13ნოე,2026
საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები - უცხოელი პროფესორებისა და მკვლევრების ვიზიტი საბაუნიში
26-30 ოქტომბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს უკრაინის, პოლონეთისა და საფრანგეთის პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორები და მკვლევრები სტუმრობდნენ.
ვიზიტის მიზანი საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების ინიცირება და აკადემიური გამოცდილების გაზიარება იყო.
ვიზიტის ფარგლებში უცხოელი პროფესორები შეხვდნენ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციას, უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერსა და აკადემიურ პერსონალს. შეხვედრებზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და ერთობლივი აკადემიური ინიციატივები განიხილეს.
ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი სტუდენტებთან შეხვედრებსა და საჯარო ლექციებს დაეთმო, რომელთა ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, საერთაშორისო ექსპერტებისგან გაცნობოდნენ თანამედროვე პოლიტიკურ და სოციალურ პროცესებს, უსაფრთხოების გამოწვევებსა და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას.
28 ოქტომბერი | პოლიკრიზისი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
კრაკოვის იგნატიანუმის უნივერსიტეტის პოლიტიკისა და ადმინისტრირების მეცნიერებათა ინსტიტუტის ასისტენტმა პროფესორმა, დოქტორმა ალიცია მალევსკამ პოლიტიკის მეცნიერების სტუდენტებისთვის ლექცია გამართა თემაზე: „პოლიკრიზისი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში: შედარებითი პერსპექტივები“.
ლექციის ფარგლებში განხილული იყო პოლიკრიზისის პოლიტიკური და სოციალური შედეგები პოლონეთისა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების მაგალითზე. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შედარებითი ანალიზის საფუძველზე ემსჯელათ რეგიონის თანამედროვე გამოწვევებსა და მათ გავლენაზე პოლიტიკურ და სოციალურ გარემოზე.
29 ოქტომბერი | უსაფრთხოების გამოწვევები - პოლონეთისა და საქართველოს შედარებითი ანალიზი
იუსტიციის აკადემიის პენიტენციური კვლევების ინსტიტუტის პროფესორმა, გადამდგარმა პოლკოვნიკ-ლეიტენანტმა იაროსლავ რიხლიკმა და კალიშის უნივერსიტეტის მკვლევარმა, დოქტორმა აგატა დიბიოხმა ერთობლივი საჯარო ლექცია წაიკითხეს თემაზე: „უსაფრთხოებაზე რეფლექსია და უსაფრთხოების განცდა საფრთხის წყაროების იდენტიფიცირების, უსაფრთხოების გეგმების შემუშავებისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელების კონტექსტში: პოლონეთისა და საქართველოს შედარებითი ანალიზი“.
ლექცია დაეთმო უსაფრთხოების აღქმის, საფრთხეების იდენტიფიცირების, პრევენციული გეგმების შემუშავებისა და შესაბამისი რეაგირების მექანიზმების განხილვას. პოლონეთისა და საქართველოს გამოცდილების შედარებამ სტუდენტებს საშუალება მისცა, საკითხისთვის საერთაშორისო და პრაქტიკული პერსპექტივიდან შეეხედათ.
საერთაშორისო გამოცდილება - აკადემიური განვითარების მნიშვნელოვანი რესურსი
უცხოელი პროფესორებისა და მკვლევრების ვიზიტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერების მიმართულებით.
მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას, ახალი კვლევითი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას და სტუდენტებისთვის საერთაშორისო აკადემიურ სივრცესთან უშუალო კავშირის შექმნას.
საბაუნი აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას და ისეთი აკადემიური გარემოს ხელშეწყობას, სადაც ცოდნის გაზიარება, თანამშრომლობა და მრავალფეროვანი პერსპექტივების გაცნობა უნივერსიტეტის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.