მარიამ კილასონია
ვალენსიის კათოლიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი)
მარიამ კილასონია, საბაუნის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია, რომელმაც 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი ესპანეთში, ვალენსიის კათოლიკურ უნივერსიტეტში გაატარა. მარიამი ესპანეთში ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის დაფინანსებით სწავლობდა, FUCE-ს სასწავლო გრანტით, რომელიც მხოლოდ საბაუნის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და აფინანსებს სტუდენტების სწავლას ერთი სემესტრის მანძილზე ფედერაციის წევრი ქვეყნების უნივერსიტეტებში.
როგორც ცნობილია, სტუდენტური გაცვლითი პროგრამები მრავალმხრივ საინტერესო გამოცდილებას იძლევა და ეხმარება სტუდენტებს, როგორც პერსონალური, ასევე პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში. „ამ პროგრამამ უპირველეს ყოვლისა შემმატა საკუთარი თავის რწმენა, გავხდი მეტად დამოუკიდებელი, მომწონდა შეგრძნება, რომ ყველაფერი ჩემით, დამოუკიდებლად უნდა გამეკეთებინა. შევიძინე უამრავი მეგობარი და ახლოს გავიცანი უცხოელი პროფესორები, რომლებიც გულწრფელად გვიზიარებდნენ თავიანთი წარმატების გზას. გარდა ამისა, გავხდი უფრო მეტად მომთმენი, კომუნიკაბელური და თავდაჯერებული. უცხოეთში გაცვლითი პროგრამით სწავლა, ერთგვარი პასუხისმგებლობაა, ვინაიდან წარმოადგენ შენს ქვეყანას, სხვებსაც სწორი კუთხით უნდა გააცნო იგი, ამის წარმატებით შესრულება კი საკუთარი თავის რწმენას გმატებს“ - მარიამ კილასონია.
საქართველოში დაბრუნებული მარიამი ფიქრობს, რომ სტუდენტების ცხოვრება საქართველოსა და ესპანეთში მკვეთრად განსხვავდება. „ეს ორი პარალელური სამყაროა. ვფიქრობ, ყველა ქართველი სტუდენტი უნდა წავიდეს საზღვარგარეთ, რომ თავად ნახონ რა განსხვავებაა ქართულ და უცხოურ სტუდენტობას შორის. გარდა იმისა, რომ იქ ცოტა განსხვავებული განათლების სისტემაა, ასევე განსხვავებულია განათლებისადმი და ზოგადად ცხოვრებისადმი დამოკიდებულება. უცხოეთში სტუდენტები მეტად დამოუკიდებლები არიან. ვურჩევ ყველა სტუდენტს მონაწილეობა მიიღოს გაცვლით პროგრამებში, ისიამოვნონ სწავლის პროცესითა და ყოველდღიურობით. თუმცა, წასვლამდე აუცილებლად გაითვალისწინონ სტიპენდიის რაოდენობა და მიმღები ქვეყნის ცხოვრების დონე, რომ შემდეგ თავიდან აიცილონ გაუთვალისწინებელი სიტუაციები".
საქართველოში დაბრუნებულ მარიამს ყველაზე მეტად დამოუკიდებლობის შეგრძნება მოენატრება “დრო, როცა ვიცოდი, რომ ჩემზე ვერავინ იზრუნებდა, მე უნდა მეზრუნა ჩემს პროფესიულ და პიროვნულ ზრდაზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე. მენატრება, ესპანელ სტუდენტებთან საუბარი და სიცილი, ძალიან ბევრი სიარული და ახალი ადგილების აღმოჩენა და იმის შეგრძნება, რომ უამრავი პრობლემის მიუხედავად უზომოდ ბედნიერი ვიყავი, რომ გავრისკე“.