10მარ,2022
ევქარისტია ენთონი ბერჯესის კაკატოპიურ სამყაროში
ბერჯესს ეკუთვნის რამდენიმე დისტოპიური, ანუ კაკატოპიური რომანი, რომლებშიც ასახულია ისტორიული განვითარების ის მომავალი სურათი, როგორადაც მას მწერალი წარმოიდგენდა. ბრიტანელი პროზაიკოსის ამგვარი შორეული განჭვრეტა გამოხატულია რომანში “დასაქოქი ფორთოხალი” (1962), ასევე, რომანში “საწადელი თესლი” (1962) და, აგრეთვე, ანალიტიკურ-ლიტერატურულ ნაწარმოებში – “1985” (1978). ამას გარდა, ამ ჩამონათვალში შესაძლებელია რამდენადმე მოხსენიებული იქნეს ბერჯესის ლიტერატურულ ქმნილებათა მწვერვალი – რომანი “ძალნი მიწიერნი” (1980), რომელიც ასახავს არა შორეულ თუ ნაკლებად შორეულ მომავალს, არამედ წარმოსახავს მეოცე საუკუნის, ფაქტობრივად, ალტერნატიულ ისტორიას.
განსხვავებით დისტოპიური ნაწარმოებების სხვა ბრიტანელი ავტორებისაგან (უელსი, ფორსტერი, ჰაქსლი, ორუელი, გოლდინგი...), ნიშანდობლივიცაა და ბერჯესისათვის სრულიად ბუნებრივიც (გამომდინარე მისი პირადი რელიგიურ-კონფესიური დამოკიდებულებიდან), რომ ყველა ამ ნაწარმოებს საფუძვლად უდევს გარკვეულად ჩამოყალიბებული თეოლოგიური კონცეფცია. მაგალითად, მწერლის მიერ “საწადელ თესლში” აღწერილი ორგვარი სახელმწიფოებრივი მმართველობა გამოხატულია ორი თეოლოგიური სისტემის დაპირისპირების საფუძველზე. ამათგან ერთი სწავლება უკავშირდება პელაგიუსის, ხოლო მეორე – ავგუსტინეს სახელებს, ხოლო თავად პერიოდებს ამ მოძღვართა და მათს მოძღვრებათა მიხედვით აქვთ მინიჭებული სახელები: პელაგიუსისეული და ავგუსტინესეული. იმავე რომანის შეფარულ სტრუქტურას განაპირობებს ზიარების საიდუმლოს შინაარსი და აღსრულების წესი.
მწერლის სხვა დისტოპიურ ნაწარმოებებშიც ხშირად ამოიცნობა მწერლის რელიგიურ-თეოლოგიური დამოკიდებულება მომავლის წარმოსახულ მოვლენათა აღსაწერად და საჩვენებლად, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.