25ივნ,2021
საბაუნი 20 წლისაა
2021 წლის 24 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში საბაუნის დაარსებიდან 20 წლის იუბილე ვიზეიმეთ. პანდემიური შეზღუდვებიდან გამომდინარე საიუბილეო ღონისძიება ვიწრო წრეში ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ მხოლოდ უნივერსიტეტის დამფუძნებელი, უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და ის პირები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტის დაფუძნების და შემდგომი განვითარების საქმეში.
ღონისძიების დასაწყისში სტუმრებს მიესალმა მეუფე ჯუზეპე პაზოტო: „20 წელი ეს არ არის ძალიან დიდი დრო, ამ მოკლე პერიოდში უნივერსიტეტმა საკმაოდ რთული, მაგრამ წარმატებული გზა განვლო. ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია არა კონკრეტული მიღწევები, არამედ ის რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც ამ 20 წლის განმავლობაში ღიად თუ თავმდაბლობით ემსახურება უნივერსიტეტს. ეს არის ადგილი, სადაც შეგვიძლია გავიზარდოთ თავისუფლებასა და რწმენაში“.
უნივერსიტეტის დაფუძნების პირველ წლებზე ისაუბრა, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პირველ წლებში ინსტიტუტის რექტორმა, მამა პიერ დიუმულენმა. „2001 წელს კათოლიკეთა მცირე ჯგუფის ინიციატივითა და მეუფე ჯუზეპეს მხარდაჭერით, დავაფუძნეთ თეოლოგიური სასწავლებელი, რომლის მიზანიც იყო ამ დარგის განვითარებაში ჩვენი წვლილის შეტანა“.
უნივერსიტეტის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორმა, ვაჟა ვარდიძემ და პრო-რექტორმა დიმიტრი გეგენავამ. სტუდენტური გამოცდილება გაგვიზიარა საბაუნის კურსდამთავრებულმა და უნივერსიტეტის იურისტმა, თამთა თავართქილაძემ. უნივერსიტეტის დაფუძნების და შემდგომი განვითარების ეტაპები გაიხსენა პროფესორმა ნუგზარ ბარდაველიძემ, რომელიც უნივერსიტეტის აკადემიურ საქმიანობაში პირველი წლებიდანაა ჩართული.
საბაუნი ოფიციალურად 2001 წელს დაფუძნდა ლათინ-კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორის, მეუფე ჯუზეპესა და კათოლიკეთა საინიციატივო მცირე ჯგუფის მიერ. 2009 წლამდე ფუნქციონირებდა როგორც თეოლოგიის, ფილოსოფიის, ისტორიისა და ხელოვნების ინსტიტუტი და ახორციელებდა მხოლოდ თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამას. მას შემდეგ, რაც დაფუძნდა სამართლის ფაკულტეტი და თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამა, უნივერსიტეტის ისტორიაში იწყება მეორე, უფრო აქტიური ეტაპი, რომლის განმავლობაში უნივერსიტეტს დაემატა საგანმანათლებლო პროგრამები, გააფართოვა საერთაშორისო თანამშრომლობა, გაიზარდა და 2021 წელს რეავტორიზაციის პროცესის წარმატებით გავლის შედეგად მიიღო სრული უნივერსიტეტის სტატუსი და სადოქტორო პროგრამების განხორციელების უფლება.
ამ დროისთვის საბაუნი სასწავლო პროცესს ახორციელებს 4 სამაგისტრო და 9 საბაკალავრო პროგრამებზე. შემდეგი სემესტრიდან იგეგმება სტუდენტების მიღება სამართლისა და თეოლოგიის სადოქტორო პროგრამებზე.
საბაუნის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 2021-2022 წელი საიუბილეო წელს მიეძღვნება და მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება.