საქართველოს მიერ: ფორმალური აქტი თუ ადამიანის უფლებათა განმტკიცების რეალური შესაძლებლობა?“
სემინარის მეორე დღეს ბატონმა გიორგიმ სემინარის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო მრგვალ მაგიდაში, რომელიც ეხებოდა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს ევროინტეგრაციის გზაზე, სადაც მან წარმოადგინა თავისი შეხედულებები და პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებს.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი გორაძე შეხვდა პოს უნივერსიტეტის ევროპული და საერთაშორისო კვლევების კოლეჯის (Collège 2EI „Études Européennes et Internationales“) დირექტორს, პროფესორ ფილიპ ზავოლის და კადიცის უნივერსიტეტის (University of Cadiz) საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს, პროფესორ მიშელ რემის, რომლებმაც გამოთქვეს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის სურვილი.
გარდა ამისა, ბატონი გიორგი გორაძე ქალაქ ბილბაოში შეხვდა დეუსტოს უნივერსიტეტის (University of Deusto) სამართლის ფაკულტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ გემა ტომას მარტინესს. ქალბატონმა მარტინესმა გულთბილი დახვედრა მოუწყო ბატონ გიორგის. მასპინძელმა დიდი სურვილი გამოხატა ითანამშრომლოს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან, როგორც ერასმუსის პროგრამის ფარგლებში, ისე მის გარეთაც. მხარეები შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასა და შემდგომ ნაბიჯებზე.
ბატონი გიორგი გორაძე ასევე შეხვდა ბასკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (University of the Basque Country) სამართლის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ხუანა გოიზუეტა ვერტიზს, რომელმაც ასევე გამოთქვა საბაუნისთან თანამშრომლობის სურვილი. მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე.