რუსუდან დარცმელიძე
ლუმსას უნივერსიტეტი (იტალია)
რუსუდან დარცმელიძე, საბაუნის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია, რომელმაც 2021-2022 წლის შემოდგომის სემესტრი რომში, ლუმსას უნივერსიტეტში ისწავლა Erasmus+ პროგრამით.
1. რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინები ამ პროგრამასთან დაკავშირებით?
გაცვლით პროგრამის დაწყებამდე მქონდა მოლოდინი, რომ მომდევნო ხუთი თვე იქნებოდა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილება ჩემთვის. რომ იგი სავსე იქნებოდა გამოწვევებით და დაუვიწყარი შეგრძნებებით. ამასთან, იმედი მქონდა, რომ სწავლასთან ერთად მოვახერხებდი იტალიის დათვალიერებასა და მისი კულტურის შესწავლას, გავაუმჯობესებდი პიროვნულ და პროფესიულ უნარ-ჩვევებს და ვიმუშავებდი საკუთარ თავზე. საბედნიეროდ, ჩემი ყველა მოლოდინი გამართლდა და გასული 5 თვე, რეალურად, იქცა უდიდეს გამოცდილებად და სასიამოვნოდ მოსაგონარ პერიოდად.
2. რა იყო ყველაზე მთავარი ბენეფიტი თქვენთვის ამ პროგრამიდან?
პროფესიული ცოდნის მიღების გარდა, ჩემთვის უმთავრესი სარგებელი ახალი კულტურის ახლოდან შეცნობა იყო. საბედნიეროდ, გაცვლითი პროგრამის განმავლობაში 5 თვე ქალაქ მუზეუმში- რომში გავატარე. ამ ქალაქში და ზოგადად იტალიაში გატარებული ყოველი დღე სავსე იყო სასიამოვნო სიურპრიზებით. ეს არის ამოუწურავი შესაძლებლობებისა და საოცარი კულტურის მქონე ქვეყანა, რომელიც ახერხებს ყოველ ჯერზე უფროდაუფრო შეგაყვაროს თავი და უფრო მეტად გაგაოცოს.
ამასთან, არ შემიძლია არ აღვნიშნო პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზნის- უცხოელ თანატოლებთან კონტაქტების დამყარების როლი ამ პერიოდის წარმატებულად ჩათვლაში. განსაკუთრებით საინტერესო და სასიამოვნო პროცესი იყო ახალი ადამიანების გაცნობა, მათთან კომუნიკაცია, კულტურისა და ტრადიციების შესახებ ინფორმაციის გაცვლა, გართობა და დამეგობრება.
3. რომელი პერსონალური უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ ეს პროგრამა?
უცხო ქვეყანაში დამოუკიდებლად ცხოვრება ხშირ შემთხვევაში უამრავ გამოწვევასთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, იყო სირთულეებიც, თუმცა ამ პროგრამამ დამარწმუნა რომ შემიძლია პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარება, ახალ გარემოსთან სწრაფად ადაპტაცია. ამასთან, გამოცდილება მივიღე ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში.
4. რა მოგენატრებათ ყველაზე მეტად?
ალბათ ყველაზე მეტად მომენატრება გარემო, რომელშიც ვცხოვრობდი და ნამდვილი იტალიური სული, რომელიც ყოველი ფეხის ნაბიჯზე მხვდებოდა. საბედნიეროდ, ისეთ უბანში ვცხოვრობდი და ვსწავლობდი, საიდანაც ფეხით შეიძლებოდა მივსულიყავი რომის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან, მათ შორის წმინდა იოანეს ტაძართან, კოლიზეუმთან, რომის ფორუმთან, Circus Maximus-თან და ა.შ. ამიტომაც, ოდნავ რთულია შეგუება იმ ფაქტთან, რომ დროებით ვეღარ შევძლებ ამ სანახაობებით ყოველდღიურ ტკბობას.
5. შეადარეთ სტუდენტის ცხოვრება საქართველოსა და უცხოეთში ...
სტუდენტების ცხოვრება იტალიაში და საქართველოში არსებითად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ვფიქრობ, ერთ-ერთი, რამაც შეიძლება განსხვავებული სურათი მოგვცეს, არის სწავლების მეთოდიკა. იტალიაში სტუდენტი ლექციაზე უფრო მეტად მსმენელის როლშია. იტალიელ სტუდენტებს ქართველებისაგან შესაძლოა გამოარჩევდეს მათი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ და მათ მიერ დროის დაგეგმვის უნარი. ეს ერი ცდილობს მაქსიმალურად ნაკლები სტრესი მიიღოს ცხოვრებისაგან, შესაბამისად, საღამოს, მეგობრებთან ერთად, განტვირთვა მათი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. ამიტომაც ხშირად უწევენ ორგანიზებას სხვადასხვა აქტივობას.
6. რა უპირატესობა აქვს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას? რატომ უნდა მიიღოს სტუდენტმა მონაწილეობა მსგავს პროგრამაში
გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება განსაკუთრებით დიდ დატვირთვას ატარებს გლობალიზაციის ეპოქაში. ვფიქრობ, სამუშაო ბაზარზე განსაკუთრებით მაღალი კონკურენციის პირობებში, მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა შეძლოს თვალსაწიერის სწორი მიმართულებით გაფართოება. ამასთან, უზომოდ სასიამოვნო და საინტერესო პროცესია უცხო კულტურის შეცნობა, რაც ძალაუნებურადაც შეიძლება მოხდეს, ვინაიდან უცხოელი სტუდენტი მარტივად ხდება საზოგადოების წევრი.
ამასთან, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს აიმაღლონ პროფესიული და პიროვნული უნარები, იმუშაონ საკუთარ თავზე, შეიძინონ ახალი მეგობრები და დაამყარონ საერთაშორისო კავშირები. საბოლოოდ, პროგრამა უდიდეს ცხოვრებისეულ გამოცდილებას აძლევს მის მონაწილეებს.
7. დაასრულეთ წინადადება: რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, მე ....
რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, არ მექნებოდა შესაძლებლობა მესწავლა იტალიის ერთ-ერთ ცნობილ უნივერსიტეტში, განმევითარებინა მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელი პროფესიული და პიროვნული უნარ-ჩვევები, შემეძინა ახალი მეგობრები საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, შემეცნო და დამეთვალიერებინა ნამდვილი იტალია.