თამარ ვარდია
მასარიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)
თამარ ვარდია, საბაუნის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი Erasmus+ კრედიტების მობილობის პროგრამით ჩეხეთში, მასარიკის უნივერსიტეტში სწავლობდა. 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი თამარისთვის განსხვავებული და საინტერესო გამოცდილებით სავსე აღმოჩნდა. მისი მოლოდინები გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით ყველა მიმართულებით გამართლდა; როგორც თავად ამბობს, ამ პროგრამამ შესძინა მეტი თავდაჯერებულობა და განუვითარა საკომუნიკაციო უნარები.
გაცვლითი პროგრამების ბენეფიტებზე საუბრისას, თამარი გამოყოფს უცხო ქვეყანაში დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილებას. „ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი იმის გააზრებაა, რომ სრულიად უცხო ქალაქში ხარ მარტო და მხოლოდ შენი თავის იმედი გაქვს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია დამოუკიდებლად ვცხოვრობ, ვფიქრობ, სხვა ქვეყანაში ამ კუთხით გამოცდილების მიღება სულ სხვა რამეა. შესაბამისად, ეს პროგრამა გვეხმარება შინაგანი შიშის დაძლევაში. ასევე უმნიშვნელოვანესია ადამიანის პირადი ცხოვრების აქაური აღქმა: აქ არავის არ აინტერესებ, არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოდიხარ. ყველა არის თანასწორი, შესაბამისად შეგიძლია იყო ის ვინც ნამდვილად ხარ. ამ დროის განმავლობაში ვისწავლე, რომ შეკითხვების დასმა არ არის სირცხვილი და ნებისმიერ დროს შეგიძლია გამოხატო შენი აზრი, ისე რომ სხვა არ განგსჯის. პირიქით, ყველა ცდილობს შენს დახმარებას, შენი ინდივიდუალური სურვილის გააზრებას, დაფიქრებას და არავინ შეეცდება თავს მოგახვიოს თავისი აზრი. ერთი სიტყვით ჯანსაღ გარემოში ყოფნა აუცილებელია.
რაც შეეხება პროფესიულ უნარების გაუმჯობესებას, გამოვყოფდი უცხო ენაზე ლიტერატურის დამუშავებას, ნაშრომის დაწერას და პრეზენტაციის უნარის დახვეწას.“
გაცვლითი პროგრამების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი განსხვავებული სასწავლო კურსებია. თამარისთვის ასეთი საგანი კიბერსამართალი აღმოჩნდა. „ეს კურსი იყო ზოგადი ხასიათის, რომელმაც მნიშვნელოვნად გააღრმავა ცოდნა სხვადასხვა კიბერსამართალთან დაკავშირებულ საკითხებზე. საინტერესოდ მახსენდება შემდეგი საკითხები: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სასწავლო მიზნებისთვის, კიბერსამართლის განვითარების ისტორია, ინტერნეტ სერვისის პროვაიდერების (ISP) სამართლებრივი პასუხისმგებლობა, კიბერუსაფრთხოება, ინტერნეტის მოხმარება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები პლატფორმებთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საკითხები“- თამარ ვარდია.
როგორც თამარი აღნიშნავს, სტუდენტური ცხოვრება ჩეხეთში მკვეთრად განსხვავებულია საქართველოსაგან. „უცხოეთში სტუდენტების მთავარი საფიქრალი მხოლოდ და მხოლოდ სწავლაა. მათთვის წარმოუდგენელია სრულ განაკვეთზე მუშაობა და პარალელურად სწავლა, თუნდაც სამაგისტრო პროგრამის საფეხურზე. როდესაც გაიგეს, რომ 20 წლის ასაკიდან სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობდი, გაოცებას ვერ მალავდნენ. ჩემთვის ეს გასაკვირი იყო. იქ სამაგისტრო საფეხურის დასრულებისას გადიან სტაჟირებას და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ სრულ განაკვეთზე მუშაობას“.
ჩეხეთში გატარებული ერთი სემესტრი საინტერესო მოგონებად დარჩება თამარის მეხსიერებაში. საქართველოში დაბრუნებულს ძალიან მოენტარება სტუდენტური საცხოვრებლის მიმდებარე არსებული პარკი - “Kravi Hora”, საიდანაც შეგიძლიათ იხილოთ მზის ჩასვლის ულამაზესი ხედი. ასევე ნისლიანი დღეები, რომელიც ჯადოსნურს ხდის ამ ქალაქ ბრნოს“.
თამარის რეკომენდაცია სხვა სტუდენტებისთვის ასეთია: „აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში და თავად გამოსცადეთ ყველა ბარიერის გადალახვისაგან მიღებული სიამოვნება. თავიდანვე გააცნობიერეთ, რომ მარტივი გზა არ გექნებათ გასავლელი, თუმცა, თითოეული გამოცდილება უფრო გაგაძლიერებთ და დაგარწმუნებთ საკუთარ შესაძლებლობებში“.