09ივნ,2023
მე-6 საერთაშორისო სიმპოზიუმი „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“
2023 წლის 6-7 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა უმასპინძლა რიგით მე-6 საერთაშორისო სიმპოზიუმს „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“. სიმპოზიუმი გახსნა წმინდა საყდრის ნუნცმა საქართველოში, მთავარეპისკოპოსმა ჟოზე აველინო ბეტანკურმა, რომელმაც ისაუბრა კათოლიკე ეკლესიის როლზე საქართველოს ყოველდღიურობაში. მან ასევე გაიხსენა ბოლო დროს საქართველოში წმ. საყდრის საელჩოს მიერ განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე.
სიმპოზიუმში მონაწილეებს ასევე მიესალმნენ უნივერსიტეტის დამფუძნებელი, ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი საქართველოში, მეუფე ჯუზეპე პაზოტო და უნივერსიტეტის რექტორი მამა აკაკი ჭელიძე.
სესიების დაწყების წინ გასული წლის სიმპოზიუმის მოხსენებების კრებული წარადგინა პროფესორმა მერაბ ღაღანიძემ, რომლის უშუალო რედაქტორობით გამოდის კრებული.
ორდღიანი სიმპოზიუმი რამდენიმე პანელისაგან შედგებოდა, რომლებშიც მოხსენებები თემატურად იყო გადანაწილებული. მოხსენებები თემატიკის მიხედვით, შემდეგნაირად დალაგდა: თანამედროვეობა, არქივები და მისიონერთა ხელნაწერები, სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სავანე და გასული საუკუნის ქართველი კათოლიკეები, კათოლიკეთა კვალი უცხოეთში, ლექსიკოგრაფია.
სიმპოზიუმის მიმდინარეობისას გაიმართა სალელ დედათა აღსაზრდელთა კონცერტი და წიგნების პრეზენტაცია.
სიმპოზიუმში ქართველ მომხსენებლებთან ერთად მონაწილეობდნენ პროფესორები ჩეხეთის, ხორვატიის და საფრანგეთის უნივერსიტეტებიდან.
სიმპოზიუმი „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“ რეგულარულად ტარდება 2017 წლიდან და მიზნად ისახავს კათოლიკური ეკლესიის და მასთან აფილირებული პირების მემკვიდრეობის კვლევას და ფართო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.