14თებ,2023
პაპმა ფრანცისკემ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციას პირადად უმასპინძლა
13 თებერვალს ვატიკანში პაპმა ფრანცისკემ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დელეგაციას პირადად უმასპინძლა.
შეხვედრას უნივერსიტეტის დამფუძნებლები, პროფესორები, საბაუნის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
პაპმა სიტყვით მიმართვისას ყურადღება გაამახვილა ქართველ დიპლომატზე, სულხან-საბა ორბელიანზე, რომლის სახელსაც ატარებს უნივერსიტეტი და დასძინა, რომ ქართველი ხალხი, იმსახურებს ფართო გზასა და შესაძლებლობებს: “სულხან-საბა ორბელიანი იყო დიდი კულტურისა და ღიაობის ადამიანი… ქართველები, ახალგაზრდებით დაწყებული, იმსახურებენ ფართო გზასა და შესაძლებლობებს. ამავე დროს, ტიპური ქართული ჰუმანიზმი, მისი განუმეორებლობითა და მიმზიდველობით, ღირსია საყოველთაო დაფასებისა, თავისი ხელოვნებით, მუსიკით და სხვა გამომსახველობითი ფორმებით, რომლებიც კიდევ უფრო გამდიდრდება სხვა კულტურებთან პატივისცემით გამსჭვალული ურთიერთობის შედეგად. მაგალითის სახით, აქაც სინათლეს მოვიშველიებ, რომელიც იმისთვის კი არ არსებობს, რომ თვითონ გამოჩნდეს, არამედ იმისთვის რომ სხვას გაუნათოს ირგვლივ და მის იქით არსებული სივრცე. ასეა კულტურაც, რომელიც ახალ ჰორიზონტებს ხსნის და საზღვრებს აფართოებს. ამიტომაც, გისურვებთ იქცეთ "საამურ შუქად“ ახალგაზრდობისთვის და მადლობას მოგახსენებთ თქვენი საქმიანობისათვის”.
პაპთან ვიზიტი ჯერ კიდევ 2021 წელს დაიგეგმა - სულხან–საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დაარსებიდან 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად, თუმცა კოვიდ პანდემიის გამო გადაიდო და 2 წლის შემდეგ განხორციელდა.
Სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მხარდაჭერისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდის ვატიკანის საელჩოს საქართველოში (წმინდა საყდრის სადესპანო).
Photo credits: Vatican News