05აგვ,2024
საბაუნის დოქტორანტმა ამსტერდამის სამართლის სკოლის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
ამსტერდამის სამართლის სკოლამ 17-19 ივლისს იურიდიული ეთიკის საერთაშორისო კონფერენცია გამართა. კონფერენცია მიზნად ისახავდა წვლილი შეეტანა მეცნიერულ, პროფესიულ და საჯარო დებატებში მართლმსაჯულების სექტორში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისა და მოწესრიგების შესახებ, როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სამართლებრივი ეთიკისა და კანონის უზენაესობის პერსპექტივიდან. კონფერენცია ეძღვნება ამერიკელი იურისტისა და იურიდიული ეთიკის მკვლევარის - დებორა როუდის ხსოვნას.
მოხსენებები დაეთმო ისეთ თემებს, როგორიცაა: 1. დიგიტალიზაცია, ინოვაცია და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, 2. ემპირიული და ინტერდისციპლინარული მიდგომები იურიდიული ეთიკისა და იურიდიული პროფესიის მიმართ, 3. ფილოსოფია და იურიდიული ეთიკა, 4. გლობალიზაცია და იურიდიული პროფესია, 5. იურიდიული პროფესიის რეგულირება, 6. ეთიკა და სამთავრობო იურისტები, 7. ეთიკა და იურიდიული განათლება, 8. ეთიკა და კანონის უზენაესობა.
კონკურსის საფუძველზე შერჩეული მოხსენებით, კონფერენციის ეთიკისა და კანონის უზენაესობის სესიაში, მონაწილეობდა თამარ ხუბულური, საბაუნის აფილირებული ასისტენტი, დოქტორანტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის იურისტი კვლევის პრეზენტაციით თემაზე - ადვოკატისაგან პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვისას პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის მიერ ადვოკატის პროფესიული ვალდებულებების შეფასების სტანდარტი.
„სადღიან კონფერენციაში მონაწილეობამ საშუალება მომცა უშუალოდ მომესმინა იურიდიული ეთიკის მკვლევარებისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან და გავცნობოდი იმ მიღწევებსა თუ გამოწვევებს, რასაც იურიდიულ ეთიკასა და იურიდიული ეთიკის სწავლებაში აწყდებიან იურისტები აკადემიური სფეროდან. სესიები, რომელიც ავირჩიე დაეთმო პროფესიული ქცევის სტანდარტების განხილვას; იურიდიული ეთიკის სწავლებას, მათ შორის კლინიკის ფორმატში. განვიხილეთ ის თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიები, რაც უზრუნველყოფს სტუდენტთა და დამწყებ იურისტთა მეტ ინტერესს სასწავლო პროცესში.
მოხსენება წარმოვადგინე კანონის უზენაესობის სესიის დროს. კონფერენციაზე წარმართულმა დისკუსიამ გამოავლინა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერსონალური მონაცემების დაცვაზე საზედამხედველო სამსახურებს აქვთ ადვოკატების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შემოწმების წესები, რა დროსაც დაცულია ადვოკატის პროფესიული საიდუმლოება და ადვოკატებს არ აქვთ ისეთი გამოწვევები, რასაც საქართველოს რეალობაში ვხვდებით“- აღნიშნავს თამარ ხუბულური.
კონფერენციაში 200-მდე მომხსენებელი მონაწილეობდა. თამარ ხუბულურის მონაწილეობა კოფერენციაში უზრუნველყო USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ.