
ნინო პაპაჩაშვილი
ოსტფოლდის უნივერსიტეტი, ნორვეგია
ნინო პაპაჩაშვილი, საბაუნის განვითარების კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამით ნორვეგიაში, ოსტფოლდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
ვიზიტის განმავლობაში, პროფესორმა ნორვეგიელი სტუდენტებისათვის, საერთაშორისო ეკონომიკის მიმართულებით ლექციები ჩაატარა. გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრები გამართა სხვადასხვა ფაკულტეტის ნორვეგიელ კოლეგებთან, სადაც დაიგეგმა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ჩართვა მდგრადი განვითრებისა და ცირკულარული ეკონომიკის მიმდინარე პროექტში; კოლეგები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობისა და ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარების გამართვის მიმართულებით.
„Erasmus+-ის პროგრამის მობილობაში მონაწილეობას მრავალმხრივი სარგებელი აქვს: ეცნობი სხვა უნივერსიტეტების ფუნქციონირების საერთო გამოცდილებას, რომელიც პირველ რიგში საუნივერსიტეტო გარემოს გაცნობით იწყება. მაგალითად, ოსტფოლდის საუნივერსიტეტო გარემო გამოირჩევა ბევრი სტუდენტური სივრცით და შესაბამისად სტუდენტზე მაქსიმალურად მორგებული გარემოთი; ამასთან, თითოეულ პროფესორს აქვს ინდივიდუალური სამუშაო სივრცე, რაც ასევე პროფესორებისთვის მიმზიდველს ხდის საუნივერსიტეტო გარემოს; გამოყოფილია სათანადო ადგილები თავისუფალ დროს პროფესორთა და სხვა პერსონალის კომუნიკაციისთვის. დაიგეგმა ერთობლივი კვლევითი პროექტის შედეგად პუბლიკაცია; მდგრადი განვითარების მიმართულებით საბაუნის ჩართვა ოსტფოლდის უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტში; კომპიუტერულ მეცნიერებათა, ინჟინირინგის და ეკონომიკის დეპარტამენტის პროფესორების ჩართვა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მიერ დაგეგმილ აქტივობებში (პროგრამების გარე შეფასება, საერთაშორისო კონფერენცია, განვითარების კვლევების ინსტიტუტის სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარები, განვითარების კვლევების ინგლისურენოვანი ჟურნალის გამოცემა), რაც ხელს შეუწყობს საბაუნის პროფესორთა კვლევითი პოტენციალის რეალიზაციას, პროფესიონალიზმის დონის ამაღლებას, კურიკულუმის განვითარებას და საერთო ანგარიშით, საბაუნის ინტერნაციონალიზაციას“ - ნინო პაპაჩაშვილი.
პროფესორ ნინო პაპაჩაშვილის Erasmus+ აკადემიური მობილობა ოსტფოლდის უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 8-12 აპრილს განხორციელდა. აღნიშნული პროგრამით საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება აქვთ ერთ სემესტრიანი მობილობით ისწავლონ ნორვეგიულ უნივერსიტეტში.