29ოქტ,2026
სამართალი და ლიტერატურა - მსოფლიო გამოცდილება და ქართული კონტექსტი
ადგილი:სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
განთავსების თარიღი:11/05/2026
სამართალი კაცობრიობის სამართლებრივი, სახელმწიფოებრივი, სოციალური თუ კულტურული მოწყობისა და დაცვის ერთ-ერთ ფუნდამენტური დარგია. სამართალი არეგულირებს საზოგადოებრივ ურთიერთობებს, განსაზღვრავს პასუხისმგებლობის ფარგლებს და გარკვეულწილად ქმნის სამართლიანობის სამართლებრივ ჩარჩოს. ამავდროულად, კანონისა და სამართლის ცნებები მრავალმნიშვნელობიანი და ხშირად ამბივალენტურია: ერთი მხრივ, სამართალს განიხილავენ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მთავარ გარანტად, მეორე მხრივ კი, იგი ხშირად აღიქმება სოციალური კონტროლისა და ჩაგვრის ინსტრუმენტად.
ეს ამბივალენტურობა განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა ე.წ. მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყნებში − სახელმწიფოებში, რომელთაც ტოტალიტარული ან კოლონიური არსებობის რთული გამოცდილება აქვთ; სადაც კვლავ განსაკუთრებულ პრობლემად რჩება სამართლის ფორმალურ ნორმებსა და მათ პრაქტიკულ აღსრულებას შორის არსებული შეუსაბამობა, ინსტიტუციური პასუხისმგებლობის საკითხები, ეთიკური სტანდარტების დაცვისა თუ მორალური ღირებულებების როლი სამართლებრივ პროცესებში.
ამ თვალსაზრისით, მხატვრული ლიტერატურა მნიშვნელოვან სივრცეს ქმნის არსებული პრობლემებისა და დილემების გააზრებისთვის; მხატვრული ტექსტები პირდაპირ თუ ირიბად აღწერენ სამართლის ფარულ ძალაუფლებრივ მექანიზმებს, წარმოაჩენენ სოციალური უთანასწორობის სხვადასხვა ფორმას, სამართლიანობის ცნების ტრანსფორმაციას და ა. შ.
ვფიქრობთ, ქართული გამოცდილება და თანამედროვე რეალობა განსაკუთრებული სიმწვავით წარმოაჩენს ხსენებულ დილემებს − სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის პრობლემას, სამართლებრივი პრაქტიკის წინააღმდეგობებს, იურისტთა ეთიკისა და ღირებულებების კრიზისს და ა.შ., რაც კიდევ უფრო აძლიერებს აკადემიური სივრციდან პრობლემებზე მსჯელობის ინიცირებისა და კრიტიკული ანალიზის საჭიროებას.
კონფერენცია „სამართალი და ლიტერატურა: მსოფლიო გამოცდილება და ქართული კონტექსტი“ სწორედ ამ საჭიროებაზე პასუხს ისახავს მიზნად. კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი მიესალმება მოხსენებებს, რომლებიც მსოფლიო და ქართულ ლიტერატურაში დამუშავებული სამართლებრივი საკითხებისა და დილემების ფართო ანალიზს გვთავაზობს.
კონფერენციის ძირითადი თემებია (თუმცა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამით):
● სამართლისა და ძალაუფლების ურთიერთმიმართება ლიტერატურულ ნარატივებში; როგორ ყალიბდება და იძენს ლეგიტიმიცაიას სამართლებრივი ავტორიტეტი ცალეკულ სისტემებში და როგორ ახდენს ლიტერატურა ამ პროცესის რეფლქსიას მხატვრულ ტექსტებში;
● ეთიკის, მორალისა და სამართლებრივი პასუხისმგებლობის პრობლემატიკა ლიტერატურაში, მათ შორის, კანონსა და სინდისს შორის კონფლიქტი, სამოქალაქო დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის მხატვრული რეფლექსია;
● „აუტსაიდერის“ ფიგურა და სამართლებრივი სისტემის ფარგლები, ლეგიტიმური პროტესტისა და მისი კრიმინალიზაციის საკითხები, ინდივიდუალური მორალის, სინდისის დაპირისპირება ოფიციალურ სამართლებრივ წესრიგთან;
● სამართლის ფუნქციონირება ტოტალიტარულ და ავტორიტარულ რეჟიმებში, სახელმწიფო ძალადობის ლეგალიზაციის მექანიზმები და სისტემური უსამართლობის ნარატივები ლიტერატურულ ტექსტებში;
● კოლექტიური და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საზღვრები, მორჩილებასა და წინააღმდეგობას შორის მორალურ არჩევანი და სამართლებრივი პასუხისმგებლობის ეთიკური საფუძვლები;
● ტრავმის, ისტორიული მეხსიერებისა და სამართლიანობის ნარატივები, როგორც სოციალური და სამართლებრივი გამოცდილების ლიტერატურული რეფლექსიის ფორმები;
● მარგინალიზებული ჯგუფები ლიტერატურაში: უმცირესობები, პროსტიტუცია, სოციალური გარიყვა და სამართლებრივი რეგულაციები.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების წარმომადგენელ მკვლევრებს, დოქტორებსა და დოქტორანტებს.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა მოხსენების სათაური, აბსტრაქტი (150-200 სიტყვა), 3-5 საკვანძო სიტყვა და მოკლე ბიოგრაფია (100-200 სიტყვა) ქართულ და ინგლისურ ენებზე უნდა გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: conferences@sabauni.edu.ge
მნიშვნელოვანი თარიღები:
აბსტრაქტები მიიღება 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით;
მოხსენების კონფერენციის სამუშაო პროგრამაში ჩართვის თაობაზე უკუკავშირს მიიღებთ 25 სექტემბერს;
კონფერენცია გაიმართება 2026 წლის 29 ოქტომბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში.
კონფერენციის სამეცნიერო კომიტეტი:
გიორგი მესხი (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი); კახაბერ ლორია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); ლევან ცაგარელი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი); ირინე დარჩია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); მზია ჯამაგიძე (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი); დავით მაისურაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი); ნინო ვახანია (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი); ანა გოგილაშვილი (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი); ეკა ვარდოშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); დიმიტრი გეგენავა (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი)
საორგანიზაციო კომიტეტი: მზია ჯამაგიძე; დიმიტრი გეგენავა; ნინო დემინაშვილი; ელენე სიდამონიძე.