
05ივნ,2019
პროექტ STAR ის დასკვნითი კონფერენცია
2019 წლის 4 ივნისს, ჩატარდა Erasmus+ KA2 პროექტ “სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის” (STAR) დასკვნითი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა პროექტში ჩართული ყველა მონაწილე უნივერსიტეტი.
ღონისძიების დასაწყისში მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი, კოტე თოფურია, ერასმუსის ეროვნული ოფისისი დირექტორი, ლიკა ღლონტი, რომელთაც ისაუბრეს სწავლების თანამედროვე მეთოდების ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დანერგვის აუცილებლობასა და საჭიროებაზე, უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობასა და მათი გამოცდილების ქართველ კოლეგებთან გაზიარების მნიშვნელობაზე.
მისასალმებელი სიტყვების შემდეგ პროექტის მიზნებზე, მსვლელობასა და შედეგებზე ისაუბრეს პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა: ივანა მაროვამ (მასარიკის უნივერსიტეტეი, ჩეხეთი) შეაჯამა პროექტის ზოგადი მიზნები და განხორციელებული აქტივობები, ცვეტელინა ჰარაჩკევამ (რუსეს უნივერსიტეტი, ბულგარეთი) ისაუბრა პროექტის ფარგლებში შედგენილ სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების სახელმძღვანელოზე, რომლის ერთ-ერთი მთავარი ავტორთაგანია, ხოლო ტერეზა პესოამ და სილვია ნოლანმა (კოიმბრას უნივერსიტეტი, პორტუგალია) ტრენერთა ტრენინგზე და უწყვეტი განათლების ცენტრის დანიშნულებაზე. სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვასა და მის გამოწვევებზე ისაუბრა ჯონი ბალთეზარმა (კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, დანია)
კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო პარტნიორი უნივერსიტეტების პრეზენტაციებს, სადაც ჩინურმა და ქართულმა უნივერსიტეტებმა ისაუბრეს პროექტის შედეგებზე, სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვის საჭიროებასა და გამოწვევებზე. საბაუნის პროფესორმა, ეკა ნაცვლიშვილმა წარადგინა საბაუნის პრეზენტაცია სადაც ვრცლად ისაუბრა პროექტის შედეგებზე, პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებზე, როგორც შიდა აუდიტორიისათვის, ასევე გარე დაინტერესებული პირებისათვის და სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების დანერგვის პროცესსა და გამოწვევებზე.
დასკვნითი კონფერენცია პროექტის რიგით მეშვიდე შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც მასპინძლობს საქართველოს უნივერსიტეტი 3 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით.
პროექტი “სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება - მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის” 2016 წლიდან დაიწყო და მიმდინარეწლის ოქტომბერში დასრულდება. პროექტის ფარგლებში დაფუძნდა პროფესიული განვითარების ცენტრი, შემუშავდა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების სახელმძღვანელო, ტრენინგ მოდული და ტრენინგები ჩაუტარდათ აკადემიურ პერსონალს.