30ოქტ,2026
მოხალისეობა და საზოგადოებრივი ჩართულობა
23 ოქტომბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ვუმასპინძლეთ შეხვედრას თემაზე „მოხალისეობა და საზოგადოებრივი ჩართულობა“, რომელსაც უძღვებოდნენ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი, საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელი შორენა პარუნაშვილი და საქართველოს კარიტასის თემისა და მოხალისეობრივი პროგრამის ხელმძღვანელი მინდია თავხელიძე.
შეხვედრის დასაწყისში, შორენა პარუნაშვილმა დასმწრე სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია Erasmus+ KA2 ინსტიტუციური განვითარების პროექტის, „საზოგადოებრივი ჩართულობის მდგრადი შესაძლებლობის გაზრდა საქართველოსა და სიერა ლეონეს მაგალითზე“ შესახებ, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტში საცდელ ფორმატში უკვე განხორციელდა მოხალისეობრივი ღონისძიების სასწავლო კურსში ინტეგრირება და სამომავლოდაც იგეგმება მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერა. აღნიშნული შეხვედრის მიზანიც სწორედ სტუდენტებისათვის მოხალისეობის უკეთ გაცნობა და მოხალისეობრივი პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობების მიწოდება იყო.
საქართველოს კარიტასის წარმომადგენელმა, მინდია თავხელიძემ სტუდენტებს გააცნო ორგანიზაციის საქმიანობა და ყველა მოხალისეობრივი პროგრამა, რომლებსაც წლებია ორგანიზაცია ახორციელებს: ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარება და დაცვა, სოციალური დაცვა, ჯანმრთელობის დაცვა, მიგრაცია, განათლების გაძლიერება და სხვა. მინდია თავხელიძემ ვრცლად ისაუბრა ყველა იმ შესაძლებლობაზე, რომელში ჩართვაც შესაძლებელია საბაუნის სტუდენტებისთვის.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს კარიტასისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობაზე სტუდენტების მოხალისეობრივი ინიციატივების მხარდაჭერისა და მათი სასწავლო კურსში ინტეგრირების მიმართულებით.
შეხვედრა ინტერაქციული ხასიათისა იყო და კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.
საქართველოს კარიტასი, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფუნქციონირებს და მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობებისა და სოციალურ-ეკონომიკურად შეჭირვებული მოქალაქეების დახმარებას. საქართველოს კარიტასი 30 წელზე მეტია რაც საქართველოში მოღვაწეობს და იგი დაარსებულია კათოლიკე ეკლესიის მიერ.