06ოქტ,2025
ათენის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი საბაუნიში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ათენის კაპოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი, კატია ტემპერეკიდუ სტუმრობდა, რომელიც ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში შეხვდა საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს, შორენა პარუნაშვილს.
შეხვედრები ძირითადად გამოცდილების გაზიარების ფორმატით წარიმართა, სადაც მხარეებმა ისაუბრეს სტუდენტების და პერსონალის მობილობების მენეჯმენტის პროცედურებზე და გამოწვევებზე. „ჩემთვის ეს მობილობა იყო ძალიან ნაყოფიერი და ინფორმაციული, რადგან შეხვედრების დროს ვისაუბრეთ საერთაშორისო ურთიერთობების თანამშრომლის მოვალეობების მსგავსებასა და განსხვავებებზე.
ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება პროექტების შედეგების გავრცელების და მობილობების მონიტორინგის თაობაზე, რამაც პრაქტიკული გამოცდილება შემძინა ჩემი საქმიანობის გასაუმჯობესებლად. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მასპინძელი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საქმიანობამ,
რამდენად ფორმალური, სტრუქტურირებული და ინფორმირებულია მისი მუშაობა, განსაკუთრებით უნივერსიტეტის ზომიდან გამომდინარე. მათი პროფესიონალიზმი, კულტურული მგრძნობელობა და ექსპერტიზა მართლაც შთამაგონებელი იყო და ეს გამოცდილება გახადა როგორც ნაყოფიერი, ისე მოტივაციის ამამაღლებელი“-კატია
ტემპერეკიდუ.
ბერძენი სტუმარი ასევე შეხვდა თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ გოჩა ბარნოვს, რომელიც ამავდროულად არის ათენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე ერასმუს+ პროექტსა და ახალი განაცხადების პროცედურებზე. ასევე, შეთანხმდნენ ახალი ერასმუსის პროექტების ინიცირებას, სხვა პროგრამებისთვის, როგორც პერსონალის, ასევე სტუდენტებისათვის.
„ჩემი აზრით, Erasmus+ მობილობის პროგრამების მთავარი სარგებელი როგორც თანამშრომლებისთვის, ისე სტუდენტებისთვის არის შესაძლებლობა, გააფართოონ საკუთარი ხედვა საერთაშორისო გამოცდილების მეშვეობით. სტუდენტებისთვის ეს ნიშნავს ინტერკულტურული ცნობიერების, ადაპტაციის უნარისა და დამოუკიდებლობის განვითარებას, რაც ამავდროულად აძლიერებს მათ აკადემიურ და პროფესიულ პროფილს. თანამშრომლებისთვის კი ეს პლატფორმა საუკეთესოა პრაქტიკის გაზიარებისთვის, პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებისთვის და ინსტიტუციურ პარტნიორობათა შექმნისთვის, რაც გრძელვადიან თანამშრომლობას უწყობს ხელს. საბოლოო ჯამში, Erasmus+ მობილობა ხელს უწყობს გახსნილობის, ინოვაციურობისა და ურთიერთგაგების კულტურის ჩამოყალიბებას, რაც სარგებელს აძლევს როგორც ინდივიდებს, ისე ინსტიტუციებს“ - კატია ტემპერეკიდუ.
ბერძენი სტუმრის მობილობა 2025 წლის 22-26 სექტემბერს განხორციელდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის მიერ.