კვლევითი საქმიანობა
კვლევითი საქმიანობა
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი საუნივერსიტეტო საქმიანობის ფართო სპექტრს მოიცავს. იგი კონცენტრირებულია მეცნიერების სხვადასხვა მიმართულებით, კვლევითი საქმიანობა უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულებაა, რისი შედეგებიც ასახვას ჰპოვებს სწავლა-სწავლების პროცესში.
ორი ათეული წლის განმავლობაში უნივერსიტეტში კვლევის სხვადასხვა მიმართულება განვითარდა და ჩამოყალიბდა რამდენიმე სამეცნიერო-კვლევითი ერთეული, რამაც კვლევების ინსტიტუტიონალიზაციას შეუწყო ხელი. უნივერსიტეტის კვლევით მიმართულებას მნიშნველოვანწილად ისიც განაპირობებდა, რომ თავდაპირველად იგი შეიქმნა როგორც კვლევითი ინსტიტუტი, რომელმაც შემდეგში მალევე საგანმანათლებლო საქმიანობასაც მიჰყო ხელი და ამ ინსტიტუციური მემკვიდრეობის განვითარებას უწყვეტად განაგრძობს.
უნივერსიტეტის ბაზაზე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება. საწყის ეტაპზე ძირითადად განისაზღვრებოდა ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების იმ სფეროებით, რომლებიც პარალელურად საგანმანათლებლო პროგრამებით იფარება, ან ამ პროგრამების ფარგლებში მომიჯნავე, ინტერდისციპლინური დარგებია. გამოწვევების გათვალისწინებითა და კვლევითი სფეროების გაფართოების შედეგად, გამოიკვეთა ახალი კვლევითი მიმართულებები მედიცინისა და ტექნოლოგიების კვლევების მხრივ. უნივერსიტეტი აპირებს ამ სფეროთა ათვისებას და კვლევითი რესურსის მიმართვას შესაბამისი მაღალი ხარისხის სამეცნიერო პროდუქტის შექმნისკენ. სამეცნიერო-კლევითი საქმიანობის დაგეგმვა და წახალისება ხორციელდება სპეციალური წესის შესაბამისად, ხოლო ზოგადსაუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევითი სტრატეგია გათვალისწინებულია უნივერსიტეტის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა უნივერსიტეტის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს და სამ ძირითადად ამოცანას აერთიანებს: კვლევების კომერციალიზაცია; კვლევის რეპუტაციის გაზრდა; უნივერსიტეტის გამომცემლობის ინტერნაციონალიზაცია.
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა მუდმივად განახლებადი პროცესია, რომელსაც ყოველწლიურად ფაკულტეტების, აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და აკადემიური საბჭოს ჩართულობით ახორციელებს უნივერსიტეტი. დაგეგმვისა და გეგმის რეალიზების მიმდინარეობა უწყვეტი ჯაჭვია, რომელიც აგებულია პრინციპზე: ფაკულტეტი - ადმინისტრაცია - აკადემიური საბჭო - ფაკულტეტი. ფაკულტეტების საბჭოები, აკადემიური პერსონალისა და კვლევითი ერთეულების ხელმძღვანელების ჩართულობით, ფაკულტეტების დეკანებისა და აკადემიური კვლევის
დაგეგმვისა და განვითარების მენეჯერის კოორდინაციით განსაზღვრავს ფაკულტეტების წლიურ კვლევით პრიორიტეტებსა და ძირითად მიმართულებებს.
ფაკულტეტების მიერ განსაზღვრული წლიური კვლევითი პრიორიტეტებისა და ძირითადი მიმართულებების შეჯერების შემდეგ აკადემიური კვლევის დაგეგმვისა და განვითარების მენეჯერი, პრორექტორთან შეთანხმებით, აკადემიურ საბჭოს წარუდგენს ანგარიშს საერთო-საუნივერსიტეტო სამეცნიერო-კვლევითი პრიორიტეტებისა და ძირითადი მიმართულებების შესახებ, რის საფუძველზეც აკადემიური საბჭო განიხილავს და ამტკიცებს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პრიორიტეტებისა და ძირითადი მიმართულებების პოლიტიკას. უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პრიორიტეტებისა და ძირითადი მიმართულებების პოლიტიკის შესაბამისად, ფაკულტეტების საბჭოები, აკადემიური კვლევის დაგეგმვისა და განვითარების მენეჯერთან კონსულტაციით, ადგენენ ფაკულტეტების სამეცნიერო-კვლევით სამოქმედო გეგმას, რომლის მიხედვითაც, აკადემიური პერსონალი და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები განსაზღვრავენ თავიანთ ინდივიდუალურ კვლევით გეგმებს.
წელიწადში ერთხელ, სემესტრებს შორის პერიოდში აკადემიური კვლევის დაგეგმვისა და განვითარების მენეჯერი უზრუნველყოფს აფილირებული აკადემიური პერსონალის გამოკითხვას კვლევითი საჭიროებების, ხელშეწყობის შესაძლო ღონისძიებებისა და მიმდინარე კვლევების მდგომარეობის შესახებ, რის შემდეგაც იგი პრორექტორთან შეთანხმებით, ადამიანური რესურსების მენეჯერთან კოორდინაციით გეგმავს კვლევითი და სხვა საჭირო უნარების განმავითარებელ ღონისძიებებს.
უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიონობის ძირითადი მიმართულებებია თეოლოგია და რელიგიის კვლევები;
- სამართალი და საჯარო მმართველობა;
- ბიზნესის ადმინისტრირება;
- მენეჯმენტი და განვითარების კვლევები;
სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები. ამ დარგებს ემატება მედიცინა და ინფორმაციული ტექნოლოგიები, რომელთა ფარგლებში კიდევ უფრო დავიწროვდება მიმართულებები და კონცენტრაცია მოხდება სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად, დარგის გამოწვევებისა და ქვეყნის, საზოგადოების საჭიროებიდან გამომდინარე.
ამ მიმართულებებით უნივერსიტეტის სახელით განხორციელებულია რამდენიმე ასეული კვლევა, ამასთან, უნივერსიტეტის მიერ გამოცემული წიგნები, თარგმანები და სახელმძღვანელოები ინტეგრირებულია საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების კურიკულუმებში თეოლოგიის, რელიგიის კვლევების, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით, რაც ხაზს უსვამს უნივერსიტეტის მიერ გამოყენებით კვლევებზე განსაკუთრებულ ყურადღებას. განსაკუთრებული პრიორიტეტია კვლევების კომერციალიზაცია, რომელიც ამ ეტაპზე წარმატებით დაინერგა და პოპულარული, კურიკულუმებში ინტეგრირებული სახელმძღვანელოების კომერციალიზაციის შედეგად ფინანსდება სხვა კვლევითი საქმიანობის შედეგების, გამოცემების მომზადება და დაბეჭდვა, ასევე, მათი განთავსება ინტერნეტსივრცეში თავისუფალი წვდომისთვის, რაც უფრო მეტად ზრდის უნივერსიტეტისა და მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ცნობადობასა და გავლენას მეცნიერების კონკრეტულ დარგებზე. დაგეგმილია კვევითი საქმიანობის კომერციალიზაციის გაძლიერება და განვითარება. უნივერსიტეტი გამოსცემს დარგობრივ და ინტერდისციპლინურ პერიოდულ აკადემიურ ჟურნალებს: „დიალოგი“ (2004 წლიდან); „სამართლის მეთოდები“ (2017 წლიდან); „ორბელიანი“ (2019 წლიდან); “Journal of Development Sudies” (2020 წლიდან); „Orbeliani Law Review“ (2022 წლიდან).
უნივერსიტეტში კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობა ხორციელდება როგორც აკადემიური პერსონალის მიერ ინდივიდუალურად, ისე ამისათვის შემქნილი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების ფარგლებში. კვლევითი საქმიანობის ინსტიტუციონალიზაციის ფარგლებში გადაიხედა და შეფასდა კვლევითი ერთეულების საქმიანობა, შედეგად კი უნივერსიტეტში არსებობა გააგრძელა იმ ერთეულებმა, რომლებიც რეალურ პროდუქტს ქმნიდნენ, მათი საქმიანობა მხარდაჭერილი იყო თავად მკლევარი აკადემიური პერსონალის მიერ და რომელთაც მყარად ჩამოყალიბებული სამეცნიერო იდენტობა ჰქონდათ. ამასთან, უნივერსიტეტი გაძლიერდა ინსტიტუციურად ა(ა)იპ „დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით, რომელიც სრულიად ინტეგრირდა უნივერსიტეტის სტრუქტურაში და რომელიც სრულად აფილირებულია უნივერსიტეტთან. დღეისათვის უნივიერსიტეტში მოქმედებს შემდეგი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები:
- ეკლესიის სოციალური სწავლების ცენტრი,
- თეოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტი,
- დანაშაულისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ცენტრი, ანტიდისკრიმინაციული სამართლის ცენტრი,
- დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი,
- განვითარების კვლევების ინსტიტუტი,
- მიშელ მუსხელის ინსტიტუტი.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში მოქმედებს სამართლის, საჯარო მმართველობისა და თეოლოგიის სადოქტორო პროგრამები, სიზუსტით განსაზღვრავს დოქტორანტების სამეცნიერო ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობებს.
კვლევის ინტერნაციონალიზაცია
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისთვის კვლევისა და განვითარების მხარდაჭერის შედეგზე ორიენტირებულ, მოქნილ და ეფექტურ სისტემას, რომლის მიზანია წაახალისოს კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობა უნივერსიტეტში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, რომელიც უნივერსიტეტს საჯარო უნივერსიტეტებთან შედარებით, გაცილებით ფართო სამოქმედო სივრცეს აძლევს და კოლეგიური თუ სათათბირო ორგანოების არსებობის ვალდებულება არ გააჩნია, საბაუნიმ შუალედური გზა აირჩია. ამან განაპირობა, რომ მხარდამჭერის მექანიზმები არა მხოლოდ არსებობს, არამედ ეფექტიანიცაა და იმავდროულად, გამჭვირვალე და სამართლიანი პროცედურით უზრუნველყოფილი.
აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების კვლევითი საქმიანობა მხარდაჭერილია როგორც საფაკულტეტო, ისე საუნივერსიტეტო დონეზე. ფაკულტეტები თავად ადგენენ პრიორიტეტულ მიმართულებებს და წყვეტენ სამეცნიერო-კვლევების რა მიმართულებაზე მიმართონ დაფინანსება, ასევე რა სახის პროექტები, კვლევითი განაცხადები და სამეცნიერო მივლინენებები იქნეს მხარდაჭერილი. საფაკულტეტო დონეზე აკადემიური შესაძლებლობების გარდა არსებობს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის შესაძლებლობა, დაფინანსებისთვის მიმართონ აკადემიურ საბჭოს, რომელიც განიხილავს განაცხადებს ფაკულტეტებთან და აკადემიური კვლევის დაგეგმვისა და განვითარების მენეჯერთან კოორდინაციით, იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას დაფინანსების თაობაზე.
წარმატებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის აკადემიური პერსონალისაც და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისთვის დადგენილია წახალისების სხვადასხვა ფორმა, როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური სახით. კვლევით და შემოქმედებით საქმიანობაში მიღწეული წარმატებების თაობაზე ინფორმაციის გავრცელება და კვლევითი რეპუტაცია მხარდაჭერილია უნივერსიტეტის მიერ ოფიციალური და სოციალური მედიის საშუალებების გამოყენებით. მხარდაჭერის განსაკუთრებული ღონისძიებებია გათვალისწინებული უნვიერსიტეტის აფილირებული პერსონალისთვის. უნივერსიტეტი აფინანსებს როგორც გამოცემის რედაქტირებისა და ბეჭდვის ხარჯებს, ისე სხვა პერიოდულ ჟურნალებში სტატიების გამოქვეყნების ადმინისტრაციულ მოსაკრებლებს.
უნივერსიტეტი ორიენტირებულია ახალგაზრდა მკვლევარებისა და პედაგოგების მოზიდვაზე, რასაც მოწმობს კიდევ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართული პირების საშუალო ასაკი. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ახალგაზრდა კადრების ჩართვას კვლევით საქმიანობაში როგორც პროფესორების ზედამხედველობის, ისე პროფესორებისა და სტუდენტების ერთობლივი კვლევების მიმართულებით. საბაუნის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები აქვეყნებენ სამეცნიერო-კვლევით ნაშრომებს, მონაწილეობენ სამეცნიერო კონფერენციებში, აღსანიშნავია კურსდამთავრებულთა ჩართულობა როგორც კლევის, ისე განმავითარებელი ღონისძიებების მიმართულებით. სადოქტორო პროგრამის ფარგლებში თითოეული დოქტორანტი ეწევა მნიშვნელოვან კვლევას, რომელთა გამოქვეყნებაც უზრუნველყოფილია უნივერსიტეტის მიერ. დოქტორანტებისთვის მოქმედებს კვლევითი უნარების განმავითარებელი ღონისძიებები, ასევე სპეციალური მცირე კვლევითი გრანტები და სტიპენდიები. დოქტორატურის განვითარების პარალელურად, სამომავლოდ იგეგმება პოსტსადოქტორო პროგრამებზე მუშაობა და დანერგვა, რაც მეტ საშუალებას მისცემს არა მხოლოდ საბაუნისთან დაკავშირებულ ახალგაზრდა მკვლევარებს, არამედ უნივერსიტეტს მიღმა სივრციდან დაინტერესებულ პირთა მოზიდვასა და საუნივერსიტეტი სწავლება-სწავლა-კვლევის პროცესში ჩართვას.
საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევით პროექტებში უნივერსიტეტის ჩართულობის გაზრდის მიზნით, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს აკადემიური/მოწვეული პერსონალისა და მკვლევრების ინფორმირებულობასა და კვლევითი პროექტებში მათი მონაწილეობის მხარდაჭერას. უნივერისიტეტის პერსონალს და სტუდენტებს უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებათ ინფორმაცია ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო გრანტების შესახებ, დაინტერესებულ პირებს უტარდებათ ინდივიდუალური კონსულტაციები. უნივერსიტეტი სისტემატურად ატარებს კვლევითი საქმიანობის განმავითარებელ ღონისძიებებს, ტრენინგებს კვლევითი პროექტის წერის, საგრანტო პროექტის მართვის, სამეცნიერო წყაროების მოძიების, აკადემიური ონლაინპლატფორმების შესახებ.
უნივერსიტეტის კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაცია უზრუნველყოფილია ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და მექანიზმების დოკუმენტით, უნივერსიტეტის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით, ასევე კვლევითი საქმიანობის მხარდამჭერი მექანიზმებით, კვლევითი პროდუქტის ხარისხის შეფასების მექანიზმებითა და პერსონალის პროდუქტიულობის შეფასების სისტემით. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კვლევით პროექტებში, აქვს მუდმივმოქმედი საერთაშორისო კონფერენციები, გამოსცემს საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებს, რომლებიც ეტაპობრივად ინტეგრირდება სხვადასხვა საერთაშორისო ინდექსაციის სისტემაში, რაც ზრდის მათ ცნობადობასა და პრესტიჟს. ამავე მიზნით ცალკე შეიქმნა ჟურნალების ელექტრონული პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს გუგლის ინდექსაციის სისტემაში ასახვასა და DOI-ის მინიჭებას ინდივიდუალურად სტატიებისთვის. უნივერსიტეტის პერსონალი მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და სხვა სახით აკადემიურ ღონისძიებებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, აქვთ ექსკლუზიური დაშვება საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებსა და ბიბლიოთეკებზე. სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვის წარმატებით შესრულებისათვის დადგენილია წახალისებისა და მოტივაციის შესაბამისი მექანიზმები.
პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად ხორციელდება ორმხრივი და მრავალმხრივი გაცვლითი პროექტები. საბაუნის აკადემიური პერსონალი მონაწილეობს რუსთაველის ფონდისა და DAAD-ის ერთობლივ კვლევით სტიპენდიებში, USAID-ის, KAAD-ის, IRZ-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე პოლონეთისა და სლოვაკეთის სახელმწიფო კვლევით კონკურსებსა და საგრანტო პროექტებში. მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობაა ნოტრ დამის უნივერსიტეტი (ინდიანა, აშშ) ნანოვიკის ინსტიტუტთან, რომლის ფარგლებშიც წელიწადში რამდენიმე მკვლევარი მონაწილეობს მენდოზას ბიზნესის სკოლის მასშტაბურ „ლიდერობის სკოლაში“, ხოლო წელიწადში ერთი მკვლევარი მაინც იღებს კვლევით სტიპენდიას კვლევის ნოტრ დამის უნივერსიტეტში გასახორციელებლად. ყოველწლიურად ათობით მკვლევარს მასპინძლობს უნივერსიტეტი, რის შედეგადაც უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად იგეგმება ერთობლივი ღონისძიებები, კვლევითი აქტივობები, მათ შორის, იხსნება უცხოურ აკადემიურ ჟურნალებში ნაშრომების უსასყიდლოდ გამოქვეყნების შესაძლებლობები. ასეთი თანამშრომლობის შედეგია საბაუნის პროფესორებისთვის ექსკლუზიური შესაძლებლობები ისარგებლონ კომენიუსის უნივერსიტეტის, ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის, უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტი, რუჟომ ბეროკის უნივერსიტეტის და ა.შ. სამართლის, რელიგიის კვლევების, ბიზნესის და სხვა სფეროების ჟურნალებში სტატიათა გამოქვეყნებით.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ხორციელდება შემდეგი პრინციპით: დაგეგმე-განახორციელე-შეაფასე. რაოდენობრივი მაჩვენებელი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მიმართულებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა შეუძლებელია კვლევის ხარისხი შეფასდეს მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლით, მით უმეტეს მაშინ, როდესაც უნივერსიტეტისთვის განმსაზღვრელია არა ფორმალური კვლევა, არამედ კვლევის რეპუტაცია და ხარისხი. ამის გათვალისწინებით, საბაუნიში არსებულ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაგეგმვის წესსა და მექანიზმს ლოგიკურად მისდევს განხორციელებული საქმიანობის შეფასების მექანიზმები, რომელთა საშუალებითაც მოწმდება და ფასდება როგორც ინდივიდუალური, ისე სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების აკადემიური საქმიანობა. აქვე აღსანიშნავია, რომ ყველა ეს მექანიზმი და პროცედურა ეხება აფილირებულ პერსონალს, ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სწორედ მათი სამეცნიერო საქმიანობა შეიძლება ჩაეთვალოს უნივერსიტეტს.
აფილირებული აკადემიური პერსონალი და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები ვალდებულნი არიან წლიურად შეასრულონ მინიმალური სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვა, რომელიც თავის თავში კუმულაციურად მოიცავს როგორც უშუალოდ კვლევით საქმიანობას, ისე სამეცნიერო-განმავითარებელ ღონისძიებებს. აღნიშნული მინიმალური დატვირთვა ფასდება ქულებით, რომლებიც ღონისძიებისა თუ კვლევითი პროდუქტის მიხედვით სახესხვაობს. თითოეული შეფასება ეყრდნობა საქართველოში კვლევით სფეროში აქტივობების განზოგადებულ და გაშუალებულ მაჩვენებელს, რომელიც გაანალიზებულია და მიმართულია საბაუნის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო გამოცდილებასთან. დარგობრივად შეფასებები სისტემატურად ახლდება და გადაიხედება. მინიმალური სამეცნიერო დატვირთვა არ გულისხმობს, რომ მხოლოდ მინიმალური სტანდარტია შესასრულებელი, მისი წარმატებით დაძლევისა და დამატებითი აქტივობებისთვის გათვალისწინებულია წახალისების სხვადასხვა ფორმა.
აკადემიური პერსონალსა და სამეცნიერო-კვლევით ერთეულებს აქვთ ვალდებულება, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, შესაბამისი წესით განსაზღვრულ ვადებში, ხარისხის მართვის სამსახურს წარუდგინონ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ანგარიშები. ხარისხის მართვის სამსახური აანალიზებს და აფასებს წლიურ ანგარიშებს ინდივიდუალურად და შეჯამებულ, განზოგადებულ მოხსენებას წარუდგენს ფაკულტეტის დეკანებსა და აკადემიურ საბჭოს, რომელიც ითვალისწინებს მას მომავალი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პრიოტეტების დაგეგმვისას.
ხარისხის მართვის სამსახური წლიური შეფასებისას იყენებს აკადემიური პერსონალისა და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების შესაბამის ანგარიშებს, ანგარიშებში მითითებული აკადემიური პროდუქტებისა და კვლევითი ღონისძიებების შესახებ დამატებით ინფორმაციას, გამოქვეყნებული ნაშრომების თემატიკის შესაბამისობას დარგის თანამედროვე კვლევების თემატიკასთან, ციტირების ინდექსს, კვლევით რეპუტაციასა და ცნობადობას ქართულ და საერთაშორისო ბიბლიომეტრიკულ სივრცეებში, ნაშრომების გამოქვეყნების ჟურნალების რეიტინგს, ნაშრომების კურიკულუმებსა და სილაბუსებში გამოყენების დინამიკას და ა.შ. შუალედური და წლიური შეფასება ანალიტიკურად დგება და მიეწოდება შესაბამის ადრესატებს, ამ შეფასებების აკუმულირებული, ნაერთი ინფორმაცია კი აისახება ხარისხის მართვის სამსახურის წლიურ ანგარიშში, რომელსაც იგი წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.
აკადემიურ პერსონალს, რომელიც განმეორებით, მეორე წელსაც ვერ შეასრულებს მინიმალურ სამეცნიერო-კვლევით დატვირთვას, შეიძლება შეუწყდეს აფილირების შეთანხმება, რაც გათვალისწინებულია შესაბამისი წესით. თითოეულ აკადემიურ პერსონალთან, რომელიც ვერ შეასრულებს სამეცნიერო დატვირთვას, აკადემიური კვლევის დაგეგმვისა და განვითარების მენეჯერი და ფაკულტეტის დეკანი მართავენ კონსულტაციას შესაბამისი მიზეზების დადგენის, ხელშემშლელი გარემოებების გამოსწორებისა და სამომავლო პრევენციისთვის. რაც შეეხება სამეცნიერო-კვლევით ერთეულებს, რომლებიც ვერ ასრულებენ მინიმალურ სამეცნიერო-კვლევით დატვირთვას, ეძლევათ შესაბამისი ვადა საქმიანობის გაუმჯობესებისთვის. მათ მიერ მინიმალური სტანდარტის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეიძლება დადგეს ამ ერთეულების გაუქმების საკითხი.
სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და მისი შეფასების შესახებ ინფორმაცია აისახება უნივერსიტეტის საქმიანობის წლიურ ანგარიშებში, პერსონალური მონაცემებისა და პირადი ინფორმაციის დაცვის სტანდარტის შესაბამისად.
ანტიპლაგიატი და პლაგიატთან ბრძოლა
უნივერსიტეტს შემუშავებული აქვს პლაგიატის პრევენციის, აღმოჩენისა და პლაგიატზე რეაგირების წესი, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში სამეცნიერო და აკადემიურ საქმიანობას და დაიცვას აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმები. აღნიშნული წესი ვრცელდება უნივერსიტეტის პერსონალსა და სტუდენტებზე, ასევე ნებისმიერ პირზე რომელიც მონაწილეობს უნივერსიტეტის ეგიდით ჩატარებულ სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ან აქვეყნებს ნაშრომს უნივერსიტეტის გამოცემაში. დამტკიცებამდე შემუშავებულ დოკუმენტს განიხილავს თითოეული ფაკულტეტის საბჭო. აღნიშნული პროცესით უზრუნველყოფილია ყველა მხარის მონაწილეობა. დოკუმენტი მტკიცდება რექტორის ბრძანებით.
უნივერსიტეტში მოქმედებს პლაგიატის პროგრამა „StrikePlagiarism.com“.პროგრამა სისტემურად უზრუნველყოფს, მოიძიოს და მოახდინოს სხვა წყაროდან ამოღენული ინფორმაციის იდენტიფიცირება. StrikePlagiarism.com-ის სისტემაში ნაშრომის შემოწმება ხდება უნივერსიტეტის მიერ (სასწავლო კურსის ხელმძღვანელი, საკვალიფიკაციო ნაშრომის ხელმძღვანელი, პროგრამის ხელმძღვანელი ან სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი) სპეციალურად შექმნილი ანგარიშების საშუალებით. ნაშრომების განთავსება ხდება ღია სივრცეში რაც ხელს უწყობს ცნობადობის ამაღლებასა და ახდენს პლაგიატის გამოვლენის პრევენციას. პლაგიატის დადასტურების შემთხვევაში სტუდენტის ნაშრომი უქმდება. სამაგისტრო და სადისერტაციო ნაშრომებში პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ნაშრომი არ ფასდება, სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა ნაშრომი წარადგინოს შემდეგ სემესტრში.