22ივლ,2025
ლიდერობის პროგრამა რომში
მიმდინარე წლის 6-10 ივლისს, რომის ნოტრ დამის უნივერსიტეტმა კათოლიკური ლიდერობის პროგრამას უმასპინძლა, რომელშიც მონაწილეობდნენ კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობის წარმომადგენელი ქალი მენეჯერები. მიმდინარე წლის თემა იყო „ზრუნვის ლიდერობა“ და პროგრამის მონაწილე ქალები ხუთი დღის განმავლობაში განიხილავდნენ კათოლიკურ უნივერსიტეტებში ქალი მენეჯერების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მიღწევებს.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიდან ლიდერობის პროგრამას ესწრებოდნენ, უნივერსიტეტის კანცლერი, ნათია შეყილაძე, ხარისხის მმართვის სამსახურის უფროსი, ნინო წიქვაძე და საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, შორენა პარუნაშვილი.
პროგრამა საგანგებოდ მოწვეული მომხსენებლების მოხსენებებითა და პანელური დისკუსიების ფორმატში მიმდინარეობდა, რომელიც ასევე ითვალისწინებდა ჯგუფურ მუშაობასა და გამოცდილების გაზიარებას. წამყვან მომხსენებლებად მოწვეულები იყვნენ წმ. თომა აქვინელის პონტიფიკური უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, მონაზონი ჰელენ ალფორდი, ნოტრ დამის უნივერსიტეტის კიუფის გლობალური ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, მერი გალაგარი და ნიუ-იორკის ავსტრიული ფორუმის დირექტორი, სუსან კეპლერ-შლისინგერი.
ტრენინგების პროგრამა მოიცავდა კულტურულ ღონისძიებებსაც. მონაწილეებმა მოინახულეს ვატიკანის მუზეუმი, სადაც დაგეგმილი იყო შეხვედრა ვატიკანის მუზეუმის დირექტორთან, ბარბარა ჯეტასთან. პროგრამის მონაწილეებმა ასევე მოინახულეს წმ. კლემენტის სახელობის ბაზილიკა, რომლის ისტორია ვიზიტორებს გააცნო რომის ნოტრ დამის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და ისტორიის დეპარტამენტის ემერიტუსმა პროფესორმა, ინგრიდ როვლანდმა.
კათოლიკური ლიდერობის პროგრამა ნანოვიკის ევროპათმცოდნეობის ინსტიტუტისა და ნოტრ დამის უნივერსიტეტის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპის კათოლიკური უნივერსიტეტების მხარდაჭერასა და გაძლიერებას. ლიდერობის პროგრამა ყოველწლიურად იმართება კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობის წევრი უნივერსიტეტებისთვის. ეს უნივერსიტეტებია:
იოანე პავლე მეორის სახელობის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი)
ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტი (ხორვატია)
პაზმანი პეტერის კათოლიკური უნივერსიტეტი (უნგრეთი)
რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტი (სლოვაკეთი)
უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტი (უკრაინა)
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი (საქართველო).
გალერეა
