ნათია ლეკიაშვილი
პალაცკის უნივერსიტეტი ოლომოუცში (ჩეხეთი)
ნათია ლეკიაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრზე Erasmus+ საერთაშორისო კრედიტების მობილობის (ICM) პროგრამით იმყოფებოდა ჩეხეთში, პალაცკის უნივერსიტეტში. უცხოეთში სტუდენტობის შესახებ გვესაუბრება ნათია.
1. ნათია, რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინები ამ პროგრამასთან დაკავშირებით?
ჩემი მოლოდინები გამართლდა, მასპინძელ უნივერსიტეტში დამხვდნენ პროფესიონალი და ძალიან მეგობრული ლექტორები, რაც დამეხმარა უცხო გარემოში ადაპტაციაში.
2. რა იყო ყველაზე მთავარი ბენეფიტი თქვენთვის ამ პროგრამიდან?
შევიძინე მეგობრები,მივიღე უცხოური განათლება და აღმოვაჩინე საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები.
3. რომელი პერსონალური უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ ეს პროგრამა?
ამ პროგრამის წყალობით გავხდი დამოუკიდებელი და ვისწავლე, როგორ ვიყო უფრო გაბედული.
4. რომელი პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ ეს მობილობა?
სწავლის პერიოდში გავიცანი სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის წარმომადგენლები, ვისთან ურთიერთობამაც გამიუმჯობესა ადამიანებზე დაკვირვებისა და შეცნობის უნარი. როგორც მომავალი სოციოლოგისთვის, მნიშვნელოვანია ადამიანის ხასიათისა და ბუნების ცნობა და მათზე დაკვირვების ცოდნა. გარდა ამისა, გავიარე სასწავლო კურსი Media Education, სადაც ვისწავლე დეზინფორმაციის, ინფორმაციისაგან გარჩევა.
5. რა მოგენატრებათ ყველაზე მეტად?
ყველაზე მეტად მომენატრება ინტერნაციონალური გარემო, მეგობრები, მოგზაურობა და თავგადასავლებითა და გამოწვევებით სავსე იქაური ცხოვრება.
6. რა უპირატესობა აქვს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას? რატომ უნდა მიიღოს სტუდენტმა მონაწილეობა მსგავს პროგრამაში?
გაცვლითი პროგრამა გეხმარება გაიუმჯობესო უცხო ენის ცოდნის დონე, იმოგზაურო, შეიძინო მეგობრები მსოფლიოს ქვეყნებიდან და მთავარი, აღმოაჩინო შენი შესაძლებლობები. ასევე, განვითარდე და გაიღრმავო ცოდნა საერთაშორისო დონეზე.
7. თქვენი რეკომენდაცია სხვა სტუდენტებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამაში.
გაცვლითი პროგრამა არის ახალი ცხოვრების შანსი თავისი გამოწვევებით და თავგადასავლებით. ამ პროექტის ფარგლებში ყოველ ნაბიჯზე იღებ უფრო მეტ არაფორმალურ განათლებას ვიდრე ფორმალურს. თუ გინდა, რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა მიიღო, მაშინ გეტყვი, რომ წინ მრავალფეროვნებით სავსე ცხოვრება გელოდება, ცხოვრება, რომელიც უფრო დამოუკიდებელსა და თავდაჯერებულს გხდის.
8. დაასრულეთ წინადადება: რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა...
რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა მე ვერ აღმოვაჩენდი საკუთარ თავში ისეთ შესაძლებლობებს, რომლებიც საჭიროა დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის, ვერ შევიძენდი უცხოელ მეგობრებს და ვერ დავაგროვებდი მათთან ერთად საუკეთესო მოგონებებს.
9. რამეს ხომ არ დაამატებდით?
დაუვიწყარი მოგონებები, ევროპული განათლება, გამოწვევები, ეს არის ყველაფერი, რასაც გაცვლითი პროგრამა გვთავაზობს. ამ ყველაფრის წყალობით კი ყოველ დღე ვვითარდებით და ვიზრდებით საკუთარი შესაძლებლობების კვალდაკვალ.