
27აგვ,2025
CUP საზაფხულო სკოლა 2025 დუბროვნიკში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ორმა დოქტორანტმა, თინათინ ფეიქრიშვილმა და იოსებ ედიშერაშვილმა მონაწილეობა მიიღო ხორვატიაში, ქალაქ დუბროვნიკში გამართულ საზაფხულო სკოლაში “მდგრადობის ვარჯიშები - მზადება აღდგენისთვის“, რომელიც ორგანიზებული იყო კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობის (CUP), ნანოვიკის ევროპათმცოდნეობის ინსტიტუტისა (აშშ) და ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით.
ათდღიანი საზაფხულო სკოლის პროგრამა პირველად 2022 წელს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ჩატარდა და მიზნად ისახავს უკრაინელი ხალხის მხარდჭერას და ომისშემდგომი აღდგენისთვის მომზადებაში დახმარებას. შესაბამისად, მთლიანი საზაფხულო სკოლის პროგრამა აგებულია წარსულის მაგალითების განხილვით და სამომავლოდ აღდგენისთვის იდეების შემუშავებაზე. ახალგაზრდები აღმოსავლეთ ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტებიდან პროგრამის მიმდინარეობისას განიხილავენ აღნიშნულ საკითხებს. საზაფხულო სკოლა ინტენსიური აკადემიური ნაწილის მიღმა, მოიცავადა კულტურულ-სპირიტუალურ-სოციალურ ღონისძიებებსაც.
„საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა ჩემთვის ერთ-რთი ყველაზე ღირებული და დაუვიწყარი გამოცდილება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ტრენინგების თემები სერიოზულ საკითხებს ეხებოდა, პროგრამის მრავალფეროვნებამ, სხვადასხვა პროფესიის ტრენერის ჩართულობამ, ვორქშოფებმა და აქტივობებმა შექმნა ბალანსი და მთლიანი პროცესი ძალიან პროდუქტიული და საინტერესო გახადა.
სასიამოვნო ატმოსფერო, დუბროვნიკის სილამაზე და ადამიანების გულწრფელი დამოკიდებულება ქმნიდა გარემოს სწავლის, მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის.
საბოლოოდ, საზაფხულო სკოლამ არამხოლოდ ცოდნა და გამოცდილება შემმატა, არამედ გამაცნო ბევრი საინტერესო ადამიანი, გამიფართოვა კონტაქტები და მაჩუქა არაერთი მეგობარი. ეს იყო პერიოდი და ადგილი, სადაც სწავლა, მხარდაჭერა, მოგზაურობა, თავგადასავლები და სასიამოვნო საღამოები შესანიშნავად ერწყმოდა ერთმანეთს“- თინათინ ფეიქრიშვილი.