20ნოე,2025
ბაზისბანკის ყოველწლიური სტიპენდია სულხან-საბა ორბელიანის სტუდენტებისთვის
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს ბაზისბანკის მიერ დაწესებული სტიპენდიები გადაეცათ. ეს ინიციატივა უკვე ტრადიციად იქცა, 12 წელია, რაც ბაზისბანკი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მხარდამჭერია და ზრუნავს სტუდენტების წახალისებაზე.
საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა. მისი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები მხოლოდ ხარისხიანი განათლებით კი არა, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული სწავლებითაც გამოირჩევა.
ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა და სასტიპენდიო პროგრამა მოტივაციას აძლევს სტუდენტებს გამოავლინონ შესაძლებლობები, განაგრძონ პროფესიული ზრდა. სტიპენდიების მნიშვნელობა აისახება ყოველწლიურ შედეგებზე სტუდენტების მონდომება და ჩართულობა მუდმივად იზრდება.
2025-2026 წლის შემოდგომის სემესტრში ბაზისბანკის სტიპენდიით დაჯილდოვდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები. ისინი გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით, აქტიურობითა და უნივერსიტეტის ცხოვრებაში ჩართულობით.
შემოდგომის სემესტრის სტიპენდიატები გახდნენ:
- სალომე მუხადგვერდელი
- ეკატერინე ღუდუშაური
- თამარრა ცხვარიაშვილი
- ნინო ჩადუნელი
- ნათია საგინაშვილი
„განსაკუთრებით გვახარებს, რომ ბაზისბანკთან სტრატეგიული პარტნიორობა უკვე მე-12 წელია წარმატებით გრძელდება. ეს თანამშრომლობა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია საგანმანათლებლო დაწესებულებისა და კერძო სექტორის ეფექტურ ურთიერთობას ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობის პროფესიულ ზრდას. ბაზისბანკის მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით შეგვექმნა დამატებითი მოტივაცია სტუდენტებისთვის, რაც აისახება, როგორც აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაზე, ისე საუნივერსიტეტო ცხოვრებაში მათი ჩართულობის ზრდაზე “ — აღნიშნავს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, თამთა მიქაბერიძე.
„ბაზისბანკისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა მე-12 წელია გრძელდება. აქტიურად ვართ ჩართული ახალი თაობის განათლების მხარდამჭერ პროექტებში და ყოველწლიურად გავცემთ სტიპენდიებს წარჩინებულ სტუდენტებზე. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და ბაზისბანკის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ყოველწლიურად იზრდება მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტების რაოდენობა“ — ამბობს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
ბაზისბანკის სტიპენდია გადამწყვეტ როლს ასრულებს სტუდენტებისთვის, ეს არის არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ მათი შრომისა დაფასება, რაც მათ დამატებით ენთუზიაზმს აძლევს პროფესიული და პიროვნული წინსვლისთვის.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ბაზისბანკს სტუდენტების მხარდაჭერისთვის და ათწლეულზე მეტი ხნის ნდობასა და პარტნიორობისთვის!