14ივლ,2026
საბაუნის სტუდენტები ხორვატიაში გამართულ საზაფხულო სკოლაში
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, ნინო ჭულუხაძემ და მარიამ ტურაშვილმა მონაწილეობა მიიღეს ხორვატიის ქალაქ სიბენიკში გამართულ კათოლიკური უნივერსიტეტების პარტნიორობის საზაფხულო სკოლაში რომლის თემა იყო: „Practicing Resilience - Preparing for Recovery''.
საზაფხულო სკოლის პროგრამა დატვირთული იყო ლექცია-სემინარებითა და ვორქშოპებით, რომლებსაც უძღვებოდნენ პროფესორები და დარგის სპეციალისტები ევროპის სხვდასხვა უნივერსიტეტებიდან და ამერიკის, ნოტრ დამის უნივერსიტეტიდან. მონაწილე სტუდენტები ერთად მუშაობდნენ რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითზე, როგორ შეიძლება საზოგადოებამ შეინარჩუნოდ მდგრადობა და როგორ მოემზადოს ომის დასრულების შემდეგ საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმალური პირობების აღდგენისთვის.
„საბაუნიმ ჩემს ცხოვრებაში არაერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შექმნა. მათ შორის იყო სწავლა პოლონეთში, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოცდილება ხორვატიაში საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა იყო. პროგრამამ შესაძლებლობა მომცა, დავსწრებოდი ინტერაქტიულ ლექცია-სემინარებსა და ვორქშოპებს, ასევე მიმეღო მონაწილეობა გუნდური პროექტის შექმნაში. მიღებულმა ცოდნამ და პრაქტიკულმა გამოცდილებამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ჩემი ხედვა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა საერთაშორისო გარემოში თანამშრომლობისა და იდეების გაცვლის მნიშვნელობაში. ამ გამოცდილების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი კი ადამიანებთან დამყარებული ურთიერთობები აღმოჩნდა. გავიცანი სხვადასხვა კულტურისა და ეროვნების წარმომადგენლები, რომლებთანაც ახლა უკვე მეგობრობა მაკავშირებს და რომლებიც ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცნენ. საბოლოოდ, მივხვდი, რომ განათლების რეალური ღირებულება მხოლოდ მიღებულ ცოდნაში არ გამოიხატება, არამედ ის იმ გამოცდილებასა და ადამიანურ კავშირებშია, რომლებიც გვაყალიბებს, გვაძლიერებს და მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩვენთან რჩება - ნინო ჭულუხაძე.
„ხორვატიაში გატარებულმა დღეებმა ახალი ცოდნა, საინტერესო ადამიანები, დაუვიწყარი ემოციები და მოგონებები შემძინა. ჩემთვის ეს არ ყოფილა მხოლოდ სასწავლო პროგრამა, ეს იყო სივრცე, სადაც შევხდი საერთო ღირებულებებისა და ხედვების მქონე სტუდენტებსა თუ პროფესორებს, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ისე ევროპის არაერთი ქვეყნიდან. საზაფხულო სკოლამ შესაძლებლობა მოგვცა, გვესაუბრა მდგრადობაზე, სოლიდარობასა თუ მომავლის იმედზე, გაგვეზიარებინა ჩვენი ქვეყნების გამოცდილება და არსებული გამოწვევები. ამ ყოველივემ, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული კულტურული და ეროვნული წარმომავლობისა, კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვა ერთმანეთს. ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო უკრაინელ სტუდენტებთან ურთიერთობა, მათი დამოკიდებულებების, განცდებისა თუ ხედვების მოსმენა და გაზიარება, რაც ჩემთვის ნამდვილად ინსპირაციული გახდა და რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანია იმედის შენარუნება ყველაზე რთულ დროსაც. დიდ მადლობას ვუხდი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს, რომელიც სტუდენტებისთვის მსგავსი შესაძლებლობების შექმნაზე ყოველთვის ზრუნავს. ძნელია რამდენიმე წინადადებაში ჩავატიო ჩემი მადლიერება და ყველაფერი ის, რაც ამ საზაფხულო სკოლამ მომცა. ხორვატიაში მიღებული გამოცდილება, შეძენილი მეგობრები და თითოეული ერთად გატარებული წუთი ჩემთვის განსაკუთრებულ, ძვირფას მოგონებად დარჩება“ -მარიამ ტურაშვილი.
საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია ნოტრ დამის (აშშ) უნივერსიტეტში არსებული ნანოვიკის ევროპათმცოდნეობის ინსტიტუტისა და ხორვატიის კათოლიკური უნივერსიტეტების მიერ და მიზნად ისახავდ უკრაინელი ხალხისა და სტუდენტების ემოციურ და ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას ომის მიმდინარეობისას და ომის შედეგებთან გამკლავებაში. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ სტუდენტები ამერიკიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. საზაფხულო სკოლა პირველად 2021 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად იმართება ხორვატიის სხვადასხვა ქალაქში. 2026 წლის საზაფხულო სკოლა 12 -21 ივნისს გაიმართა ქალაქ სიბენიკში.