30აპრ,2023
Erasmus+ მობილობა ლუმსას უნივერსიტეტში
Erasmus+ მობილობა იტალიაში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი- ნინო პაპაჩაშვილი Erasmus+ მობილობით იტალიაში, საბაუნის პარტნიორ ლუმსას უნივერსიტეტში იმყოფებოდა. საბაუნის პროფესორს ჰქონდა შესაძლებლობა პირადად შეხვედროდა მდგრადი განვითარების მიზნების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის აკადემიურ პერსონალს, რის შედეგადაც საფუძველი ჩაეყარა სამომავლო თანამშრომლობას.
„ევროკომისიის ეგიდით შემოთავაზებული ერასმუს+ მობილობა საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ მოწინავე უნივერსიტეტების პროგრესულ ხედვას გავეცნოთ ცოდნის დაგროვების, გადაცემის, კვლევების მიმართულებით და ამასთან, ჩვენი ცოდნაც გავუზიაროთ პროფესორებს და სტუდენტებს. ამგვარი ცოცხალი ინტერაქცია ძალიან მნიშვნელოვანია პერსპექტიული აკადემიური თანამშრომლობისთვის - ერთობლივი კვლევების განხორციელება, ერთობლივი აკადემიური ღონისძიებების ჩატარება, სწავლა-სწავლებაში ინოვაციების გაზიარება და ა.შ. მათ გაგვიზიარეს მეტად სასარგებლო სასწავლო მასალები, ჩვენი მხრიდან მდგრადი განვითარების მოდულის გაძლიერების დიდი სურვილია და ეტაპობრივად ვგეგმავთ სხვადასხვა აკადემიური აქტივობების განხორციელებას.“- ნინო პაპაჩაშვილი.
საბაუნისა და ლუმსას უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში საბაუნის სტუდენტები და პერსონალი აქტიურად სარგებლობს Erasmus+ მობილობით, რაც გულისხმობს ერთსემესტრიან ან ერთკვირიან მობილობას როგორც სწავლის, ისე პროფესიული გამოცდილების გაზიარების მიზნით.