12ივნ,2018
მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“
5-7 ივნისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ჩატარდა უკვე მეორედ საერთაშორისო სიმპოზიუმი „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს.
სიმპოზიუმი საბაუნის რექტორმა, პროფ. ვაჟა ვარდიძემ გახსნა, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში ვრცლად ისაუბრა საქართველოსათვის კათოლიკე ეკლესიის მნიშვნელობაზე. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ ასევე უნივერსიტეტის დამფუძნებელი, საქართველოში ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი, მეუფე ჯუზეპე პაზოტო და თბილისში წმ. საყდრის ელჩის მოადგილე, მიკელე ბლაჟი. მოხსენებების დასაწყსიში, საბაუნისა და ტექნიკური უნივერსიტეტის პროფ. ბუგზარ ბარდაველიძემ მოკლედ ისაუბრა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკაზე და კათოლიკე ეკლესიის შესახებ ბოლო 100 წლის განმავლობაში.
პირველი პელანური სხდომა გახსნა ისტორიის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მურმან პაპაშვილმა, რომელმაც ისაუბრა XVII საუკუნის 80-90 იანი წლების თბილისის კათოლიკეთა ცხოვრებაზე კაპუცინი ბერის, ჯულიო კრემონელის ცნობების მიხედვით. მეორე მოხსენება „არქანჯელო ლამბერტის ნაშრომი „წმინდა კოლხეთი“ და მისი ახალი ქართული თარგმანი“ წაიკითხა, თსუ-ს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელმა, ისტორიის დოქტორმა დავით მერკვილაძემ. სხდომის მესამე მომხსენებელმა, კახაბერ სურგულაძემ თავის მოხსენებაში „რომის ეკლესიასთან საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან“ მიმოიხილა XI-XIII საუკუნეებში საქართველოს ურთიერთობა კათოლიკე ეკლესიასთან, გიორგი მთაწმინდელისა და რუსუდან მეფის წერილებზე დაყრდნობით.
მცირე შესვენების შემდეგ განახლდა მეორე პლენარული სხდომა, რომელიც განაგრძო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მანანა ჯავახიშვილმა, რომლის მოხსენების თემა იყო „კათოლიკე მისიონერების ნარატივები „საკუთრისა“ და „უცხოს“ შესახებ, სადაც „საკუთრისა“ და „უცხოს“ ურთიერთმიმართება წარმოდგენილი იყო XVII საუკუნის დასაწყისში საქართველოში ჩამოსული თეატინელი მისიონერების“ არქანჯელო ლამბერტის, ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელის, კრისტოფორო კასტელის და პეტრო ავიტაბილეს რელაციებზე დაყრდნობით. „სამედიცინო საქმე, როგორც კათოლიკე მისიონერების სოციალური და რელიგიური მისია“ იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის, ანა ჭკუასელის მოხსენების თემა, სადაც ავტორი კათოლიკე მისიონერების (ქრისტეფორე კასტელის, ჯუდიჩე მილანელისა და არქანჯელო ლამბერტის) ქართულ ენაზე შესრულებული ორიგინალ ხელნაწერებზე დაყრდნობით წარმოგვიდგინა თუ ხდებოდა მისიონერების მიერ დანერგილი ტრადიციის ადგილობრივ, ტრადიციულ ქართულ სამედიცინო კულტურასთან ადაპტირება და კათოლიკური მისიების სამკურნალო პრაქტიკის სოციალური და რელიგიური ტენდენციების განსაზღვრა. შემდეგი მომხსენებელი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, მარიამ მარჯანიშვილი, თავის მოხსენებაში „ქართველ კათოლიკეთა ცხოვრების ფურცლები“ ვრცლად ისაუბრა ნიკოლოზ ჯანელიძის შესახებ, რომელმაც მამა მიხეილ თამარაშვილის ლოცვა კურთხევით თარგმნა წმ. ნინოს ცხოვრება გერმანულ ენაზე და მთარგმნელობითი მუშაობით, ჰამბურგისა და კილის უნივერსიტეტებში ქართული ენის სწავლებით დიდი წვლილი შეიტანა ქართველ-გერმანელ ხალხთა დაახლოება-დამეგობრების საქმეში. სხდომის ბოლო მომხსენებელი, თბილისის მუზეუმების გაერთიანებებიდან ქ-ნმა ქეთევან ახობაძემ გააკეთა ქალბატონი მანან ქუთათელაძის ავტორობით შესრულებული ილუსტრირებული წიგნის „კათოლიკე ეკლესია საქართველოში“ მიმოხილვა, სადაც წარმოდგენილი იყო კათოლიკური მისიების კვალი წარსულსა და დღევანდელობაში.
დღის დასასრულს გაიმართა ბესო გაფრინდაშვილის ფილმის, ქეთევან წამებულის კვალდაკვალ“ ჩვენება, სადაც აღწერილი იყო ქეთევან წამებულის წამების ისტორია კათოლიკე ბერების ცნობებზე დაყრდნობით. ფილმში დიდი ადგილი აქვს დათმობილი სხვადასხვა ქვეყანაში წმიდანის ნაწილების ისტორიის თხრობას და საქართველოში მისი ჩამობრძანების ისტორიას.
6 ივნისის პლენარული სხდომა ფილოლოგიის დოქტორმა, საბაუნის პროფესორმა, ნუგზარ პაპუაშვილმა გახსნა მოხსენებით „საქართველოს ეკლესიის ორიენტაცია დიდი სქიზმის პირველ ეტაპზე „მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით (IX ს). „კათოლიკური ეკლესიის გამოწვევებზე ისაუბრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ბეჟან ჯავახიამ მოხსენებაში „კათოლიკური ეკლესიის გამოწვევები აღმოსავლეთის პოლიტიკაში“. შემდეგი მოხსენება „პატრი ნიკოლა და საქართველო“ წაიკითხა ისტორიის დოქტორმა, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა, გულნარი მჭედლიძემ. მოხსენებაში ქალბატონმა გულნარიმ ისაუბრა კათოლიკე მისიონერების და განსაკუთრებით 1792 წელს საქართველოში ჩამოსულ კაპუცინ ბერზე, ნიკოლა რუტილიანოს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. პლენარული სხდომის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საგანგებოდ სიმპოზიუმისათვის ჩამოსული, თურქეთის კარიტასის დირექტორი რინალდო მარმარა, რომელიც მუშაობდა ვატიკანის არქივებში და კარგად იცნობს სტამბულში, ქართული სავანის ისტორიასა და მასთან არსებულ არქივს. მან ვრცლად ისაუბრა ქართული სავანის არქივის შესახებ და მზაობა გამოთქვა საბაუნისთან თანამშრომლობის.
მცირე შესვენების შემდეგ, განახლა პლენაური სხდომა რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ მკლევარმა, გიორგი ჩუბინიძემ გახსნა მოხსენებით „ქართველი კათოლიკე მღვდელი ივანე გვარამაძე და ქართული სიძველეები“, სადაც მომხსენებელმა ისაუბრა ივანე გვარამაძის მიერ მატერიაული კულტურული სიძველეების შეგროვებასა და მათზე არსებული ისტორიული ხასიათის ინფორმაციის დოკუმენტირების შესახებ. ისტორიის დოქტორმა დავით თინიკაშვილმა თავის მოხსენებაში „კირიონ საძაგლიშვილის კრიტიკული მოსაზრებები მიხეილ თამარაშვილის ნაშრომის შესახებ“ გამოთქვა კრიტიკული მოსაზრებები მართლ. ეპისკოპოსის (შემდეგში პატრიარქის) კირიონ საძაგლიშვილის შენიშვნებზე მამა მიხეილ თამარაშვილის ნაშრომზე „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“ (1902). იტალიელი სტუმრის, ჯორჯო ფედალტოს ნაშრომი „კათოლიკე მისიონერები აღმოსავლეთში და პირველი საეპისკოპოსო საყდარი საქართველოში“ წაიკითხა დიაკონმა ედვარდ გოგილაშვილმა. ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტმა, ნათელა ხითარიშვილმა მოხსენებით „წმიდა იოსების სახელობის კათოლიკური ეკლესია სოფელ არალში“ ისაუბრა ადიგენის რაიონის სოფელ არლის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაზე. სხდომა დასრულდა საქართველოში წმ. კამილოს ორდენის სარეაბილიტაციო ცენტრის პრეზენტაციით.
7 ივნისს სიმპოზიუმს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, სადაც პროფ. ნუგზარ პაპუაშვილმა ისაუბრა გორში კათოლიკე ეკლესიის ისტორიაზე. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფ. ელდარ მამისთვალიშვილმა მოხსენებაში „ჯუსტინო და ლივორნოს 1687 წლის წერილი - წყარო საქართველოს ისტორიისათვის“ მიმოიხილა XVII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში (ქართლის სამეფოში) მოღვაწე მისიონერი პატრი ჯუსტინო და ლივორნოს წერილი, რომელშიც აღწერილია აღნიშნულ პერიოდში კათოლიკე მისიონერების ცხოვრება და მოღვაწეობა. საბაუნისა და ტენიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, ნუგზარ ბარდაველიძემ მოხსენებით „საქართველო-ვატიკანის ურთიერთობის ზიგზაგები“ მიმოიხილა 1992 – 2017 წლებში საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობები. სხდომის დასასრულს ბათუმის კათოლიკური სამრევლოს დიაკვანმა, თენგიზ პარმაქსიზიშვილმა მოხსენებით „ქართველ კათოლიკეთა მოძრაობა ქართული სულისა და ენის შენარჩუნებისათვის XIX-XX საუკუნის საქართველოში“ მოკლედ ისაუბრა ქართველი კათოლიკეების მდგომარეობასა და მოღვაწეობაზე აღნიშნულ პერიოდში.
საბაუნიმ 2017 წლის 6-8 ივნისს უმასპინძლა ამავე სახელწოდების სიმპოზიუმს, რომელზე გაკეთებული მოხსენებები გამოიცა კრებულის სახით და დარიგდა ამ წელს ჩატარებულ სიმპოზიუმზე.