გიორგი ლელუაშვილი
კარდინალ ვიშინსკის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
„ჩემთვის, გაცვლითი პროგრამის მთავარი სიკეთე, რომელიც მივიღე და პირველ რიგში შემიძლია დავასახელო, არის - მოტივაცია. სხვა დანარჩენი სწორედ ამ მოტივაციის შედეგი იყო. ვგულისხმობ იმას, რომ უკეთესად დავინახე თეოლოგიის მნიშვნელობა ჩემს ინტერესებში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი არჩევანის სისწორეში. მომავალი თეოლოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დაინახოს იმ გარემოს სიცოცხლისუნარიანობა, რომელში მუშაობაც გადაწყვიტა."
გიორგი ლელუაშვილი, თეოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი FUCE სასწავლო გრანტით სასწავლებლად იმყოფებოდა ვარშავის კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტში, თეოლოგიის ფაკულტეტზე. გიორგი თავის გამოცდილებაზე:
„ჩემთვის, გაცვლითი პროგრამის მთავარი სიკეთე, რომელიც მივიღე და პირველ რიგში შემიძლია დავასახელო, არის - მოტივაცია. სხვა დანარჩენი სწორედ ამ მოტივაციის შედეგი იყო. ვგულისხმობ იმას, რომ უკეთესად დავინახე თეოლოგიის მნიშვნელობა ჩემს ინტერესებში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი არჩევანის სისწორეში. მომავალი თეოლოგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დაინახოს იმ გარემოს სიცოცხლისუნარიანობა, რომელში მუშაობაც გადაწყვიტა.
გაცვლითი პროგრამა აუმჯობესებს პიროვნულ უნარებს, რომლებიც შესაძლოა ნაკლებად განვითარდეს ერთ კონკრეტულ ადგილას. გარემო, რომელიც „გაიძულებს“ იყო აქტიურ კომუნიკაციაში უცნობ ადამიანებთან, სისტემატურად ილაპარაკო უცხო ენაზე, იქონიო კონტაქტები და იმუშაო შენს მინუსებზე, რომელიც ხელს გიშლის სრულ ადაპტაციაში. შედეგად ეს ყველაფერი გაქცევს ბევრად რეალიზებულ ადამიანად, ვიდრე იყავი მანამდე.
პროფესიული მიმართულებით, ვიტყოდი, რომ საკმაოდ გამიმართლა ამ უნივერსიტეტში, ვინაიდან მისი დაარსების დღიდან თეოლოგია ცენტრალური და ყველაზე წარმატებული სფეროა. შესაბამისად, უნივერსიტეტში გატარებული ყოველი დღე იყო სიახლისა და ინტერესის მომცემი, რაც მეტწილად მაღალკვალიფიციური პროფესორების დამსახურებაა. ასევე, უნდა გამოვყო სასწავლო კურსების მრავალფეროვნება. ზოგიერთი მათგანის საქართველოში გავლა ალბათ არ მომიხერხდებოდა, რადგან ჩვენთან შესაძლოა არ მოიძებნებოდეს შესაბამისი გამოცდილების სპეციალისტი. მაგალითად: კურსის „ქრისტიანობა აზიაში“ ხელმძღვანელი თავად მონაწილეობდა მისიონერულ საქმიანობებში და მრავალი წლის განმავლობაში იკვლევდა აზია-ოკეანიის თავისებურებებს როგორც სპეციფიკურ ნიადაგს ქრისტიანობისთვის.
მიჩვევა/ადაპტაცია და შემდეგ დაბრუნების აუცილებლობა სენტიმენტებს უკავშირდება აბსოლუტურად ყველა სტუდენტისთვის. მეც მათ შორის, სხვებთან ერთად, მომენატრება ადამიანები, რომლებსაც დავუახლოვდი ხუთი თვის მანძილზე და მრავალი თავგადასავალი გადამხდა მათთან ერთად. უნივერსიტეტის, პროფესორებისა და თანაკურსელების დავიწყება პრაქტიკულად შეუძლებელია (ალბათ ამაში ძირითადი როლი მათმა სასულიერო ხარისხმა და ამასთან დაკავშირებულმა პიროვნულმა თვისებებმა ითამაშეს).
დასასრულს მინდა მადლიერება გამოვხატო ჩემი უნივერსიტეტის, საბაუნის და ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების ფედერაციის (FUCE) მიმართ, რომელთაც მომცეს ეს შესანიშნავი შანსი საკუთარ თავზე გამომეცადა ყველა ზემოთ ხსენებული.