05ივნ,2023
ლუბლინის მეწარმეობის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი საბაუნიში
5-9 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს ლუბლინის მეწარმეობის და ადმინისტრირების უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრობდა, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს საბაუნის მიერ ორგანიზებულ კვირეულში. პოლონელი სტუმრები შეხვდნენ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, მონაწილეობა მიიღეს კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციებსა და საჯარო დისკუსიებში. გარდა ამისა, უნივერსიტეტების რექტორებმა, მამა აკაკი ჭელიძემ და პროფ. მარია მაზურიმ ხელი მოაწერეს უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც საფუძვლად დაედება უნივერსიტეტებს შორის სამომავლო ერთობლივ პროექტებსა და ღონისძიებებს.
კვირეულის ფარგლებში პოლონელმა პროფესორებმა, იოანა ჰოლდამ და პიოტრ სკრიპჩაკმა მონაწილეობა მიიღეს მე-6 საერთაშორისო კონფერენციაში „სამართალი და გლობალური უსაფრთხოება“ მოხსენებით “Social System of Assistance to Refugees from Ukraine on the Example of Lublin/Poland”.
პოლონელი პროფესორები შეხვდნენ ასევე ქართველ კოლეგებს და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
ლუბლინის მეწარმეობის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი Erasmus+ ICM პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს უცხოური უნივერსიტეტების გაცნობა/თანამშრომლობას, ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებასა და კავშირების გაღრმავებას. ლუბლინის მეწარმეობის უნივერსიტეტთან საბაუნი 2017 წლიდან თანამშრომლობს ერასმუსის ფარგლებში და დღემდე არაერთმა აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა ისარგებლა მობილობის პროგრამით.