თამარ ზაქროშვილი
პალაცკის უნივერსიტეტი ოლომოუსში (ჩეხეთი)
თამარ ზაქროშვილი, საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი და ოლომოუცის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის მონაწილეა, რომელმაც 2021-2022 წლის გაზაფხულის სემესტრსი ჩეხეთში გაიარა Erasmus+ პროგრამით.
1. რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინები ამ პროგრამასთან დაკავშირებით?
ვფიქრობ, მოლოდინები უნივერსიტეტის, სასწავლო კურსებისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ ევროპაში მეტწილად გამართლდა. ერთადერთი, რაც, საბედნიეროდ, არ გამართლდა, იყო საზღვრებს გარეთ ცხოვრებისა და უცხო ენაზე სწავლის სირთულე და შიშები. უცნობ გარემოსთან შეგუება ბევრად მარტივი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი. რაც შეეხება ინგლისურ ენაზე სწავლის პროცესსა და კომუნიკაციას, იყო გარკვეული სირთულეები, თუმცა, ვფიქრობ, მათი დაძლევა მეტწილად მოვახერხე.
2. რა იყო ყველაზე მთავარი ბენეფიტი თქვენთვის ამ პროგრამიდან?
სარგებელზე, რომელიც ამ პროგრამამ მომცა, საუბარი ჩემი მხრიდან ალბათ დაუსრულებელი იქნება, თუმცა ვეცდები, გამოვყო რამდენიმე ძირითადი. თავდაპირველად შევეხები აკადემიურ მხარეს, რაც ნამდვილად განსაკუთრებული და განსხვავებული იყო ჩვენი უნივერსიტეტისგან და ვფიქრობ, საინტერესო გამოცდილება იყო ჩემთვის. შემდგომში კი აუცილებლად ხაზგასასმელია სოციალური ცხოვრება და ურთიერთობები, რომლებიც მთელი ხუთი თვის განმავლობაში ყოველმხრივ მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. ჩემი აზრით, იშვიათად თუ გვეძლევა საშუალება ვიცხოვროთ მრავალეთნიკურ და მრავალკულტურულ საზოგადოებაში. ERASMUS+ კი მომცა საშუალება ნებით თუ უნებლიედ „შემესწავლა“ და კიდევ უფრო მეტი გამეგო სხვა ერის ხალხებზე და მათ კულტურაზე.
3. რომელი პერსონალური უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ ეს პროგრამა?
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ადრეული ასაკიდან დამოუკიდებელი ვარ, ვფიქრობ ეს იყო საუკეთესო გამოცდილება მეცხოვრა დამოუკიდებლად და ყველანაირი პასუხისმგებლობა ამეღო საკუთარ თავზე. ვფიქრობ, კიდევ უფრო უკეთ ვისწავლე ჩემი სირთულეებისადმი შიშების დაძლევა თუ არა კონტროლი მაინც. რაც მთავარია, კიდევ უფრო გამბედავი, თამამი და ღია გავხდი სიახლეებისადმი.
4. რომელი პროფესიული უნარების გაუმჯობესებაში დაგეხმარათ ეს მობილობა?
ვფიქრობ, ერთ-ერთი პირველი ინგლისურ ენაზე კომუნიკაციაა, რაც ჯერ კიდევ არ არის იდეალური თუმცა ბევრად გაუმჯობესებულია. ამას გარდა, ვისწავლე, თუ სად, როგორ და რა ხერხებით უნდა მოვიძიო ინფორმაციები საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებზე და როგორ უნდა გავაანალიზო ეს ყველაფერი.
5. იქ ნასწავლი საგნებიდან რომელ სასწავლო კურსებს გამოყოფდით ყველაზე მეტად? და რატომ?
პირველი და საუკეთესო კურსი ჩემთვის იყო Problems of the Post-Soviet World, ვინაიდან ეს საგანი ეხებოდა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში განვითარებულ მოვლენებს. კურსის განმავლობაში, პირადად ჩემთვის, ძალიან საინტერესო იყო მენახა როგორ უყურებდა რეალურად საერთაშორისო საზოგადოება ან თუნდაც რიგითი მოქალაქეები და როგორ აფასებდნენ ისტორიას, რომელიც ჩემი/ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობის ნაწილია.
ვისურვებდი, მსგავსი კურსის გავლის საშუალება ჩემ უნივერსიტეტშიც მქონდეს.
6. რა მოგენატრებათ ყველაზე მეტად?
