20ნოე,2023
პროფესორი ჟან-შარლ კაიე საბაუნიში
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული პირველი საერთაშორისო კონფერენციის ,,ტრანსფორმაციის ეტაპზე მყოფი საზოგადოებები" ფარგლებში, 14 ნოემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა ვორქშოპი ,,პედაგოგიკის ინოვაციური მეთოდები: როგორ გავზარდოთ სტუდენტთა ჩართულობა სასწავლო პროცესში ამობრუნებული საკლასო ოთახის მიდგომის გამოყენებით”.
ვორქშოპს უძღვებოდა ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ინოვაციების მიმართულებით, დიზაინის სკოლა ,,HEMiSF4iRE“-ის დირექტორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის სპეციალისტი, პროფესორი ჟან-შარლ კაიე (Pr. Jean-Charles CAILLIEZ, HDR, MBA), რომელიც მრავალი წელია მუშაობს სწავლების ინოვაციურ მეთოდებზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს მასტერკლასებს და აზიარებს 35 წლის განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებას. პროფესორი კაიე, ბოლო 10 წელია აქტიურად მუშაობს ,,ამობრუნებული საკლასო ოთახის“ მეთოდის გამოყენებით; მან პანდემიამდე გაცილებით ადრე დაიწყო სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება - ჰიბრიდული ფორმით სწავლება და ბოლო პერიოდში მოსინჯა სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ChatGPT (Chat Generative Pre-trained Transformer) გამოყენებაც.
კოლეგები და სტუდენტები მას ახასიათებენ როგორც ექსპერიმენტატორს, ინოვაციების ,,გენერატორს", რომელიც არასოდეს ჩერდება; მისი მიდგომები დაფუძნებულია კოლექტიურ ინტელექტსა და შემოქმედებითობაზე. პროფესორი ჟან-შარლ კაი გახლავთ არაერთი სახელმძღვანელოს ავტორი.