
08ოქტ,2025
საბაუნის პროფესორების სტატია Springer-ში გამოქვეყნდა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, თამთა მიქაბერიძის და აფილირებული პროფესორის, ნინო პაპაჩაშვილის ერთობლივი სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ აკადემიურ გამოცემაში - Springer Proceedings in Business and Economics-ში.
Springer წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო გამომცემლობას მეცნიერების, განათლებისა და კვლევის სფეროში, რომლის გამოცემებიც ინდექსირებულია ისეთ ავტორიტეტულ სამეცნიერო ბაზებში, როგორიცაა Scopus, Web of Science და სხვა. საბაუნის მკვლევართა სტატია განიხილავს ციფრული უნარების როლს თანამედროვე ბიზნესის ტრანსფორმაციასა და ეკონომიკური განვითარების დინამიკაზე. ნაშრომი მიუთითებს იმაზე, რომ ციფრული კომპეტენციების განვითარება არა მხოლოდ ტექნოლოგიურ, არამედ სოციალურ და ეკონომიკურ პროგრესზეც ახდენს არსებით გავლენას, რაც ციფრულ ეპოქაში ბიზნესის წარმატების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად იქცა.
Springer-ში გამოქვეყნებული ეს სტატია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სულხან- საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევით პოტენციალს და მის ჩართულობას გლობალურ აკადემიურ დისკურსში. კვლევის ხარისხი და თემატიკის აქტუალობა ნათლად ასახავს უნივერსიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს - ადგილობრივი სამეცნიერო აზრის გლობალურ სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას.