
02ივლ,2025
საბაუნის კურსდამთავრებულებმა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის (LLM) პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამმა კურსდამთავრებულმა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სპეციალიზაციის (LLM) სამაგისტრო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ორგანიზებული იყო ცენტრალური ევროპის აკადემიისა და მიშკოლცის უნივერსიტეტის მიერ (ბუდაპეშტი, უნგრეთი). ერთწლიანი პროგრამა ჰიბრიდულ ფორმატში წარიმართა. სტუდენტები ლექციებს ესწრებოდნენ ონლაინ, ხოლო ადგილზე მონაწილეობა მიიღეს ვორქშოპებსა და საერთაშორისო კონფერენციებში.
„ამ პროგრამამ მომცა გაცილებით მეტი, ვიდრე აკადემიური ცოდნა - მან ჩამოაყალიბა ჩემი პროფესიული ხედვა და გააღრმავა ჩემი პირადი ერთგულება სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის მიმართ. ევროპულ აკადემიურ კონტექსტში ადამიანის უფლებების შესწავლის შესაძლებლობამ საშუალება მომცა, პირდაპირ შემესწავლა შედარებითი სამართლებრივ სისტემები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განვითარებადი იურისპრუდენცია.
პროგრამა ხაზს უსვამდა კრიტიკულ აზროვნებას, პრაქტიკულ ანალიზს და იურიდიული თეორიის რეალურ სამყაროზე ზეგავლენასთან დაბალანსების მნიშვნელობას - ელემენტებს, რომლებიც აუცილებელია ადამიანის უფლებების სფეროში მომუშავე ნებისმიერი იურისტისთვის“ - ამბობს მარიამ კეკენაძე, საბაუნის კურსდამთავრებული.
ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო სტუდენტებისთვის განკუთვნილი პროექტი იყო, რომელსაც ესწრებოდნენ სტუდენტების სხვადასხვა ევროპული და არაევროპული ქვეყნებიდან. კურსებს უძღვებოდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოელი პროფესორები და პრაქტიკოსი პროფესიონალები.
„ეს პროგრამა ჩემთვის განსაკუთრებულად საინტერესო და ღირებული აღმოჩნდა. სწავლა მიმდინარეობდა ჰიბრიდული ფორმატით: ონლაინ ლექციების პარალელურად, ჩატარდა არაერთი ინტენსიური სემინარი უნგრეთში, სადაც მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი სტუდენტებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნებიდან.
ასევე, მქონდა შესაძლებლობა მომესმინა და დავსწრებოდი გამოჩენილი სპეციალისტების მოხსენებებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოდან და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებიდან.
პროგრამის განმავლობაში განვიხილეთ ქვეყნის ეროვნულ იდენტობასთან, ადამიანის უფლებებთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.
ამ პროგრამის მეშვეობით არა მხოლოდ პროფესიული, არამედ პიროვნული ზრდის შესაძლებლობაც მომეცა. ამასთან, შევიძინე არაერთი მეგობარი, დავაგროვე ფასეული საერთაშორისო კავშირები, გავუზიარე და მივიღე განსხვავებული აზრები, შეხედულებები და გამოცდილება. ამ ურთიერთობებმა კიდევ მეტად გამიმყარა რწმენა, რომ კულტურული მრავალფეროვნება და დიალოგი უმნიშვნელოვანესია თანამედროვე სამყაროში“ - მარიამ საბედაშვილი, საბაუნის კურსდამთავრებული.
“აღნიშნული პროგრამა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. შევხვდი ძალიან ბევრ ადამიანს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელთა დიდი ნაწილი წარმატებული იურისტი, მოსამართლე, ლექტორი ან/და უფლებადამცველია. ლექციებს გვიტარებდნენ სფეროს პროფესიონალები. ამასთან, პროგრამის ფარგლებში ორჯერ ჩატარდა კონფერენცია, სადაც რამდენიმე სახელმწიფოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, ომბუდსმენებმა, პროფესორებმა და მოსამართლეებმა გააკეთეს მოხსენებები. ყველაზე განსაკუთრებული ალბათ მაინც სტრასბურგის, ლუქსემბურგისა და სისხლის სამართლის საერთაშორიო სასამართლოს მოსამართლეების მიერ ჩატარებული ლექცია/მოხსენებები იყო“ - ცისია ოქროპირიძე, საბაუნის დოქტორანტი.
გალერეა
