25იან,2019
STAR
„სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, დამატებითი რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის“
„სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება - მოწინავე რესურსები საქართველოსა და ჩინეთისათვის STAR“ - ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ საგრანტო პროექტია ინსტიტუციური თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოსა და ჩინეთის უნივერსიტეტებში სწავლების თანამედროვე მეთოდების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და დანერგვას სასწავლო პროცესში. ევროპელი განათლების ექსპერტები დიდი ხანია მივიდნენ დასკვნამდე რომ სწავლების ტრადიციული მეთოდები, როდესაც აუდიტორიაში მთავარი აქტორი ლექტორი/პროფესორია და სტუდენტი უმეტესწილად პასიური და ნაკლებად ჩართული სასწავლო პროცესში, ნაკლებად ეფექტურია, ამის გამო დაიწყეს სწავლების მეთოდებისადმი ახალი მიდგომების ძიება, სადაც სტუდენტის როლი უფრო გააქტიურდა და მასწავლებელი არა მშრალი ინფორმაციის მიმწოდებელი, არამედ უფრო ფასილიტატორია. პროექტ STAR ის მიზანიც სწორედ თანამედროვე, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების დანერგვაა ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებში.
პროექტის მთავარი შედეგები:
პროექტის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელო „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება“ განკუთვნილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალისათვის და იგი თეორიული მასალის გარდა თავს უყრის დარგის ექპსერტების საუკეთესო გამოცდილების მაგალითებს. სახელმძღვანელოს შემუშავებაში ჩართულები იყვნენ როგორც ქართული და ჩინური მხარე, ასევე ევროპელი პარტნიორები, კერძოდ: ბულგარეთიდან, პორტუგალიიდან, დანიიდან და ჩეხეთიდან. სახელმძღვანელოში აქცენტი გაკეთებულია სწავლების 5 მეთოდზე, რომლებიც საქართველოსა და ჩინეთის საგანმანათლებლო სივრცეში არსებული საჭიროებების ანალიზზე დაყრდნობით შეირჩა, ეს მეთოდებია:
- დავალებაზე დაფუძნებული სწავლება
- პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
- პროექტზე დაფუძნებული სწავლება
- აღმოჩენაზე დაფუძნებული სწავლება
- სასწავლო კონტრაქტი
აღნიშნული მეთოდები ქართულ საგანმანათლებლო სივრცელში ცნობილია, თუმცა ნაკლეად გამოყენებადი. სახელმძღვანელოში განხილული მეთოდები საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნულ მეთოდებთან დაკავშირებით.
პროექტის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია როგორც ბეჭდური სახით (საბაუნის ბიბლიოთეკაში ინგლისურ ენაზე), ასევე ელექტრონულად
პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნა ონლაინ პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს სწავლების თანამედროვე მეთოდებით დაინტერესებული პირებისათვის სივრცის შექმნას, სადაც მათ საშუალება ექნებათ ფორუმის ფორმატში დასვან კითხვები და მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე დარგის ექსპერტებისაგან (როგორც ქართველი, ასევე ევროპელები). ფორუმი ღიაა ყველა დაინტერესებული პირებისათვის და ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე. (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, პლატფორმით სარგებლობისათვის საჭიროა ერთჯერადი რეგისტრაცია, რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გვერდის ადმინისტრატორი დაადასტურებს თქვენს რეგისტრაციას, რის შემდეგ თქვენ შეძლებთ როგორც ინფორმაციის წაკითხვას, ასევე ფორუმში მონაწილეობას).
პროექტის ერთ-ერთი მთავარი შედეგია ახლად დაფუძნებული პროფესიული განვითარების ცენტრი, რომლის მიზანია აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. ცენტრი პერსონალის გამოკითხვების საფუძველზე უზრუნველყოფს ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით, ამ ეტაპისათვის, მთავარი ტრენინგ მოდული, რომელსაც ცენტრი სთავაზობს აკადემიურ პერსონალს არის „სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები“.
პროექტი მიმდინარეობა2016-2019 წლებში.
პროექტის ვებ გვერდი