16ივლ,2026
ტრენინგი „საზოგადოებრივი ჩართულობა უმაღლეს განათლებაში“
1-3 ივლისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ტრენინგი „საზოგადოებრივი ჩართულობა უმაღლეს განათლებაში “ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები. ტრენინგი ერასმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის „საზოგადოებრივი ჩართულობის მდგრადი განვითარების შესაძლებლობების გაზრდა საქართველოსა და სიერა ლეონეს მაგალითზე - ENHANCE GSL“ ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნის საბაუნის პერსონალისათვის გაზიარებას.
საზოგადოებრივი ჩართულობის ღონისძიებები სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სხვადასხვა ფორმით წლებია ხორციელდება, თუმცა ყველა როგორც კურიკულუმ გარე და ცალკეული პირების მიერ ორგანიზებული ღონისძიება.
ENHANCE GSL პროექტის შედეგად კი შემუშავდა სახელმძღვანელო, რომელიც ფოკუსირებულია უმაღლეს განათლებაში საზოგადოებრივი ჩართულობის ღონისძიებების ინტეგრაციასა და იმპლემენტაციაზე. სახელმძღვანელო თეორიული მასალის გარდა, შედგება უცხოელი კოლეგების უშუალო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებით.
ტრენინგის პირველი ნაწილი საზოგადოებრივი ჩართულობის კონცეფციის, უმაღლეს განათლებაში მისი საჭიროების გაცნობას დაეთმო, სადაც მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პროექტის, პროექტის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელოს შესახებ. ასევე, გაეცნენ საზოგადოებრივი ჩართულობის ღონისძიებების სხვდასხვა ფორმებსა და სახეებს. ტრენინგის შემდეგი ნაწილი პრაქტიკულ და ჯგუფურ მუშაობაზე იყო ორიენტირებული, სადაც მონაწილეებმა თავდაპირველად ისაუბრეს საზოგადოების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, ხოლო შემდეგ შეიმუშავეს პროექტები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად. მონაწილეების მიერ ჩამოთვლილ ძირითად გამოწვევებს შორის იყო შემდეგი საკითხები: ადამიანის უფლებები, მედიაწიგნიერება, მდგრადი განვითარება და ეკოლოგია, ინკლუზიურობა და ნეირომრავალფეროვნება და სხვ. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს სილაბუსში საზოგადოებრივი ჩართულობის ღონისძიებების ინტეგრირების შემთხვევაში, მათი შეფასების ფორმებსა და კრიტერიუმებზე. ტრენინგზე მოწვეული იყო საბაუნის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აფილირებული ასისტენტ- პროფესორი ნატალია მჭედლიშვილი, რომელმაც გაზაფხულის სემესტრზე მის კურსში, კლინიკური ფსიქოლოგია, საცდელი ფორმით ჩართო საზოგადოებრივი ჩართულობის ღონისძიებები.
ნატალია მჭედლიშვილმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ტრენინგის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ სტუდენტები ძალიან დიდი ინტერესით ჩაერთვნენ პროექტში და დიდი ენთუზიაზმით იმუშავებს ჯგუფებში მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით (გააკეთეს კედლის გაზეთები, ხელნაკეთი ბროშურები, ვიდეო-რგოლები და სხვა).
ტრენინგს უძღვებოდნენ ENHANCE GSL პროექტში მონაწილე პირები, საბაუნის პრორექტორი, პროფესორი დიმიტრი გეგენავა, ანტი-დისკრიმინაციული ცენტრის ხელმძღვანელი და ასოცირებული პროფესორი, ცისია ოქროპირიძე და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი შორენა პარუნაშვილი. აღნიშნულ ტრენინგს წინ უსწრებდა სლოვაკეთში, მატეი ბელის უნივერსიტეტში გამართული ტრენერთა ტრენინგი, რომელსაც უძღვებოდნენ პროექტში ENHANCE GSL ექსპერტები სლოვაკეთის და ხორვატიის უნივერსიტეტებიდან.