18ნოე,2026
დოქტორანტთა სამეცნიერო წარმატება - პუბლიკაცია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სადოქტორო სკოლა მენტორობის პროგრამის ფარგლებში სამეცნიერო კვლევებისა და აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობას აგრძელებს.
პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტის პრორექტორისა და სამართლის პროფესორის, დიმიტრი გეგენავას მენტორობით, დოქტორანტების, მარიამ გორგოძისა და ჯამლათ გვიდიანის თანაავტორობით მომზადებული სამეცნიერო სტატია Scopus-ის ბაზაში ინდექსირებულ საერთაშორისო ჟურნალში Quaderni di diritto e politica ecclesiastica გამოქვეყნდა.
სტატია სახელწოდებით „Religious Majority, Political Populism, and Legislative Reforms in Georgia“საქართველოში რელიგიური უმრავლესობის, პოლიტიკური პოპულიზმისა და საკანონმდებლო რეფორმების ურთიერთკავშირს აანალიზებს.
კვლევის ფარგლებში ავტორები ყურადღებას ამახვილებენ 2012 წლის შემდეგ საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ და საკანონმდებლო პროცესებზე. ნაშრომში განხილულია რელიგიური და გენდერული საკითხების პოლიტიზების გავლენა დემოკრატიულ მმართველობასა და კანონის უზენაესობაზე.
პუბლიკაცია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სადოქტორო სკოლის მენტორობის პროგრამის მნიშვნელობას ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერისა და საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში მათი ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულებით.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ულოცავს ავტორებსა და მენტორს აღნიშნულ აკადემიურ მიღწევას და წარმატებებს უსურვებს შემდგომ სამეცნიერო საქმიანობაში.
სტატიის სრულად გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.