გიორგი ჯანაშვილი
ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
"Erasmus+ არის ბრწყინვალე შანსი ყველაფერს შეხედო განსხვავებულად, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიული საკითხები იქნება ეს, თუ ზოგადი მსოფლმხედველობრივი."
გიორგი ჯანაშვილი, სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი და Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის მონაწილე. გიორგიმ 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი იოანე პავლე მეორის ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში ისწავლა სრული დაფინანსებით. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, გიორგი განვლილ სემესტრს აფასებს და გვიზიარებს შთაბეჭდილებებს:
გიორგი, როგორი იყო თქვენი მოლოდინები უცხოეთში ერთი სემესტრით სწავლასთან დაკავშირებით და რამდენად გამართლდა ისინი?
გამგზავრებამდე ვფიქრობდი, რომ ერთი სემესტრი პოლონეთში ძალიან დიდ შესაძლობლობას მაძლევდა განსხვავებული ღირებულების ხალხთან მქონოდა ურთიერთობა. პრინციპში მართლაც ასე მოხდა , გასული ექვსი თვის მანძილზე უამრავ ადამიანთან მქონდა შეხება და ალბათ, ამ გაცვლითი სემესტრის ყველაზე დიდი მონაპოვარიც სწორედ ესაა , გავიგე / ვისწავლე/ გამოვცადე სხვადასხვა კულტურები მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინეტიდან.
როგორ დაახასიათებთ უცხოეთში სწავლების ამ ერთ სემესტრს?
მოკლედ რომ შევაფასო, ეს ისეთი რამაა, რაც ყველა სტუდენტმა უნდა გამოსცადოს. გარდა პროფესიული ცოდნის მიღებისა, პროფესორებმა მიბიძგეს მრავალი საკითხისთვის განსხვავებულად შემეხედა . თუმცა ამ გაცვლითი სემესტრის მთავარ მონაპოვრად მაინც სხვადასხვა კულტურებთან ურთიერთობის შესაძლებლობა მგონია.
რა განსხვავებაა სტუდენტობას შორის საქართველოს და პოლონეთს შორის?
საერთო წარსულის გამო , რადიკალური განსხვავებები არ შეიმჩნევა,თუმცა მცირედი სხვაობა მაინც თვალშისაცემია . იყო სტუდენტი პოლონეთში ნიშნავს უფრო მეტ თავისუფლებას , ნაკლებ სტრესს. სწავლასთან ერთად უამრავ სხვა აქტივობებიში ჩართვის შესაძლებლობას. მოკლედ, პოლონეთში საუნივერსიტეტო ცხოვრება ბევრად ფართო მცენაბა. თუმცა მეორეს მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი სტუდენტები ბევრად უფრო მოტივირებული და მიზანდასახულნი მგონია პოლონელებთან შედარებით.
რა მოგცათ ამ ერთმა სემესტრმა?
ყველაზე მთავარი რაც ამ ექვსმა თვემ მომცა, იყო შესაძლებლობა მენახა სხვადასხვა საზოგადოების ღირებულებები და ამასთანავე უფრო ნათლად გამერჩია ჩემი სოციუმის ავკარგიანობა.
როგორ ფიქრობთ, ამ მობილობამ რამე შეცვალა თქვენში? რა? როგორ?
გავხდი უფრო დამოუკიდებელი, ვისწავლე სხვაობა “მჭირდებასა” და “მინდას” შორის. და რაც მთავარია, ამ სემესტრმა მასწავლა, რომ მხოლოდ შავი და თეთრი არ არსებობს, შუაში ნაცრისფერიცაა:))
უცხოეთში ცხოვრების გამოცდილებას როგორ გამოიყენებთ საქართველოში?
ვეცდები ჩემს სოციუმში დავნერგო ის ღირებულებები, რომლებზეც მგონია რომ ევროპიდან გვაქვს ასათვისებელი.
თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას დარენგავდით საქართველოში ისეთს რაც უცხოეთში მოგეწონათ?
ალბათ ყველაზე დიდი განმასხვავებელი ნიშანი საქართველოსა და პოლონეთს შორის არის მათი დამოკიდებულება კანონისადმი, ამიტომაც, ვისურვებდი, რომ ჩვენთანაც, ისევე სცემდნენ კანონს პატივს, როგორც პოლონეთში.
რა არის თქვენთვის ევროპა? და რა არის Erasmus+?
ევროპა არის ადგილი, სადაც ადამიანად აღგიქვამენ მიუხედავად შენი განსხვავებებისა, (ამ ასპექტში პოლონეთს საკმაოდ უჭირს, ხშირად მეგონა რომ შემწყნარებლობის კუთხით საქართველოზე უკანაც კი იყო).
Erasmus+ არის ბრწყინვალე შანსი ყველაფერს შეხედო განსხვავებულად, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიული საკითხები იქნება ეს, თუ ზოგადი მსოფლმხედველობრივი.