24ნოე,2023
საერთაშორისო სამეცნიერო კვირეული საბაუნიში
2023 წლის 13-17 ნოემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში რიგით მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კვირეული გაიმართა, რომლის ფარგლებში უნივერსიტეტმა უმასპინძლა პროფესორებს საფრანგეთიდან, ამერიკიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან და იორდანიიდან.
კვირეული ორშაბათს, 13 ნოემბერს სტუმრების ოფიციალური მიღებით დაიწყო, რომელსაც უცხოელ კოლეგებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, კულტურის საკითხებში საფრანგეთის ელჩის მრჩეველი და საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ქალბატონი კამილ ნორა და საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე, ქალბატონი ალექსანდრა რიშტერი და პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი, ბატონი მარიუშ პიეტრშაკი. მობრძანებულ სტუმრებს მიესალმა უნივერსიტეტის რექტორი, მამა აკაკი ჭელიძე, ხოლო უნივერსიტეტის პრორექტორმა, პროფ. დიმიტრი გეგენავამ ვრცლად ისაუბრა უნივერსიტეტის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე.
14 ნოემბერს, საბაუნის აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი „პედაგოგიკის ინოვაციური მეთოდები: როგორ გავზარდოთ სტუდენტთა ჩართულობა სასწავლო პროცესში ამობრუნებული საკლასო ოთახის მიდგომის გამოყენებით“ ვორქშოპს უძღვებოდა პროფესორი ჟან-შარლ კაიე, ინოვაციების მიმართულებით ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი. ტრენინგი ჩატარდა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარებულ პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ტრანსფორმაციის ეტაპზე მყოფი საზოგადოებები“, ფარგლებში, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართა.
16 ნოემბერს საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია განვითარების კვლევებში. 2023 წლის თემა იყო „მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის შესაძლებლობები: კვლევები და განვითარება“.
კვირეულის ფარგლებში კრაკოვის აკადემია იგნატიანუმის პროფესორმა, პიოტრ მიუსიევიჩმა გამართა საჯარო შეხვედრა თემაზე: კომუნიზმიდან დემოკრატიამდე: პოლიტიკური და სოციალური ტრანსფორმაცია ცენტრალურ ევროპაში 1989 წლის შემდეგ. პოლონეთის მაგალითი. პროფესორი მიუსიევიჩი საბაუნის Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამით სტუმრობდა.
გარდა ამისა, უცხოელი სტუმრები შეხვდნენ ფაკულტეტების წარმომადგენლებს და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის ფორმებზე.