16ივნ,2023
ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორის ვიზიტი საბაუნიში
2023 წლის 5-9 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, უმასპინძლა ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის პროფესორს, ლუკა სესოს, რომელიც Erasmus+ საბაუნის აკადემიური მობილობის ფარგლებში სტუმრობდა.
ერთკვირიანი მობილობის განმავლობაში, პროფ. სესო შეხვდა საბაუნის თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, გოჩა ბარნოვსა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, თამარ ქობულაძეს. ინდივიდუალურ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, საერთო გაცვლითი და კვლევითი პროექტების ორგანიზებაზე როგორც სტუდენტებისთვის, ისე აკადემიური პერსონალისთვის.
ვინაიდან ხორვატი პროფესორი საბაუნიში წარმოადგენდა არა მხოლოდ სოციოლოგიის ფაკულტეტს, არამედ ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურსაც, ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვდა მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, ქალბატონ ჯილდა ჭეიშვილს, რომელთანაც ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობა.
„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა მქონდა საბაუნიში, შევხვდი სხვადასხვა ფაკულტეტების წარმომადგენლებს, რომლებთანაც ვისაუბრეთ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე. დავგეგმეთ Erasmus+ პროექტში მონაწილეობა, კონფერენციებისა და საზაფხულო სკოლების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და ქართველი სტუდენტებისა და პროფესორების მოწვევა ხორვატიაში. გარდა ამისა, მონაწილეობა მივიღე სამეცნიერო სიმპოზიუმში, რომელიც ჩემთვის, როგორც ეთნოლოგისა და კულტურული ანთროპოლოგისთვის, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა“ - პროფ. ლუკა სესო.
საბაუნიში ვიზიტისას პროფესორმა ლუკა სესომ მონაწილეობა მიიღო 6-7 ივნისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მე-6 საერთაშორისო სიმპოზიუმში „კათოლიკური მემკვიდრეობა“. მისი მოხსენების თემა შეეხებოდა იუნესკოს არამატერიალური კულტურის ძეგლთა სიაში შეტანილი ქართული და ხორვატიული ელემენტებს შორის შედარებას.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ხორვატიის კათოლიკურ უნივერსიტეტთან წლებია სხვადასხვა ერთობლივი პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს.