ფაკულტეტის შესახებ
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მისიაა, მოამზადოს კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი, მაღალი სამართლებრივი კულტურისა და პროფესიული ეთიკის მქონე იურისტები.
სამართლის ფაკულტეტი დაკომპლექტებულია როგორც პრაქტიკოსი ლექტორებით, ისე მაღალკვალიფიციური მეცნიერ-იურისტებით, რომელთა ლექციები მიმდინარეობს სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. ამასთანავე, ყოველ სემესტრში ფაკულტეტს სტუმრობს არაერთი უცხოელი პროფესორი, რომლებიც სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს მასტერკლასებს უტარებს.
სამართლის ფაკულტეტზე მოქმედებს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რომლებიც სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე და ექსკლუზიურ სასწავლო კურსებს, როგორებიცაა, მაგალითად, ბლოკჩეინის სამართალი, სოციალური მედიის სამართალი, კერძო და საჯარო სამართლის თანამშრომლობის სამართალი, დანაშაული და მედია და სხვა. ამასთანავე პროგრამები მუდმივი განახლების პროცესშია, რათა სტუდენტებს შესთავაზოს ახალი სასწავლო საგნები, რომლებიც მათ გამოადგებათ პრაქტიკაში და გახდის კონკურენტუნარიანს შრომის ბაზარზე.
სამართლის ფაკულტეტი დიდ ყურადღებას უთმობს სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ამ მიზნით. ფაკულტეტი სტუდენტებს ხელს უწყობს, რათა ისინი ჩაერთონ სხვადასხვა პროექტში, იმიტირებულ პროცესებში, კონფერენციებსა თუ სხვა სახის აქტივობებში.
ფაკულტეტის ორგანიზებით წელიწადში რამდენჯერმე ეწყობა სტუდენტური კონფერენციები. ასევე, ყოველწლიურად გამოიცემა სტუდენტური ჟურნალი Magister legum, რომელშიც სტატიების გამოქვეყნების შესაძლებლობა აქვთ როგორც საბაუნის, ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს. ასევე, დანაშაულისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ცენტრის ფარგლებში გამოიცემა ყოველწლიური კრებული კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის საკითხები.
ფაკულტეტის ფარგლებში გამოიცემა საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი orbeliani law review. სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ავტორიტეტული მეცნიერები.
ფაკულტეტი თანამშრომლობს სხვადასხვა საჯარო თუ კერძო დაწესებულებასთან, სადაც სტუდენტები იგზავნებიან როგორ სასწავლო ვიზიტებზე, ისე პრაქტიკისა და სტაჟირების გასავლელად.
ფაკულტეტზე აქტიურად მიმდინარეობს სამეცნიერო საქმიანობა. გამოიცა არაერთი სახელმძღვანელო და სტატია. მათ შორის ზოგიერთი მათგანი შეტანილია არა მარტო საბაუნის, არამედ სხვა უნივერსიტეტების სამართლის სასწავლო კურსების სილაბუსებშიც.
ფაკულტეტზე მოქმედებს რამდენიმე კვლევითი ცენტრი და სამართლის ინსტიტუტი, ესენია:
-
დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი
-
დანაშაულისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ცენტრი
-
ანტიდისკრიმინაციული სამართლის ცენტრი
-
ტრეფიკინგის კვლევითი ცენტრი
ფაკულტეტზე ასევე ფუნქციონირებს იურიდიული კლინიკა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს სთავაზობს უფასო იურიდიულ დახმარებას.
კვლევით ინსტიტუტსა და ცენტრებში ლექტორებთან ერთად ჩართულები არიან დაინტერესებული სტუდენტებიც, რაც ხელს უწყობს სტუდენტებში სამეცნიერო და სოციალური კვლევების უნარების გამომუშავებას.
2020 წლიდან საბაუნის სამართლის ფაკულტეტი არის ევროპის სამართლის სკოლების ასოციაციის (ELFA) წევრი. საბაუნის ინიციატივით 2022 წლის აპრილში ELFA-ს კონგრესზე ამ ორგანიზაციის წევრობა შეუჩერდათ რუსულ უნივერსიტეტებს.
საბაუნის სამართლის ფაკულტეტი აქტიურად თანამშრომლობს მრავალი ევროპული უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია ურთიერთობა ისეთ ცნობილ ევროპულ საგანმანათლებლო ცენტრებთან, როგორებიცაა ლუბლინის იოანე პავლე II-ის სახელობის კათოლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი), მარია კიური-სკლოდოვსკას უნივერსიტეტი (პოლონეთი), ლიონის და ლილის კათოლიკური უნივერსიტეტები (საფრანგეთი), სარაგოსას უნივერსიტეტი (ესპანეთი), პაზმანი პეტერის კათოლიკური უნივერსიტეტი (უნგრეთი), მალტას უნივერსიტეტი (ესპანეთი), სარაგოსა და კადისი (ესპანეთი), კვიპროსის უნივერსიტეტი (კვიპროსი), ოლომოუცის უნივერსიტეტი (ჩეხეთი), უნივერსიტეტი ლუმსა (იტალია) და სხვა.
სტუდენტებს ვთავაზობთ გაცვლით პროგრამებს უცხოურ უნივერსიტეტებში როგორც Erasmus + -ის, ისე ბილატერალური ხელშეკრულების ფარგლებში. შესაბამისად, ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში ყოველ სემესტრში იგზავნება სამართლის ფაკულტეტის რამდენიმე სტუდენტი.
საბაუნის სამართლის ფაკულტეტს აქვს მრავალი გეგმა და პროექტი, რომლებიც განხორციელდება ეტაპობრივად და სტუდენტებს მრავალ სიახლეს შესთავაზებს.