24მარ,2026
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის Erasmus+ მობილობა უნგრეთში
საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი მარიამ ელიაძე Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამით უნგრეთში, პაზმანი პეტერის კათოლიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა.
ერთი კვირის მანძილზე მარიამ ელიაძემ რამდენიმე ლექცია ჩაატარა უნგრელი სტუდენტებისათვის საქართველოსა და უკრაინის შესახებ, სადაც აქცენტი იყო ერთი მხრივ საქართველოში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე, ხოლო მეორე მხრივ - რუსეთის მოტივებზე უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის წარმართვისას.
ლექციების მსვლელობისას სტუდენტებს ჰქონდათ საშუალება ჩართულიყვნენ ინტერაქციულ დისკუსიებში და შეკითხვები დაესვათ მათთვის საინტერესო თემების ირგვლივ. გარდა ამისა, გაიმართა სამუშაო შეხვედრები უნგრელ კოლეგებთან, სადაც წარმოდგენილი იყო მარიამ ელიაძის მიმდინარე კვლევითი მიმართულებები და განხილული იქნა მათი განვითარების პერსპექტივები საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. აღნიშნული შეხვედრები მნიშვნელოვანი იყო როგორც პროფესიული უკუკავშირის მიღების, ისე სამომავლო ერთობლივი კვლევითი პროექტებისა და აკადემიური თანამშრომლობის შესაძლებლობების განსაზღვრისათვის.
„საინტერესო იყო ლექციების დროს სტუდენტთა ჩართულობა და მათი მოსაზრებების მოსმენა საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის შესახებ. მობილობის მნიშვნელობა უნივერსიტეტისა და ფაკულტეტისთვის გამოიხატება იმაში, რომ გაღრმავდა ინსტიტუციური კონტაქტები და გაჩნდა საფუძველი სამომავლო აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობისათვის. მსგავსი მობილობები ხელს უწყობს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციას, აკადემიური ქსელების გაფართოებას და ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. განსაკუთრებით საინტერესო იყო კოლეგებთან პროფესიული დისკუსიები რეგიონული პოლიტიკის, დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების თემებზე, რაც დამატებით შესაძლებლობას ქმნის მომავალში ერთობლივი კვლევითი ინიციატივების განვითარებისათვის. კოლეგებთან შეხვედრისას შევთანხმდით ერთობლივ კვლევით პროექტზე შავი ზღვის რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკური ტრანსფორმაციების თემაზე უნგრელ პროფესორებთან ერთად. ასევე, დავგეგმეთ ერთობლივი აკადემიური აქტივობა მომავალი წლისთვის “- მარიამ ელიაძე.
მარიამ ელიაძის მობილობა სრულად დაფინანსებული იყო Erasmus+ KA171 საერთაშორისო კრედიტების მობილობის პროგრამით და განხორციელდა 2026 წლის 5-11 მარტს.