რთულია გამოვყო ერთი კონკრეტული რამ, რაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ მომენატრება, თუმცა მაინც განსაკუთრებულად გამოვარჩევდი სულ სხვანაირ, ევროპულ, აქტიურ და მჩქეფარე სტუდენტურ ცხოვრებას. ურთიერთობებს, რომლებიც ჩემი ერასმუსის განსაკუთრებულად ძვირფასი და დაუვიწყარი ნაწილია.
7. შეადარეთ სტუდენტის ცხოვრება საქართველოსა და უცხოეთში ...
იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიის თაობის (ასე ვუწოდებ ჩემ თავს და თანატოლებს) სტუდენტი ვარ, ვფიქრობ, ბევრი არ ვიცი ქართულ სტუდენტურ ცხოვრებაზე. თუმცა სხვათა მონაყოლიდან და ჩემი მცირე გამოცდილებიდან თუ ამოვკრეფ მცირე ეპიზოდებს და ევროპულ სტუდენტურ ცხოვრებას შევადარებ, ვიტყოდი, რომ ბევრი უნდა ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ, რათა ქართველმა სტუდენტებმა შევძლოთ ევროპელი სტუდენტებივით ცხოვრება. თუ საქართველოში მცხოვრებ სტუდენტთა 70%-ზე მეტი სწავლის პარალელურად სრულით განაკვეთით მუშაობს, ჩემს მიერ ნანახზე და გაგებულზე დაყრდნობით, ვიტყოდი, რომ ევროპაში მხოლოდ 30% თუ იქნება დასაქმებული. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ეს მხოლოდ ჩემს მიერ ნანახია სრულად ობიექტური შეფასება ვერ იქნება. ამავე დროს, ვფიქრობ, ქართველებისგან განსხვავებით, ევროპელ სტუდენტებს გართობის და თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარების გაცილებით მეტი საშუალება აქვთ.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა სწორად შერჩეულმა სტუდენტმა მიიღოს მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში, რათა შემდგომში ერთად შევძლოთ ჩვენი და სხვათა სტუდენტური ცხოვრების გაუმჯობესება და გამრავალფეროვნება.
9. რა უპირატესობა აქვს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას? რატომ უნდა მიიღოს სტუდენტმა მონაწილეობა მსგავს პროგრამაში?
გაცვლით პროგრამაშ მონაწილეობის მიღება თითოეულ სტუდენტს აძლევს უნიკალურ საშუალებას აიმაღლოს არაერთი სამომავლოდ საჭირო კომპეტენცია, როგორც კარიერულ ისე ყოფით ცხოვრებაში. გარდა აკადემიური ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებისა თუ გამრავალფეროვნებისა, სტუდენტს ეძლევა საშუალება შეიცნოს საკუთარი თავი მრავალი კუთხით და აღმოაჩინოს ახალი ინტერესები თუ შესაძლებლობები. ამას გარდა, ვფიქრობ, დამოუკიდებლობის დონე ამ დროს სტუდენტის ცხოვრებაში ზენიტს აღწევს. მთელი სემესტრის განმავლობაში სტუდენტი სრულად იღებს პასუხისმგებლობას თავის მატერიალურ ცხოვრებაზე, უსაფრთხოებაზე, აკადემიურ მოსწრებაზე თუ სხვა მრავალ წვრილმან ყოფით დეტალზე.
10. თქვენი რეკომენდაცია სხვა სტუდენტებისათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამაში?
თითოეულ სტუდენტს, რომელსაც ოდნავ მაინც სურს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება და მათაც, ვისაც ჯერ არ სურს, ვეტყვი ახლა, მერეც და მუდმივად, რომ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ გახდნენ ამ ყველაფრის ნაწილი.
11. დაასრულეთ წინადადება: რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, მე გავაგრძელებდი ჩემი მიზნებისკენ სწრაფვას ბევრად ნელი ტემპით და მცირე ნაბიჯებით. ევროპული ცხოვრება იქნებოდა მხოლოდ წიგნებში წაკითხული ამბები ან ფილმებში ნანახი კადრები, რომელთა რეალობაში შეგრძნება ისევ შორეული მომავლის პერსპექტივად დარჩებოდა. გვერდით მეყოლებოდა რამდენიმე ისეთი ადამიანით ნაკლები, რომლებსაც ჩემი ბოლომდე სწამთ და მათ გარეშე ვერ გავბედავდი იმდენს, რამდენიც გავბედე.
რომ არა ეს გაცვლითი პროგრამა, ვერასდროს გავბედავდი იმის ფიქრს და მითუმეტეს ხმამაღლა გაჟღერებას, რომ ევროპაში (ევროპულ უნივერსიტეტში) წავიდოდი/დავბრუნდებოდი არა მხოლოდ ერთი სემესტრის გასატარებლად, არამედ სრული სამაგისტრო კურსის გასავლელად.