08მაი,2019
საბაუნის პროფესორი ლოძის უნივერსიტეტში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის აფილირებულმა პროფესორმა, დიმიტრი კობახიძემ 13-17 აპრილს მონაწილეობა მიიღო Erasmus+ აკადემიური პერსონალის გაცვლის პროექტში, რომლის ფარგლებში ლექციები ჩაატარა ქალაქ ლოძის სოციალური მეცნიერებათა უნივერსიტეტსა და კლარკის უნივერსიტეტებში. ვიზიტის შესაფასებლად პროფ. დიმიტრი კობახიძეს რამდენიმე კითხვა დავუსვით:
ბატონო დიმიტრი, როგორ შეაფასებდით ამ ერთ კვირიან ვიზიტს?
ამ პროგრამა მომცა საშუალება გავცნობოდი ჩემს პოლონელ კოლეგებს და დამემყარებინა მათთან ძალიან კარგი საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები. ძალიან საინტერესო იყო მათთან სწავლების მეთოდების საუნივერსიტეტო გამოცდილებისა თუ ზოგადად შეხედულებების გაზიარება. ამასთანავე, ძალიან მაინტერესებდა თავად პოლონეთის ნახვაც და ლოძმა - თავისი მყუდროებით, სიჩუმით, გემრიელი სამზარეულოთი დახვეწილი მაღაზიებითა თუ გართობის სისტემით ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი პროგრამები (ერასმუს+ და ასევე გაცვლითი პროგრამები) სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის? გამგზავნი უნივერსიტეტისათვის?
მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. საქმე იმაშია, რომ ისტორიას ჩაბარდა დრო, როცა განათლება ლოკალური მასშტაბის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იყო გამიზნული მხოლოდ. დღევანდელი კურსდამთავრებულები უკვე თამამად შეიძლება მოვიაზროთ, როგორც საერთაშორისო მასშტაბით საკადრო საჭიროების საპასუხო კანდიდატებად. რაც თავის მხრივ სრულფასოვანი, უნივერსალური და გლობალურად მისაღები ცოდნის სტანდარტების დანერგვას მოითხოვს. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნებს შორის რაც შეიძლება მეტი საერთო გადაკვეთის წერტილების მონახვა, მეტი კონტაქტების შექმნა და ამ გზით უფრო მჭიდრო აკადემიური თანამშრომლობის განპირობება.
ურჩევდით თუ არა სხვას Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობის მიღებას და რატომ?
აუცილებლად ვურჩევდი. იმიტომ, რომ რაც მეტად გაიცნობს ნებისმიერი ადამიანი მისივე სპეციალობის ირგვლივ სხვა და სხვა გარემოებებისა და კულტურის წიაღში კოლეგათა მიდგომებსა და მეთოდებს - მით მეტი მასალა ექნებოდა იმაზე ფიქრისათვის თუ რას გადმოიღებდა მათი უნარებიდან საკუთარი შესაძლებლობების სიაში, ან საკუთარი უნივერსიტეტის გასაუმჯობესებლად - უცხოური უნივერსიტეტების მაგალითიდან. და პირიქით, თუ რა არის ის კონკრეტული ასპექტი, რაც მას ან მის უნივერსიტეტს ამა თუ იმ დარგში თავის საზღვარგარეთელი კოლეგების ფონზე უპირატეს პოზიციაში მოაქცევდა, რომ ეს მახასიათებლები კიდევ უფრო დაეხვეწა და გაეძლიერებინა, რაც ყოველთვის პროგრესულობისა და ინოვაციურებისაკენ იქნებოდა მიმართული.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2015-2016 წლიდან არის ჩართული Erasmus+ KA107 პროგრამაში, რომლის ფარგლებში ყოველ წელიწადს ხდება აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლა პარტნიორ უნივერსიტეტებში.
სურათზე, მარცხნიდან: იოანნა შჩეშინსკა (ლოძის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ადამ ბედნარეკი (კლარკის უნივერსიტეტის ხელმძღვანელი), დიმიტრი კობახიძე.