ნინო მუხადგვერდელი
სალამანკას პონტიფიკური უნივერსიტეტი (ესპანეთი)
ნინო მუხადგვერდელი, საბაუნის სადოქტორო სკოლის სტუდენტი Erasmus+ სტუდენტების მობილობის პროგრამით ესპანეთში, სალამანკას პონტიფიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდა. საქართველოში დაბრუნებული ნინო შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.
ამ გაცვლითი პროგრამის მიმართ საკმაოდ დიდი მოლოდინები მქონდა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს საყვარელ ქვეყანაში მომიწევდა ერთი სემესტრის გატარება. მოლოდინები გამართლდა, ვინაიდან ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში კვლევის შესაძლებლობა მომეცა. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ის კულტურული და სოციალური გამოცდილება რაც გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მივიღე.
ყველაზე დიდი ბენეფიტი ალბათ უცხოეთში დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილებაა, რომელიც თავის მხრივ გვეხმარება პერსონალური უნარ-ჩვევების განვითარებაში. ჩემთვის, ასეთი, დროის და რესურსების მართვის უნარის დახვეწა აღმოჩნდა. ბუნებრივია, აკადემიური გაცვლითი პროგრამა გვეხმარება ასევე პროფესიული უნარების გაღრმავებაშიც. ვინაიდან ჩემი მობილობა კვლევითი მიმართულებით იყო, შესაბამისად გავიუმჯობესე კვლევითი უნარ-ჩვევები. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და ესპანეთში საკმაოდ განსხვავდება სტუდენტური ცხოვრების სტილი და თავად სწავლისადმი დამოკიდებულებაც. აღმოვაჩინე, რომ ესპანეთში სწავლისადმი/დოქტორანტისადმი დამოკიდებულება უფრო ამაღლებულია, ვიდრე საქართველოში.
გაცვლითი პროგრამების მთავარი უპირატესობა ვფიქრობ განსხვავებულ საზოგადოებაში ცხოვრების და კვლევის/სწავლის შესაძლებლობაა. სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს სხვაგვარ სწავლების მეთოდებს და სტილს, ეცნობა აკადემიურ საზოგადოებას, რომელიც ახალი შესაძლებლობების ძალიან კარგი საშუალებაა. და რა თქმა უნდა, სხვა კულტურის პირადად გაცნობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენეტია. ვურჩევდი ყველა სტუდენტს მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში, შეისწავლონ ქვეყნის კულტურა და რა თქმა უნდა გამოიყენონ მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული შესაძლებლობები.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ყველაზე მეტად მომენატრება ესპანური კულტურა და საზოგადოება. ასევე თვითონ სალამანკა, რომელიც მყუდრო და ძალიან ლამაზი ქალაქია, საოცრად ლამაზი არქიტექტურით და მეგობრული ხალხით.
დაასრულეთ წინადადება: რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, მე ....
... ვერ შევძლებდი პირადად გავცნობოდი ჩემი საყვარელი ქვეყნის კულტურას, ენას და დაუვიწყარ ერთ სემესტრს ვერ გავატარებდი საუკეთესო მეგობართან ერთად.