20სექ,2021
ინტერვიუ ინა ქალდანთან
2021 წელი, პანდემიის მიუხედავად, საინტერესო და დაძაბული აღმოჩნდა სპორტის მოყვარულთათვის. კოვიდ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო 2020 წელს დაგეგმილმა ღონისძიებებმა 2021 წელს გადმოინაცვლა. შესაბამისად, წელს ერთდროულად ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში „ევრო 2020“ და ოლიმპიური თამაშები. ეს წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტის, 24 წლის ინა ქალდანისთვის, რომელიც მონაწილეობდა პარაოლიმპიურ თამაშებში და საქართველოს ვერცხლის მედალი მოუტანა. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ვერცხლის პრიზიორ სპორტსმენს სწავლა სრულად დაუფინანსდა. გთავაზობთ მოკლე ინტერვიუს ინა ქალდანთან, რომელიც საკუთარ გამოცდილებაზე გვესაუბრება.
ინა, გამარჯობა, გილოცავთ პარაოლიმპიადის ვერცლის პრიოზიორობას, გისურვებთ კიდევ მრავალ გამარჯვებას და თქვენი მხარდამჭერების გახარებას. გთხოვთ, გვიამბეთ თქვენ შესახებ.
დავიბადე და გავიზარდე თბილისში, სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება და საბაუნში ჩავაბარე. შემდეგ იყო დიდი ცვლილებები, რის გამოც სწავლა დროებით შევწყვიტე, თუმცა საბაუნმა საშუალება მომცა, რეალობად მექცია ჩემი ოცნებები და საუკეთესო საჩუქარი მივიღე მისგან, რამაც ძალიან გამახარა და არც კი ვიცი, რით გამოვხატო მადლიერება. დღეს მე ვარ 24 წლის პარაოლიმპიური ვიცეჩემპიონი ძიუდოში, ამასთანავე, მყავს მეუღლე და 3 წლის შვილი.
როდის დაინტერესდით სპორტით და რატომ აირჩიეთ ეს სახეობა?
მუდამ დაინტერესებული ვიყავი სპორტით, თუმცა ძიუდოს შესახებ პირველად თანაკლასელებისგან გავიგე; მაშინ ჯერ კიდევ ათი წლის ვიყავი და ვარჯიშის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მალევე მივიღე. თანაც პატარაობიდანვე ძლიერი ბავშვი ვიყავი თანატოლებთან შედარებით და ძიუდო სწორედ ის სფერო აღმოჩნდა, სადაც ამ ძალის რეალიზება მოვახდინე.
როგორ ემზადებოდით, რა გზა გაიარეთ ვერცხლის მედლის მოპოვებამდე და რას მოელოდით, როდესაც ტოკიოში გაემგზავრეთ?
ჯერ კიდევ პატარაობიდანვე მქონდა მიზნად დასახული, რომ წარმატებისთვის მიმეღწია და ეს წარმატება ჩემი ცხოვრების განმსაზღვრელი ყოფილიყო, ამიტომ სულ ვცდილობდი, რომ მებრძოლა. ახლა უკვე ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ წარმატების პირველ ნაბიჯებს ვდგამ და იმედი მაქვს, შემდგომშიც ასე გაგრძელდება. არც ტოკიოში გამგზავრებამდე და არც ჭიდაობის მომენტში არ ვღელავდი, საკმაოდ თავისუფლად ვიყავი, ზოგადად, ბუნებით ასეთი ვარ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მეხმარება ცხოვრებაში.
ალბათ გასაოცარი შეგრძნებაა, როდესაც კვარცხლბეკზე დგახარ..
კვარცხლბეკზე დგომა მართლაც რომ ენით აუწერელი ბედნიერებაა; ძნელია, სიტყვებით გადმოსცე ეს ემოცია, როცა ერთდროულად განიცდი ბედნიერებას, აღტაცებას, კმაყოფილებას... თუმცა იყო ერთი, რაც ძალიან დამაკლდა წლევანდელ ოლიმპიადაზე და ბოლომდე დავიხარჯები იმისათვის, რომ შემდეგში ქართული ჰიმნის ჟრუანტელმა დაუაროს ყველა ქართველ ქომაგს.
შეიცვალა თუ არა რამე თქვენთვის ამ ოლიმპიადის შემდეგ?
ოლიმპიადის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. უკვე ახალი მიზნები დავისახე, მეტად მოტივირებული ვარ, გავაკეთო მაქსიმუმი და, ასევე, ყველას დავანახო, რომ შესაძლებლობები უსაზღვროა. სულ რამდენიმე წლის წინ მხოლოდ ოცნებაში წარმომედგინა ასეთი რამ, ახლა კი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წლის შემდეგაც იმავეს ვიტყვი.
რას საქმიანობთ თავისუფალ დროს?
გამომდინარე იქიდან, რომ სპორტთან ერთად ოჯახსაც უნდა მივხედო, თანაც ჩემი პატარა კატეგორიულად მოითხოვს ყურადღების ცენტრში ყოფნას, თავისუფალ დროს სულ მასთან ვარ. მან ჩემს ჭიდაობას უყურა ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, მაგრამ მაინც მამა მიიჩნია ჩემპიონად. გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლეც ძიუდოისტია, ოლიმპიადაზე ერთად ვიყავით, ის ყველანაირად მეხმარება და ხელს მიწყობს, რომ არ მოვწყდე ვარჯიშს. თავისუფალ დროს მიყვარს ასევე საჭმლის მომზადება, ამბობენ, რომ გემრიელი კერძები გამომდის.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
პირველ რიგში, მოუთმენლად ველოდები 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებს, რისთვისაც მჭირდება უწყვეტი ვარჯიში და მობილიზება. ასევე უნდა მივხედო სტუდენტურ ცხოვრებასაც და მივიღო ხარისხიანი განათლება.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ ინას ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ დასახული მიზნების სრულად განხორციელებას.